Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტირუსული პროპაგანდა – ნიუანსების გარეშე


სოსო პავლიაშვილი და ოლეგ გაზმანოვი
სოსო პავლიაშვილი და ოლეგ გაზმანოვი
რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის ცნობილი განცხადება, პუტინი და სააკაშვილი ტყუპები არიან, დარვინის მიხედვით ხომ ყველაზე ულმობელი ბრძოლა ერთი სახეობის ორგანიზმებში მიმდინარეობსო, თავის დროზე მხოლოდ ჩვენმა ოპოზიციონერებმა აიტაცეს – ისიც ყველამ არა. ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც პუტინს ეწვივნენ მოსკოვში და რუსეთის პრემიერ–მინისტრს გაესაუბრნენ, ამას, უბრალოდ, ვერ იტყოდნენ... მაგრამ ქვეყანა მარტო ოპოზიცია არაა... არც საქართველოში და არც რუსეთში... ქვეყანა შედგება დაკვირვებული ადამიანებისგან, რომელთაც მას შემდეგ, რაც გასულ წელს მიხეილ სააკაშვილი პილოტის როლში იხილეს, რუსეთის პრემიერ–მინისტრი გაახსენდათ, ახლახან კიდევ ერთხელ რომ მიუჯდა თვითმფრინავის საჭეს და ცეცხლი ჩააქრო... მაგრამ ამ პარალელის აღმოჩენით აღფრთოვანებულებმა, - ანდა, გაღიზიანებულებმა,- არ მიაქციეს ყურადღება „პუტინ–სააკაშვილის დისკურსის“ კიდევ ერთ შემადგენელ ნაწილს – მედიას - იმას, თუ როგორ წარმოუდგინეს მაყურებელს ქართულმა და რუსულმა ტელეარხებმა პუტინისა და სააკაშვილის ფრენის ამსახველი სიუჟეტები.

„ყველასთვის მოულოდნელად პუტინი შევიდა კაბინაში და მეორე პილოტის ადგილი დაიკავა“, – აღნიშნა რუსეთის ტელევიზიის საინფორმაციო გადაცემის წამყვანმა. მთელ ამ სიუჟეტში მნიშვნელოვანი არა მარტო ისაა, რომ რუსეთის პრემიერ–მინისტრი, რომელმაც, იურისტების თქმით, კანონი დაარღვია, თვითმფრინავის საჭეს მიუჯდა და ჩააქრო ხანძარი, მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ყველაფერი მოულოდნელად მოხდა – წამყვანის თქმით, პუტინმა მყისიერი გადაწყვეტილება მიიღო. მოულოდნელი, ექსცენტრიკული კი, ზოგადად, უყვართ ადამიანებს, განსაკუთრებით რუსეთში... და საქართველოშიც.

მოკლედ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნემცოვი ცდება – ერთი ჯიშის თუ ერთი სახეობისთვის დამახასიათებელი თავისებურება მხოლოდ ქვეყნის პირველი თუ მეორე პირის ქცევაში არ ვლინდება. ეს თავისებურებანი, ტყუპების მსგავსად, მთლიანად საზოგადოებაში იჩენს თავს - თანაც, ცხოვრების ყველა სფეროში ვლინდება. აი, მაგალითად, გავიხსენოთ საქართველოს პატრიარქი და რუსეთის პატრიარქი... ერთი კვირის წინ ილია მეორემ, ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, განაცხადა: „სამწუხაროა, რომ 11 000-მდე ახალგაზრდა უმაღლესი სასწავლებლის გარეშე დარჩა. რა უნდა გააკეთონ მათ?! ახალგაზრდები გზას რომ არ ასცდნენ, აუცილებელია მათ შეისწავლონ ხელობა, საღვთო წერილი...“ რამდენიმე დღეში, 1 სექტემბერს, პირველად პოსტსაბჭოთა რუსეთის ისტორიაში, რუსეთის პატრიარქმა ილოცა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის: „ბედნიერების მისაღწევად გონებასთან ერთად გულიც უნდა ჩავრთოთ... მართლმადიდებლური რწმენა გვასწავლის, როგორ გავხდეთ კეთილი ადამიანები... არა მარტო გვასწავლის, რეკომენდაციებს, რეცეპტებს გვაძლევს, როგორ გავხდეთ კეთილი ადამიანები.“

როგორც ჩანს, სწორედ ამ რეცეპტის გათვალისწინებით შედგა ამ დღეებში პრემიერა სიმღერისა „ჩვენ ერთად“, რომელშიც სოსო პავლიაშვილი და ვალერი გაზმანოვი შეგვახსენებენ, რომ ერთმორწმუნე ძმები ერთად უნდა იყვნენ, სულ მუდამ უნდა ახსოვდეთ, როგორ იყვნენ გუშინ „ედინაია დერჟავა“.

