Accessibility links

logo-print
ქართული პრესა კვლავ აგრძელებს წერას იმაზე, რომ შსს-სა და უშიშროებას მალე გაყოფენ. ”მთელი კვირის” ინფორმაციით, ეს ცვლილება 15 სექტემბრისთვის იგეგმება. გაზეთი სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით სთავაზობს მკითხველს ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ექსპერტების მოსაზრებებს. ეკა ბესელია, თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციისა ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”, ამბობს, რომ პროცესი, რომელიც გულისხმობს ამ სტრუქტურების გაყოფას, კარგი იდეაა, თუმცა იქვე დასძენს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს სხვა ტიპის მოვლენასთან. როგორც ის ამბობს, მიუხედავად გაყოფისა, მერაბიშვილი იქნება იმავე ძალაუფლების მატარებელი. ექსპერტი პაატა ზაქრეიშვილი მიიჩნევს, რომ ნაბიჯი სწორი მიმართულებითაა გადადგმული, თუმცა ეს არაა დემოკრატიისა და სახელმწიფოს სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯი: ”ამით უფრო მტკიცდება ჩემი ვარაუდი, რომ კონსტიტუციის დამტკიცების შემდეგ პრემიერ-მინისტრი უფრო ძლიერი ფიგურა იქნება და მას არ აწყობს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ ფორმით, როგორიც დღეს არის”, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

კვლავ აქტუალური რჩება ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის საკითხი: ”უნივერსიტეტი კომისრებს შეეჩვია. რა მისია აქვს ალექსანდრე კვიტაშვილს?”, - კითხულობს დღევანდელი ”მთელი კვირა”, რომელიც აქვეყნებს ინტერვიუს ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილთან: ”ბატონმა ალექსამდრემ ალბათ იცის, რომ თუნდაც ერთხმად აირჩიონ და ათასგვარი დითირამბებიც მიუძღვნან, ის უნივერსიტეტისათვის და ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის დარჩება გარედან დანიშნულ, დაბალი სამეცნიერო ხარისხის მქონე პირად და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ის არ დაადასტურებს, რომ შემთხვევით არ მოხვედრილა ამ დაწესებულებაში”, ამბობს ფირალიშვილი. მისივე თქმით, უნივერსიტეტი დღეს გზაგასაყარზე დგას: ”ის ან შეძლებს ახალ ისტორიულ ვითარებაში ახალი იდენტობის მოპოვებას და ამ საქმეში რექტორის როლი ძალიან დიდია ან პროცესი კვლავ საგანმანათლებლო ფაბრიკის ჩამოყალიბებისაკენ წავა.”

ლტოლვილები ოპოზიციას მხარს არ დაუჭერენო, ასეთ პროგნოზს აკეთებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაზეთ ”ახალ თაობასთან” საუბარში. ”ოპოზიციის მხოლოდ ორი პროცენტი აქტიურობდა ლტოლვილებთან დაკავშირებით. ლტოლვილები ”ვითარცა ლერწამნი ირყევიან”. მდგრადი ელექტორატი არ არის. ისინი ხელისუფლების რეზერვი არიან, ამას თვითონვე აღიარებენ. ეჭვი მეპარება,რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ლტოლვილებმა მხოლოდ ოპოზიციას მისცენ ხმა. ლტოლვილები არ არის ორგანიზებული მასა, ისევე როგორც პედაგოგები, პენსიონერები, გარემოვაჭრეები”, - ამბობს ცინცაძე ინტერვიუში.

დღევანდელი ”ასავალ-დასავალი” მკითხველს არაერთ ინეტრვიუს სთავაზობს ასევე არაერთ ოპოზიციონერთან. ერთ-ერთი მათგანია ”ქართული ფორუმის” ლიდერი გუბაზ სანიკიძე, რომელიც გაზეთის ფურცლებიდან მიმართვის კვალობაზე საზოგადოების მისამართით საკმაოდ ხმამაღლა ამბობს: ”რისი გეშინიათ, ქართველებო? საჭმელი აღარა გაქვთ, მიწა წაგართვეს, სამშობლო წაგართვეს, სამსახური წაგართვეს, შვილებს ვეღარ ზრდით, მიცვალებულებს ვეღარ მარხავთ და რაღასი გეშინიათ, გამაგებინეთ?”, - კითხულობს სანიკიძე და იქვე განაგრძობს: ”ხალხმა უნდა გაარჩიოს, ვინ არის ოპოზიცია და ვინ არა! ხალხი უნდა დადგეს ძლიერი ოპოზიციური ძალების გვერდით!”

”ასავალ-დასავალი” აქვეყნებს დღეს ინტერვიუს საქართველოს ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთანაც. ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ ნანობს ის, რომ ხელს უწყობდა სააკაშვილის კარიერულ წინსვლას, შევარდნაძე პასუხობს: ”ერთადერთი, რასაც ვნანობ, არის ის, რომ გადავდექი. თუმცა, რომ არ გადავმდგარიყავი, სისხლი დაიღვრებოდა. მე სისხლი არ დავღვარე”, - ამბობს შევარდნაძე.

”კვირის პალიტრა” კი ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერს ირაკლი ალასანიას ესაუბრა. ალასანია იმედს გამოთქვამს, რომ მისი პარტიის მიერ წამოწყებული საქმიანობა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებით დასრულდება: ”ამას სჭირდება ძალიან დიდი შრომა, ადამიანური და ფინანსური რესურსები. სწორედ ამ რესურსების მობილიზებით ვიყავით დაკავებული ეს ორი თვე”, - ამბობს ალასანია და იქვე აცხადებს: ”მიუხედავად შეცდომებისა, სააკაშვილს ამ ისტორიულ ეტაპზე კიდევ აქვს შანსი, საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ საზოგადოებას საშუალება მისცეს, ხელისუფლება არჩევნებით ერთი პოლიტიკური ძალისგან მეორის ხელში გადავიდეს.”
XS
SM
MD
LG