Accessibility links

logo-print

კოკოითიმ პატრუშევს ახალი გზის მშენებლობა მოსთხოვა


ახალგორი

ახალგორი

რამდენიმე დღის წინ ცხინვალში რუსეთის ფედერაციის ოფიციალური დელეგაცია უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის მეთაურობით იმყოფებოდა.

დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მისი შეხვედრის დეტალები უცნობია, რადგან თათბირი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. ექსპერტების აზრით, საუბარი დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების საკითხებს, რუსულ სამხედრო სტრატეგიული ობიექტების მდგომარეობას, ასევე, რუსული ფინანსების მიზნობრივ ხარჯვასა და შეფერხებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეეხებოდა, რადგან ბოლო პერიოდში ცხინვალში ჩასული ყველა რუსი მოხელის მთავარი მიზანი ფინანსების რევიზია იყო.

ოსურმა მედიამ მხოლოდ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ახალგორში ჩასვლა გააშუქა. კოკოითიმ პატრუშევი ახალგორში მანქანით ჩაიყვანა. მათ მგზავრობისთვის, დაახლოებით, 6 საათი დასჭირდათ. ახალგორთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა ღრომის ხეობაზე, მთებსა და ტყეებზე გადის. ამ გზის მშენებლობა ქართული სოფლების გვერდის ავლით კოკოითის ხელისუფლებამ აგვისტოს ომამდე დაიწყო. გზის მშენებლობა დღემდე დაუსრულებელია. როგორც ცნობილია, დე ფაქტო რესპუბლიკაში გზების მშენებლობა რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან ფინანსდება, ამიტომ კოკოითიმ პატრუშევს ახალი ქვედა გზის მშენებლობის დაწყება სთხოვა, რომელიც ე.წ. საზღვრის გასწვრივ ქართული სოფლების სიახლოვეს გაივლის და ოსურ სოფელ წინაგარადან ახალგორს დაუკავშირდება. კოკოითის თქმით, ბევრი ოსური სოფელი დღემდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი, ზოგ სოფელს კი გზა მხოლოდ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აქვს. მისი აზრით, ქვედა გზა უფრო მოკლე და ეკონომიური იქნება.

კოკოითისთან შეხვედრისას რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა აღნიშნა, რომ მთავარია რუსული ფინანსური დახმარება მიზანმიმართულად დაიხარჯოს. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გასაყვან გზებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა და ამიტომ, გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხში ღრმად გარკვევაა აუცილებელი.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ რუსულ საიდუმლო სამხედრო-სადაზვერვო ობიექტებთან ერთად, პატრუშევის ინტერესის საგანი ახალგორამდე გზის მშენებლობაცაა. მისი აზრით, ღრომის ხეობაზე გამავალი ზედა გზა უფრო მისაღებია რუსებისთვის, ვიდრე ქვედა გზა, რომელიც ქართულ სოფლებთან ახლოს იქნება და შესაბამისად, გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს. ზედა გზა უფრო დახურულია და მისი ერთი განშტოებით რუსებს მლეთასთან საქართველოს სამხედრო გზის ჩაკეტვაც შეეძლებათ.

რუსეთის დელეგაციაში რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე რომან პანოვიც იმყოფებოდა, რომელიც ცხინვალში შეფერხებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კოკოითიმ არაერთხელ გააკრიტიკა. დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ვადიმ ბროვცევი პანოვის რეკომენდაციით არის დანიშნული. კოკოითიმ კრემლში ბევრი შეაწუხა იმისთვის, რომ რუსეთიდან ჩაყვანილი მოხელეები თავიდან მოეშორებინა, მაგრამ მან მხოლოდ იმას მიაღწია, რომ პანოვის მიერ შექმნილი სამხრეთის დირექცია უქმდება. რუსული ფული ამ დირექციის გავლით ხვდებოდა ცხინვალში. ახლა ფულის ჩარიცხვა პირდაპირ დე ფაქტო რესპუბლიკის ბანკში მოხდება, მაგრამ პრემიერ-მინისტრად ვადიმ ბროვცევი რჩება, რომელსაც ეკონომიკურ გუნდთან ერთად ამ ფინანსური რესურსების კონტროლის ბერკეტი რჩება. ექსპერტების აზრით, პატრუშევმა პანოვი ცხინვალში კოკოითისთან შესარიგებლად ჩაიყვანა და ორივე მხარეს კონფლიქტის დასრულებისკენ მიანიშნა.
XS
SM
MD
LG