Accessibility links

logo-print

პუტინის ეჭვების, გაეროს თეორიული შანსისა და ქართული ტაძრების ”რესტავრაციის” კვირა


ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრემიერ-მინისტრი

ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრემიერ-მინისტრი

კვირის დასაწყისში გაირკვა, რომ ვლადიმირ პუტინი ამერიკას რევანშისტულად განწყობილი საქართველოს კვლავინდებურად შეიარაღებაში, ანუ, ლოგიკურად, ომისთვის მზადების ხელშეწყობაში ადანაშაულებს. 30 აგვისტოს გაზეთ „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, როდესაც შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის პოლიტიკაზე ლაპარაკობდა, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ამ პროცესის შემაფერხებელი 2 მაგალითი დაასახელა. აქედან მეორე მაგალითი ანტისარაკეტო თავდაცვის ელემენტების - რადარისა და გადამტაცის - ევროპაში განთავსების კრემლისთვის მიუღებელ ამერიკულ გეგმას უკავშირდება, პირველ მაგალითში კი კრემლის პრემიერ-მინისტრი საქართველოზე ლაპარაკობს:

საქართველოსა და შეერთებულ შტატებს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა საკმაოდ დიდი ხანია აქვთ, სერიოზული იარაღი ჩვენ ამერიკიდან არ მიგვიღია ...
”მაგალითად, მიმდინარეობს საქართველოს შემდგომი გადაიარაღება. რატომ? ეს ხომ რეალურია. ხომ ვხედავთ... რომ არ ყოფილიყო გადაიარაღება 2 წლის წინათ, არც აგრესია იქნებოდა და არც სისხლი, რომელიც იქ დაიღვარა... მაგრამ, სხვათა შორის, ხომ ეუბნებოდნენ ჩვენს პარტნიორებს ამის შესახებ, მათ შორის - ჩვენი ევროპელი მეგობრებიც ეუბნებოდნენ... მაგრამ ყველა ჩუმდებოდა. და რით დასრულდა ეს? ომამდე მიიყვანეს საქმე... ახლა კი გადაიარაღებას განაგრძობენ.”

ვლადიმირ პუტინის ამ სიტყვებს ქართველი ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ”გაღმა შედავების” მცდელობად აფასებს, რადგანაც საქართველოს შეიარაღებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას საერთო არაფერი აქვს სიმართლესთან. პუტინის მიერ გამოთქმულ ეჭვებს, რადიო თვისუფლებასთან საუბრისას, ”სამწუხაროდ, უსაფუძვლოს” უწოდებს სამხედრო სფეროს ექსპერტი, ჟურნალ ”არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი:

”არავითარი სერიოზული შეიარაღება ამერიკიდან არ შემოდის და, სიმართლე რომ ვთქვათ, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა საკმაოდ დიდი ხანია აქვთ, სერიოზული იარაღი ჩვენ ამერიკიდან არ მიგვიღია. M4 ტიპის ავტომატურ კარაბინებს რაც შეეხება, საქართველომ ისინი აგვისტოს ომამდე კერძო ფირმასთან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე შეისყიდა... ომამდეც ასე იყო.”

საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდებაზე უარის თქმის ფაქტს ვაშინგტონში მშვიდობიანი პოლიტიკის მხარდაჭერით ხსნიან. მაგალითად, 29 ივნისს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფილიპ გორდონმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ვაშინგტონის ამოცანა "დაძაბულობის შემცირება“ და იმის მიღწევაა, რომ რუსეთმა შეასრულოს 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

ეს არ იქნება როგორც სამშვიდობო ძალები. არა... ეს შეიძლება იყოს ერთგვარი სამეთვალყურეო საგუშაგოები - გაეროსი ჩვენს მხარეს და ევროკავშირისა - საქართველოს მხარეს ...
რუსეთი კი ხსენებული ვალდებულებების შესრულებას არ აპირებს და სულ უფრო აქტიურად განაგრძობს თავისი ზეგავლენის გაძლიერებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოში. ამ ფონის გათვალისწინებით, ანალიტიკოსებს ერთგვარად უსაფუძვლოდ მოეჩვენათ მიმდინარე კვირაში გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს სოხუმი მზად იყოს რეგიონში გაეროს მისია დააბრუნოს. ხმაურიანი მსჯელობა და ინტერპრეტაციები ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი რადიოს რუსულენოვანი პროგრამის ”ეხო კავკაზას” მიერ მოპოვებულ ინფორმაციას მოჰყვა. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავარმა წარმომადგენელმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ვიაჩესლავ ჩირიკბამ 31 აგვისტოს სწორედ ”ეხო კავკაზასთვის” მიცემულ ინტერვიუში ახსენა გაერო, როგორც ერთ-ერთი სავარაუდო მონაწილე რეგიონის მშვიდობიანი მომავლის შექმნაში:

”ეს არ იქნება როგორც სამშვიდობო ძალები. არა... ეს შეიძლება იყოს ერთგვარი სამეთვალყურეო საგუშაგოები - გაეროსი ჩვენს მხარეს და ევროკავშირისა - საქართველოს მხარეს. ისინი დააფიქსირებდნენ სიტუაციებს და ანგარიშებს მოამზადებდნენ, თუკი დაძაბულობის რაიმენაირი ესკალაცია იჩენდა თავს. ყოველ შემთხვევაში, მათ არენა რომ ჰქონდეთ, სადაც შეძლებენ დარღვევებზე ლაპარაკს.”

