Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია თბილისში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა


ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია, რომელსაც ჯიმ მარშალი ხელმძღვანელობს, თბილისში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის თემები იყო უსაფრთხოება, საარჩევნო გარემოს შეცვლის აუცილებლობა და საქართველოში დემოკრატიის მხრივ არსებული პრობლემები, მათ შორის მასმედიისა და პოლიტპატიმრებად მიჩნეული ადამიანების მდგომარეობა. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საერთაშორისო ოპერაციებში ქართველ სამხედროთა მონაწილეობის გამო, აშშ-ის ხელისუფლება ქართული დემოკრატიის ხარვეზებზე თვალს არ უნდა ხუჭავდეს. უსუფაშვილის თქმით, კონგრესმენებმა აღნიშნეს, რომ ამ საკითხით აუცილებლად დაინტერესდებიან, რათა აშშ-ის ადმინისტრაციამ სწორედ იმის გამო, რომ ქართული ჯარი საერთაშორისო მისიებში მონაწილეობს, საქართველოს მთავრობას რაიმე პრივილეგია არ მიანიჭოს. კონგრესმენებთან შეხვედრის შემდეგ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება აშშ-ისთვის მნიშნველოვანი თემაა. კონსერვატორ კახა კუკავას ინფორმაციით, კონგრესმა, შესაძლოა, საქართველოში დემოკრატიის განვითარების მონიტორინგი იკისროს. "ეროვნული ფორუმის" ლიდერის კახა შარტავას განცხადებით, ამერიკელ კონგრესმენებს ესაუბრნენ თვითმმართველობის არჩევნებზე, რომლის შედეგსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს. პარტია ”თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკელი კონგრესმენები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან პარტნიორ სახელმწიფოში კონსტიტუციის ერთ ადამიანზე, ან ერთ პარტიაზე მორგებას და საკონსტიტუციო ცვლილებათა პროცესის მუდმივ მონიტორინგს აპირებენ.
XS
SM
MD
LG