Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონდოლიზა რაისი თბილისში არ ჩამოვიდა


კონდოლიზა რაისი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი
კონდოლიზა რაისი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი
აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, კონდოლიზა რაისს დღეს თბილისში აღარ ელოდებიან. იგი ბათუმის აეროპორტიდან დუბლინში გაფრინდა, წერს საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსი”, რომელიც ინფორმაციას კომპანია "კავკაზუს ტრეველზე" დაყრდნობით ავრცელებს.

კომპანია "კავკაზუს ტრეველი" ყოფილი მსოფლიო ლიდერების სიმპოზიუმს მასპინძლობს. ამასთან, კომპანიისთვის უცნობია, რა მიზეზით აღარ ჩადის ყოფილი სახელმწიფო მდივანი თბილისში ან სად გაემგზავრება დუბლინიდან.

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბათუმიდან რაისი თბილისში ჩამოფრინდებოდა. ”სიმპოზიუმის მონაწილეთა გემი ბათუმის პორტში დილის 5 საათზე შემოვიდა. ამის შემდეგ კონდოლიზა რაისის თვითმფრინავი დუბლინში გაფრინდა და მას თბილისში არ ველოდებით, - აღნიშნეს "კავკაზუს ტრეველში".

კომპანიის ინფორმაციით, სიმპოზიუმის მონაწილეთა შორის არ არის და საქართველოში არ ჩამოსულა საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი.

ყოფილი მსოფლიო ლიდერების სიმპოზიუმს კომპანია "World Leaders Travel"-ი აწყობს. სიმპოზიუმის ფარგლებში ყოფილი ლიდერები მსოფლიოში არსებულ პრობლემებზე მსჯელობენ. ისინი მოგზაურობენ რუსეთში, თურქეთში, საქართველოში, უკრაინასა და აზერბაიჯანში. პროგრამა ითვალისწინებს ლექციებსა და დისკუსიებს სხვადასხვა აქტუალურ თემაზე. მოგზაურობა 30 აგვისტოს, მოსკოვში დაიწყო და 15 სექტემბერს, სტამბულში დასრულდება.
XS
SM
MD
LG