Accessibility links

logo-print

პუტინი და სამი "ლადა კალინა"

  • ნიკო ნერგაძე

ვლადიმირ პუტინი და "ლადა კალინა" ჩიტა-ხაბაროვსკის ავტოტრასაზე

ვლადიმირ პუტინი და "ლადა კალინა" ჩიტა-ხაბაროვსკის ავტოტრასაზე

ზაფხულის დიდი ნაწილი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა საკუთარი მამაკაცური იმიჯის გამყარებას მიუძღვნა. ხან ტყეში დათვს დასდევდა, ხან კი რუსეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე - ვეშაპს.

ამ კვირაში პუტინმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი „მაჩო“ მხარე. მან ყვითელი „ლადა კალინით“ გადაკვეთა 2000-კილომეტრიანი მონაკვეთი ციმბირში. ეს აქცია მიმართული იყო როგორც საკუთარი რეიტინგების გასაზრდელად, ისე რუსეთის საავტომობილო მრეწველობის მხარდასაჭერად.

მომცრო „კალინას“ პუტინმა ხოტბა შეასხა. ახალ მოდელს „კომფორტული და სანდო“ უწოდა და ურჩია თანამემამულეებს - განსაკუთრებით მათ, ვისაც იაპონური მანქანები ჰყავს - რუსეთის წარმოების ავტოები შეეძინათ. არ ინანებთო, დასძინა პუტინმა.

თუმცა, ამ დაპირების სანდოობაზე რა მოგახსენოთ. ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოკლიპი, სადაც ნაჩვენებია, რომ ამ ავტოგადარბენაში მონაწილეობდა არა ერთი, ან თუნდაც ორი, არამედ სამი (!) იდენტური „ლადა კალინა“. აქედან ერთი სატვირთო მანქანის ძარაზე იყო შემოდებული.

ამ კლიპში, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ასიათასობით მაყურებელი ჰყავდა, კარგად ჩანს, როგორ უტყდებათ სიცილი „კალინების“ ტრიოს შემხედვარეთ.
პუტინის ავტოგრაფიანი "ლადა კალინა" 2 სექტემბერს მოსკოვის ავტოსალონზე გამოიფინა

კლიპი ავტომოყვარულმა სემიონ შიფრინმა გადაიღო. რადიო თავისუფლებასთან საუბარში მან თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. თუმცა აქციას შიფრინმა, უბრალოდ, „სასაცილო“ უწოდა.

ინტერნეტით გავრცელებული კლიპი განსაკუთრებით საინტერესო ჩანს რუსეთის ტელევიზიით გადაცემული რეპორტაჟების ფონზე, სადაც აჩვენებდნენ ეულ პუტინს, რომელიც ყვითელი „კალინით“ თვალუწვდენელ სივრცეს სერავდა. არადა, კლიპში კარგად ჩანს, რომ სამ „კალინასთან“ ერთად გადარბენაში უამრავი სახელმწიფო მანქანა მონაწილეობდა, თანაც, თითქმის უკლებლივ - უცხოური წარმოებისა. შიფრინი ამბობს, რომ ასამდე მანქანა დათვალა და მერე თვლა შეწყვიტა.

რუსეთის ტელევიზიას ეს სამარცხვინო კლიპი არ უჩვენებია. სამაგიეროდ, შანსი არ გაუშვა ხელიდან ბელორუსიამ, რომელმაც ერთგვარად შური იძია მანამდე რუსეთის მიერ ნაჩვენები დოკუმენტური ფილმებისთვის, სადაც ქვეყნის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო არცთუ სახარბიელოდ იყო წარმოჩენილი. ბელორუსიის სახელმწიფო ტელევიზიამ, შეიძლება ითქვას, პირდაპირ დასცინა პუტინს, რითაც ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობა, ალბათ, კიდევ უფრო დაძაბა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პუტინმა სცადა „ლადის“ მარკის დაცვა. თუმცა, ახლანდელისა არ იყოს, წინა ცდაც წარუმატებლად დასრულდა. შარშან რუსეთის პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ აქო და ადიდა მის მიერ ახალნაყიდი „ნივა“. „ნივას“ რეკლამა ნამდვილად სჭირდება და პუტინის ქებასაც შეიძლება შედეგი გამოეღო, რომ არა პუტინისვე აღიარება, რომ მისი „ნივა“ სპეციალურად მისთვის, გერმანიაში დამზადებული ძრავით არის აღჭურვილი.
XS
SM
MD
LG