ჩვენი რადიოს რუსულენოვან პროგრამასთან საუბრისას იგივე ჩირიკბა არ გამორიცხავდა, რომ დე ფაქტო საზღვრის ორივე მხარეს მეთვალყურეების განთავსების საკითხი ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების რეალიზაციის მექანიზმის ერთ-ერთ ელემენტად იქნეს განხილული იმ ახალ პროექტში, რომელსაც სოხუმის ლიდერები ჟენევაში მომდევნო რაუნდზე - 14 ოქტომბერს - წარადგენენ.

ამ ინფორმაციამ თბილისის ექსპერტულ წრეებში თითქმის ერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. თითქმის არავინ დაიჯერა, რომ კრემლის ძალისხმევით რეგიონიდან 2009 წელს გაძევებულ გაეროს სოხუმის დე ფაქტო ლიდერები იმავე კრემლთან შეუთანხმებლად მიიწვევენ უკან. როგორც, მაგალითად, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონი გაეროს მისიას იქ ძველი სახელით, ანუ საქართველოში მოქმედი მისიის სახელით არ დაუშვებს და აუცილებლად მოითხოვს, რომ მას დამოუკიდებელ აფხაზეთში მოქმედი მისია ეწოდოს. შეგახსენებთ, რომ ვეტოს უფლება რუსეთმა სწორედ ამგვარი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ გამოიყენა.

მედიის ხმაურის ფონზე, როგორც ჩანს, ვიაჩესლავ ჩირიკბამ ზოგიერთი დეტალის დაზუსტების აუცილებლობა დაინახა. 2 სექტემბერს გაკეთებული განმარტებებიდან ირკვევა, რომ გაეროს მისიის მომავალს სოხუმის ლიდერები არა კონკრეტული წინადადებების, არამედ თეორიული ფიქრების ჭრილში განიხილავენ და რომ მედიაში ატეხილი ხმაური ნაადრევი და უსაფუძვლოა. ”ამჟამინდელი პოლიტიკური რეალობისგან შორს დგას პრესაში გამოჩენილი ცნობები იმის შესახებ, რომ აფხაზეთი მზად არის განათავსოს თავის ტერიტორიაზე გაეროს ახალი მისია ანდა გაეროს მეთვალყურეები... ეს ყველაფერი მხოლოდ თეორიულად დასაშვებ შესაძლებლობებსა და ვარიანტებს ასახავს”, - განუმარტა ”აფსნიპრესს” ვიაჩესლავ ჩირიკბამ.

ლიხნის ეკლესია, აფხაზეთი
აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონს კიდევ ერთი ინფორმაცია უკავშირდება. 3 აგვისტოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილს მიმართა წერილობითი თხოვნით, შეჩერდეს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართული ტაძრების ე. წ. რესტავრაციის პროცესი:

"ნება მიბოძეთ, გავამახვილო თქვენი ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე, რომელიც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის რელიგიურ-ისტორიული მემკვიდრეობის ე.წ. სარესტავრაციო პროცესის დაწყებას ეხება. თავად ის ფაქტი, რომ რესტავრაცია არ არის მიმართული ძეგლების პირვანდელი სახის შენარჩუნებისკენ, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ტაძრების მდგომარეობა გულგრილს ვერ დაგვტოვებს. სამწუხაროდ, ამ მოქმედებების აზრი ძალიან მძიმე და სავალალოა და შედეგის ლოდინი დიდხანს არ მოგვიწევს.“

წერილის ადრესატად პაატა დავითაიამ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი იმის გამო შეარჩია, რომ, მისი თქმით, რესტავრაციის უკანონო პროცესი აბსოლუტურად არ შეესაბამება მის მიერ დაკავებულ პოზიციას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საზღვრებთან დაკავშირებით.

თბილისში ატეხილ განგაშს უსაფუძვლოსა და გაუგებარს უწოდებს დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის ძეგლთა დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი დემურ ბჟანია. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ის კატეგორიულად უარყოფს რაიმე სახის სარესტავრაციო სამუშაოების მიმდინარეობას, მით უფრო, რუსი ბიზნესმენების მონაწილეობით. ბჟანია ასევე უსაფუძვლოს უწოდებს თბილისის შიშს ქართული კვალის წაშლის თაობაზე:

”ძეგლთა დაცვის სამმართველო და არც არავინ არ დაუშვებს, რომ რამე შეიცვალოს ან წაიშალოს. რაც არის, ის ფაქიზად ინახება. ეს ჩვენი ისტორიაა და ამ მხრივ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, ყველა წარწერა დღემდე არსებობს.”

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის ძეგლთა დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი დემურ ბჟანია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს იმასაც, რომ მათ ამ ძეგლების შესწავლის თხოვნაზე იუნესკომ უარი უთხრა.

დაბოლოს, ამ კვირის კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც ამჯერად საქართველოს მეორე ოკუპირებულ ტერიტორიას უკავშირდება. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერები ქართულ სპეცსამსახურებს დივერსიულ-ტერორისტული დანაყოფების მომზადებაში სდებენ ბრალს. როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების მინისტრმა ბორის ატოევმა ცხინვალში გამართულ ბრიფინგზე თქვა, საქართველოს ძალოვანი უწყებები დევნილი ახალგაზრდების მომზადებას საჩხერისა და კოჯრის სპეციალურ ბაზებზე აწარმოებენ.

ატოევის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდულსა და პროვოკაციულს უწოდებს ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი ბასიშვილი. ის არ გამორიცხავს, რომ კოკოითის ხელისუფლება თავად აპირებს დივერსიულ-ტერორისტული აქტების მოწყობას, რათა სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო უკიდურესად უკმაყოფილო მოსახლეობის ყურადღება რამენაირად სხვა თემებზე გადაიტანოს.
XS
SM
MD
LG