Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას შეცვლის საქართველოს გეგმებში პირველი სამხედრო მსხვერპლი ავღანეთში


ქართველი ჯარისკაცების კურთხევის ცერემონია ავღანეთში გამგზავრების წინ. 7 აპრილი 2010 წელი.
ქართველი ჯარისკაცების კურთხევის ცერემონია ავღანეთში გამგზავრების წინ. 7 აპრილი 2010 წელი.
დღეს თბილისში ჩამოასვენეს და მესტიის რაიონის მშობლიურ სოფელ ლენჯერში გადაასვენეს ავღანეთში დაღუპული ქართველი ოფიცრის მუხრან შუკვანის ცხედარი. მასთან ერთად საბრძოლო ოპერაციისას მძიმედ დაჭრილი ქართველი კაპრალი ალექსანდრე გითოლენდია, ორივე კიდურის ამპუტაციის შემდეგ, მკურნალობას გერმანიაში, სამხედრო ჰოსპიტალში, განაგრძობს. საქართველოს სამხედრო უწყება, რომელიც დეტალებზე საუბრისაგან თავს იკავებს, მხოლოდ იმის აღნიშვნით შემოიფარგლება, რომ ქართველი სამხედროები თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდნენ. ქართული ქვედანაყოფის პირველი მსხვერპლი ავღანეთში საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ბადებს შეკითხვას, თუ რა ვითარებაში დაიღუპა ქართველი ოფიცერი და შეიცვლება თუ არა რაიმე საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიაში, რომელიც ავღანეთში მისიის კიდევ უფრო გაძლიერებას ითვალისწინებს.

28 წლის უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი საქართველოში ერთ თვეში უნდა დაბრუნებულიყო 31-ე ბატალიონის იმ ასეულთან ერთად, რომელიც, მისი მეთაურობით, აპრილიდან ასრულებდა სამხედრო ამოცანას ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში. 5 სექტემბერს მომხდარი თავდასხმისას მუხრან შუკვანი ადგილზე დაიღუპა. ქართული ბატალიონის კიდევ ერთი მებრძოლი კი, კაპრალი ალექსანდრე გითოლენდია, აფეთქების შედეგად მძიმედ დაიჭრა და მას ორივე ქვედა კიდურის ამპუტაცია გაუკეთდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ნატოს სარდლობის დახმარებით, ორშაბათს სპეციალური რეისით ჩამოასვენა საქართველოში დაღუპული ოფიცრის ცხედარი, მაგრამ, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის სალომე მახარაძის თქმით, უწყება დაზუსტებულ ინფორმაციას მხოლოდ დაღუპვის ადგილის შესახებ ფლობს:

„არა, ამაზე ჯერ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჰელმანდთან ახლოს იყო, მეტი არაფერი. ზუსტად სად იყო ოპერაცია და როგორ იყო, ამის თქმა არ შემიძლია.“

თავდაცვის სამინისტრო ელოდება ნატოს სარდლობის მიერ მოწოდებულ გადამოწმებულ ინფორმაციას, თუმცა ის, რაზეც ჯერჯერობით ღიად ვერ საუბრობს სამხედრო უწყება, საკუთარი წყაროების მეშვეობით შეიტყო ქართველმა სამხედრო მიმომხილველმა ირაკლი ალადაშვილმა. ყოველკვირეულ სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორის ხელთ არსებული პირველადი ინფორმაციით, ქართული რაზმი ჰელმანდში სერიოზულ შეტაკებაში მოჰყვა:

„ჩემი ინფორმაციით, ჩვენი უფროსი ლეიტენანტი უფრო სნაიპერის ტყვიით უნდა იყოს დაღუპული, თუმცა ამას გადამოწმება სჭირდება. და მის საშველად რომ წავიდნენ უკვე მანქანით, ის მანქანა აფეთქდა ნაღმზე, რასაც კიდევ ერთი ქართველი სამხედროს მძიმედ დაჭრა მოჰყვა.“

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ამერიკული ქვედანაყოფის პასუხისმგებლობის ქვეშ საქართველოს შეიარაღებული ძალების 31-ე ქვეითი ბატალიონი მიმდინარე წლის აპრილიდან იმყოფება. ამას გარდა, ქაბულში ფრანგულ ქვედანაყოფთან ერთად საბრძოლო ამოცანას ასრულებს გაძლიერებული ქართული ასეული. 1000-მდე ჯარისკაცის ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში ყოფნა საქართველოს ხელისუფლებისათვის ნიშნავს ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიასაც და შესაძლებლობასაც, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა რეალურ საბრძოლო ვითარებაში გაიმდიდრონ სამხედრო გამოცდილება. ამის შესახებ 28 ივლისს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც მოსალოდნელი მსხვერპლის ალბათობაზეც საუბრობდა:

„ჩვენ გვჭირდება გამოცდილება. ამიტომ ჩვენ არა მხოლოდ ვართ ავღანეთში, რაც, რა თქმა უნდა, ჯდება ჩვენი ჯარისკაცების ჯანმრთელობის ფასად და შეიძლება დაგვიჯდეს სიცოცხლის ფასადაც, და ამაზე ჩვენ თვალს არ ვხუჭავთ. მაგრამ ეს ასევე აძლევს საქართველოს უნიკალურ გამოცდილებას. ამიტომ ჩვენ არა მხოლოდ არ უნდა შევწყვიტოთ ავღანეთში მონაწილეობა, არამედ ჩვენ უნდა განვიხილოთ და ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ახალი საშუალება ვნახოთ ავღანეთში უფრო აქტიური მონაწილეობისა. ამის შესახებ ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ჩვენს პარტნიორებთან.“

უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი პირველი ქართველი სამხედროა, რომელიც კოალიციის ოპერაციაში მონაწილეობის დროს დაიღუპა. ამ ტრაგიკულ ინციდენტს უკვე გამოეხმაურნენ ქართველი პოლიტიკოსები, რომლებმაც მიუსამძიმრეს დაღუპული ოფიცრის ოჯახს. ქართველი ოფიცრის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც, ცნობილი არ არის, დაესწრება თუ არა ქართველი ოფიცრის დაკრძალვას მშობლიურ სოფელ ლენჯერში. სამხედრო ოფიცრის დაღუპვით გამოწვეული საყოველთაო წუხილის ფონზე, ოპონენტები მოუწოდებენ ხელისუფლებას, 5 სექტემბრის ტრაგიკული ინციდენტი აუცილებლად გაითვალისწინოს ავღანეთთან მიმართებით არსებული ამბიციური გეგმების რეალიზებაში. აი, რა უთხრა რადიო თავისუფლებას პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა, თბილისის საკრებულოს წევრმა ვიქტორ დოლიძემ:

„ეს არ უნდა იყოს მხოლოდ პიარზე, საერთაშორისო საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის დამოკიდებულებაზე დაფუძნებული [გადაწყვეტილება], არამედ, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ახლა ჩვენ, ბუნებრივია, აღმასრულებელ ხელისუფლებაში არყოფნის გამო ძალიან გვიჭირს კომენტარი გავაკეთოთ, თუ რა რაოდენობის [კონტინგენტი] და როგორ უნდა გაიგზავნოს. ეს მონაცემები პრაქტიკულად არა გვაქვს და, გამომდინარე აქედან, ანალიზიც უფრო მწირი გვაქვს.“

ამ დროისათვის საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფი ავღანეთში 1000-მდე კაცს შეადგენს და, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კონტინგენტი კოალიციის რიგებში უსაფრთხოების მხარდამჭერი ოპერაციის განმავლობაში ბოლომდე შეასრულებს დაკისრებულ ამოცანას. საქართველო სამხედრო ბრიგადით იყო წარმოდგენილი ერაყის განთავისუფლების ოპერაციაში. ქართველი ჯარისკაცები ერაყის სამშვიდობო ოპერაციაში 5 წლის განმავლობაში, 2008 წლის აგვისტომდე, ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. მიუხედავად იმისა, რომ, დივერსიულ-ტერორისტული თავდასხმების ინტენსივობის თვალსაზრისით, ერაყში ავღანეთთან შედარებით საკმაოდ უსაფრთხო ვითარება იყო, ქართულმა ქვედანაყოფმა იქ 3 ჯარისკაცი დაკარგა, ხოლო ათზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ საბრძოლო ჭრილობები მიიღო.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG