Accessibility links

logo-print
გავრცელებული მოსაზრებით, თუკი წყვილები დიდხანს ცხოვრობენ ერთად, ისინი ერთმანეთს ემგავსებიან გარეგნულადაც და ხასიათითაც.

მაგრამ, როგორც ახლახან ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, მთლად ასე არ არის. მიჩიგანისა და მინესოტის უნივერსიტეტების ფსიქოლოგების გამოკვლევაში მონაწილებდა 1300-მდე წყვილი, რომლებიც საშუალოდ 19,8 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად.

აღმოჩნდა, რომ ხანგრძლივი - 39 წლამდე - ცოლქმრობის შემთხვევაში, პარტნიორები ახალდაქორწინებულებზე უფრო მეტად არ ჰგავდნენ ერთმანეთს. ამის საფუძველზე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ წლებთან ერთად არ იზრდება ცოლ-ქმარს შორის მსგავსება. საქმე უფრო სხვანაირად გამოიყურება. როგორც ჩანს, წყვილები პარტნიორთან დაახლოების პერიოდში ეძებენ ისეთ პარტნიორს, რომელსაც მათი მსგავსი თვისებები აქვს.

როგორც კლინიკური ფსიქოლოგიის სპეციალისტი მიჩიგანის უნივერსიტეტიდან, მიხილა ჰამბადი ამბობს, „შესაძლოა, მათ ეს გაცნობიერებული არ ჰქონდეთ იმ დროისთვის.“

მაშ ეს გამოკვლევა საბოლოოდ ასამარებს გავრცელებულ მოსაზრებას, რომ საპირისპირო თვისებების მქონე ადამიანები ერთმანეთს იზიდავენ? აუცილებელი არ არის, რომ ასე იყოს, ვინაიდან ზემოხსენებულ გამოკვლევაში ყურადღება ექცეოდა ისეთ პიროვნულ თვისებებს, როგორებიცაა ინტროვერტულობა და ექსტროვერტულობა; აშკარად გამოკვეთილი სიხარული და სევდა; აქტიური სოციალური ურთიერთობები და განდეგილობა. ჰამბადის თქმით, ეს თვისებები მოწიფულ ასაკშიც უცვლელი რჩება განსხვავებით გატაცების, ჰობისა და მოვლენებისგან, რომლებმაც ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს ჩვენს პიროვნებაზე.

როცა ჰამბადი და მისი კოლეგები შეუდგნენ მინესოტის ტყუპებისა და ოჯახის კვლევის ცენტრის მონაცემების შესწავლას, ისინი განაცვიფრა იმ გარემოებამ, თუ როგორ ჰგავდნენ ერთმანეთს დაქორწინებული წყვილები.

მეცნიერებს გაუჩნდათ სავსებით ლოგიკური შეკითხვა, თუ რატომ ხდება ასე.

მართალია, მონაცემთა ბანკში შეგროვილი ინფორმაცია ემყარებოდა არა მთელი ცხოვრების მანძილზე ჩატარებულ მრავალჯერად გამოკითხვას, არამედ თითო ინტერვიუს. მაგრამ რადგანაც ქორწინებები სხვადასხვა ხანგრძლივობის იყო, მეცნიერებს შეეძლოთ სხვადასხვა ახალგაზრდა და სტაჟიანი წყვილების შედარება.

აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა წყვილის შემთხვევაში პარტნიორებს მრავალი მსგავსი თვისება ჰქონდათ მიუხედავად იმისა, თუ რამდენ ხანს იყვნენ ისინი ერთად. და ეს მსგავსებები ხანგრძლივობასთან ერთად არ იზრდებოდა ან იკლებდა.

განსხვავებას წარმოადგენდა ერთი თვისება - აგრესია. გამოკვლევა აჩვენებს, რომ თუკი ერთ-ერთი პარტნიორი ფიზიკურად აგრესიულია, როგორც წესი, მეორეც აგრესიულად სცემს მას პასუხს.

ეს გამოკვლევა იმითაა ნიშანდობლივი, რომ მასში საცდელ პირთა ძალზე დიდი რაოდენობა მონაწილეობდა. 1296 წყვილი 198 კითხვისგან შემდგარ კითხვარს სცემდა პასუხს. თუმცა ეს მაინც ცალმხრივი ჯგუფი იყო, ვინაიდან საქმე გვაქვს წარმატებულ წყვილებთან, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში შემორჩნენ ერთმანეთს. საინტერესო იქნებოდა იმის შემოწმება, აჩვენებს თუ არა პარტნიორებს შორის განსხვავებებს წარუმატებელი წყვილების შესწავლა.
XS
SM
MD
LG