ჰოდა, როგორ არ უნდა დავუფასოთ სოსო პავლიაშვილს გულწრფელობა? სხვებისგან განსხვავებით, მომღერალმა უარი თქვა „თავისნაირთან“ დაპირისპირებაზე, თუმცა ცოტა დაუგვიანდა – ეს სიმღერა, „ჩვენ ერთად“, რომელსაც კიდევ მეორე სახელიც აქვს, „ორი ხმა“, მეტისმეტად მოძველებულია - ყოველ შემთხვევაში, საქართველოდან, სადაც 1 სექტემბერს ერთიანობის დღე აღინიშნა (გაგახსენებთ, რომ ეს თარიღი ერთიანობის დღედ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის 1-ელ სექტემბერს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გამოაცხადა)... 2 წელი გავიდა, მაგრამ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლების პირველი პირები შანსს არ უშვებენ ხელიდან, რათა ერთმანეთზე არ იქილიკონ – ზუსტად ისე, როგორც დარვინთანაა აღწერილი.

ეზოპეს ენა და მეტაფორებით საუბარი ჩვეულებრივი რამ გახდა ქართულ–რუსული კულტურულ–პოლიტიკური კონფლიქტისთვის.. პავლიაშვილისგან განსხვავებით, რომელმაც სახიერებაზე უარი თქვა, ქართველმა მომღერლებმა, ვისთვისაც ქართულ–რუსული კონფლიქტი ერთგვარ მუზად იქცა, მეტაფორებს, პირობითობას მიმართეს...

ერთგვარი პედოფილური ეროტიკა აშკარაა და კარგად მუშაობს... საერთოდ, „ტყუპების“კონფლიქტში ინფანტილიზმი, ბავშვური ბუტიაობა, გამოხატული სახლობანას, „სამშობლობანას“ თუ ომობანას თამაშში, აშკარაა... ამ თვალსაზრისით, უნიკალურია კლიპი, რომელსაც მე იუთუბზე გადავეყარე. პოპულარულ ინტერნეტსაიტს თუ დავუჯერებთ, ამ სიმღერის ავტორი და შემსრულებელი ლექსენია – თუ არ ვცდები, განათლებით ფილოსოფოსი.

ამ სიმღერის პირველი მოსმენის შემდეგ ერთი აზრი მომივიდა: 1937 წელს სტალინმა აკრძალა ძიგა ვერტოვის ფილმი „იავნანა“, რაც დღესაც ბევრს უკვირს – რატომ უნდა აეკრძალა, როცა სტალინური რეჟიმის ასეთი ქება–დიდება თვით მიხეილ ჭიაურელსაც კი არ უკადრია.. მაგრამ სტალინი, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ აქ რაღაც სიყალბე იყო. იცოდა, რომ გადაჭარბება, უტრირება და გაზვიადება უკურეაქციას იწვევს ადამიანში – მათ შორის, ზომბირებულ საბჭოთა ადამიანშიც კი.

ჰოდა, არ გაგიკვირდეთ, მეგობრებო, ასეთი კლიპების მერე ხალხს პავლიაშვილ–გაზმანოვის „ერთიან დერჟავაზე“ რომ აუჩუყდეს გული.

როგორც კი ეს მოსაზრება ჩემს მეგობრებს გავუზიარე სოციალურ ქსელში, პასუხად ლექსი მივიღე. მისი ავტორი ლაშა კვანტალიანია.

ჩემმა პრეზიდენტმა იცის ინგლისური,
მათმა პრეზიდენტმა - ძიუდო.
ჩემი პრეზიდენტი უბიწოა,
მათი პრეზიდნტი - იუდა.


ჩემი პრეზიდენტი ასოთხმოცს სცდება,
მათი პრეზიდენტი - ასათს.
ჩემი პრეზიდენტი არასდროს ცდება,
მათი ძირს აგდებს ასანთს...

ჩემი პრეზიდენტი ყოველთვის ჩემთანაა,
საღამოს თეთრეულს მიგებს.
მათი პრეზიდენტი, არ ვიცი, როგორ და,
ჩემი არჩევნებს იგებს...
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG