Accessibility links

logo-print
29 აგვისტო, კვირა
მარიამობის მეორე დღეა. საოცარი დღესასწაულია! თითქმის ყოველთვის შინ ვხვდები, ჩემებთან. ახლაც ასეა და საოცრად ბედნიერი ვარ! ეტყობა, დედა მარიამი გვკრებს გაბნეულ-დაბნეულ შვილებს ამ დღეს და მოთმინებით, სიყვარულით გვახსენებს დაბრუნებას, შინ დაბრუნებას... ჰოდა, ჩვენც აქა ვართ. ამინ!

ჰო, დღეს იწყება საოცარი კვირა ჩემი ოჯახისთვის: მომავალ შაბათს ჩემი პატარას, თათიას ქორწილია და მთელი კვირა ამ დღისთვის მზადებაა!

თუმცა, ისე გამოვიდა, რომ დღევანდელი დღე თეოს საქმეებით დაიწყო – თეო ჩემი უფროსი ქალიშვილია. მთელი ოჯახი უნდა დავირაზმოთ და მისი დიდი ხნის ოცნების მანქანა შევარჩიოთ. როგორი ამბავია?! თეომ გადაწყვიტა, ეს ოცნების მანქანა თავისი ძალებით იყიდოს. ეს მისი სტილია - ყველაფერს ასე აკეთებს. უკვე რამდენიმე წელია, აგროვებს ფულს და აი, ახლა ჩვენგან დახმარება მხოლოდ ამ მანქანის შერჩევაში სჭირდება.

გზაში ისმის თათიას ჯუჯღუნი: „რა არის ეს, ამ კვირაში მაინც ხომ შეიძლება, მარტო ჩემზე იფიქროთ? მაინცდამაინც უნდა ჩამეკვეტოს ეს თეო შუაში!“ (აქვე მახსენდება თათოს ბავშვობის გამონაგონი საოცარი სიტყვა: „мое – მე“, ანუ ჩემი მე მომეცითო. ჩემი აზრით, თათოს ეს ბავშვობის გამონათქვამი რუსულ-ქართული ურთიერთობის დამახასიათებელ ერთ-ერთ უსაინტერესოეს სიმბოლოდ გამოდგებოდა. ჰო, ამასთან თეო პასუხს, ცხადია, არ ახანებს და იწყება ტრადიციული დათაშორისი პოლიფონია, ზუსტად ისე, როგორც ძველად...

ძველად კი, დაახლოებით ამ დროს, შავი ზღვიდან, კინდღიდან ვბრუნდებოდით ჩვენი პატარა „ჟიგული“-მანქანით. წინ მე და ნინო, უკან - თეო-თათო. წინ იძულებითი სიჩუმე, უკან - სრული გნიასი, ფუთფუთი, ღნავილ-ჯღავილი, წივილ-კივილი (რამდენი საყვარელ-სასაცილო სიტყვა გვაქვს ამ ჩვენს დალოცვილ ენაში!). ჰო, არ დამავიწყდეს, დროგამოშვებით ნინოს ფანტასტიკური, დროებითი გაყუჩების მომტანი ძალიან მაღალი რეგისტრის ტრელები (ანუ ტრილერები), რომლებითაც გამორჩეული არიან ქართველი ცოლები.

ეჰ, რა დრო გავიდა... მანქანა უკვე შვილებს დაჰყავთ – აქ საქართველოა და შენი გერმანული ტარება ფრიად საშიშია აქაურობისთვისო. ისე, მართალიც არის. ჩვენი, ქართული მოძრაობა ერთ-ერთი ყველაზე მაგარია პლანეტაზე! მაგრამ ერთხელაც იქნება და ხომ დავბრუნდები და ცოტა ხანში წინ დამიდგეს, ვისაც უნდა!

ამ ტრაბახში მოვიარეთ ხალხ- და მანქანამრავალი უდაბნო-ბაზრობა მადლიანი ქართული მზის ქვეშ. ბედად მანქანის პატრონი „შინის“ მოყვარული აღმოჩნდა და ამიტომ ფასზე სწრაფად ვიპოვეთ კონსენსუსი (მადლობა იმ დალოცვილ კაცს და მერამდენედ - ქართულ ჰანგს!). მაშ ასე, დღის მთავარი ამოცანა შესრულებულია: ჩემი გოგოები ბედნიერები არიან, მე კი ძალიან ამაყი იმით, რომ შვილი თვითონ იკვლევს გზას, თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს და თვითონ ისრულებს ოცნებებს და... მეც მეძლევა საშუალება, სულ მცირე დახმარების.

30 აგვისტო, ორშაბათი
დღე იწყება ღამეში. სიზმრებს იშვიათად ვხედავ. ჩემი გამზრდელი ბებია მესიზმრა. მისი მოსვლა ყოველთვის რაღაც ძალიან კარგ ამბებს ემთხვევა. ესე იგი, ძალიან მაგარი კვირა გვექნება თავისი ფანტასტიკური შაბათის თათოთი! ერთ ღრმა ბავშვობისდროინდელ სიზმარს ვიხსენებ: ბები გარდაიცვალა - ამაზე საშინელი ხომ არაფერია ქვეყანაზე! ვიღვიძებ გულამოსკვნილი ტირილით. ბების სიტყვები: „ჩემი სიკვდილი ხომ არ გესიზმრა? ნახე, დღეს რა დღე გექნება!“

იმ დღეს ბიძაჩემს, კოკი მახარაძეს, მივყავარ დიღომში, „დინამოს“ ბაზაზე. ფეხბურთია... ხუთი მხატვარი ერთ მხარეს (ვიხსენებ მხოლოდ სამს: კოკი, ელგუჯა ამაშუკელი, გიგლა ფირცხალავა), მეორე მხარეს კი მხოლოდ სამი დინამოელი: მიშა მესხი, გივი ჩოხელი, შოთა იამანიძე. რა კაცები! საიდან ჩნდებოდნენ ასეთები?!

ვისაც არ ვიცნობდი, ყველა გავიცანი. თავზე ხელი გადამისვეს, მომეფერნენ! ძველები გამიგებთ, რა ჭკუაზე ვიყავი იმ დღეს! ესეც ბების დასიზმრება...

ორშაბათი სამუშაო დღეა. ჰოდა, მეც ვმუშაობ. ძალიან ხრიკიანი კი გამოვდექი ამ ცხოვრებაში: ვაკეთებ იმას, რაც საოცრად მსიამოვნებს - ვჩხირკედელაობ გიტარით! „მატერიები“ ამ ამბავს დიდი ვერაფერი მოაქვს, მაგრამ, ნაცარქექიასი არ იყოს, ვცდილობ ამ დიდი დევ-ცხოვრების მოტყუებას: აქაოდა, ძალიან მაგარი ვარ და სულ ხელებში მიყურე, რა ბიჭი გიდგევარ წინ-მეთქი! ოჯახს ვარჩენ და ვცდილობ, თავიც გადავირჩინო. ისე, ბევრს ვუკრავ, მგონი, მართლა. ჩემი „შინელი“ ძმაკაცები სიყვარულგადავსებული ირონიით მეტყვიან ხოლმე: „საარაკო კაცი ხარ მაგაში, მიმინოშვილი, მხოლოდ ერთი კაცი გჯობდეს იქნება და ისიც ჩვენიანი, იცი შენ, ვინც...“

ისე, ჩემს საქმეში ორი რამეა მთავარი: ფიქრი და ქმედება. ზოგჯერ ხერხდება ამ ორის ჯვრისებრ შეერთება - მაშინ საქმეც სწორად მიდის! ეს ისე, საფიქრალად...

ოღონდ ახლა ვისვენებთ და მივდივართ მთელი ოჯახით, პლუს სასიძოთი (ბესო მხოლოდ შაბათიდან იქნება ოჯახის სრული წევრი). მივდივართ თეოს მანქანის „დასასველებლად“. ჩვენს დედამიწას სულ რამდენიმე ცენტრი აქვს, ერთ-ერთი მცხეთაა. სწორედ იქით მივდივართ. მტკვრის პირას, მყუდრო ადგილას. ქართული სუფრა შენიანებთან ერთად!

მადლობა გამჩენს ყოველივესთვის!

31 აგვისტო, სამშაბათი
შეხვედრა კულტურის სამინისტროში. ერთ-ერთი ჩვენი უსაყვარლესი ტაძრის იუბილესთან დაკავშირებით გალა-კონცერტი იგეგმება. ნარჩევი პროექტებია... დიდი პატივია ასეთ დღეს ასეთ პიროვნებებთან ერთად გამოსვლა. დამსწრეთა შორის კი... პატრიარქი!

„შინის“ გამოსვლაში გვინდა ჩვენი ძველი დიდი ამბიციის დაკმაყოფილება (თუ დაძლევა?): ერთ კომპოზიციაში ჰარმონიის მოძიება სამ მსოფლიო სისტემას - კლასიკას, ჯაზსა და ხალხურს შორის. და ეს ყველაფერი - ქართულ ჭრილში. და, რაც მთავარია, ამ გზაჯვარედინზე ჯვრის დანახვა!

სიმფონიური ორკესტრი, ხალხური ჯგუფი და ჩვენ. და, რაც მთავარია, აუდიტორია! მე კი მაგრად მომწონს, მაგრამ იქნება კი ნება? ვნახოთ...

ისე, წესით, კონცერტის მეორე დილას იერუსალიმში მივფრინავთ ფესტივალზე გამოსასვლელად! ზოგჯერ შეიძლება თქვას კაცმა, რომ ღირს ეს ცხოვრება წვალებად!

საღამოსაც დიდი ამბავია: ნეფე-პატარძლის საქორწილო ცეკვის რეპეტიცია! შვილებმა ინებეს ცეკვა „ქართული-სადარბაზოს“ შესრულება და მაინცდამაინც „შინის“ თანხლებით! აი, ეს კი ვერ იყო მაინცდამაინც პრაქტიკული სურვილი... მოკლედ რომ ვთქვა, დიდი წვალება და ჯაფა დაიტეხეს თავს! მაგრამ ბოლო კეთილი გამოდგა და ძალიან ამაყი ვხედავ, რომ უკვე „შინიც“ კი იღიმება! ეს ქართველები მაინც უცნაური და მართლაც მაგარი ხალხი ვართ, ღმერთმანი!

ამასობაში, დაღამდა კიდეც...

1 სექტემბერი, ოთხშაბათი
დღეს „შინის“ რეპეტიციაა! ვამზადებთ საქორწილო საჩუქარს და ვამოწმებთ ამისთვის რამდენიმე ნომერს.

ცოტა ჩვენი ამბები (ანუ „შინის“ კომპოზიციები) და მერე - ლატვიურ-ჩვენებური. ლატვიელებთან ერთობლივი პროექტი ერთი წლის წინ გავაკეთეთ, პროექტს „ეს არი“ ერქვა. „ეს არი“ ლატვიურად ნიშნავს – „მეც თქვენთან ერთად“. ამ დისკმა 2009 წელს პირველი პრიზი მიიღო ლატვიის მუსიკალურ „გრემიზე“ – ფაქტობრივად, ყველაზე პრესტიჟულ, ეროვნულ ნომინაციაში.

მოგვიანებით გვიერთდება საოცარი „ქალბატონი ჯეზი“ - ლედი მაია ბი-ბი და ვინაცვლებთ ამერიკულ-ქართული ჰარმონიის სანატრელ სამყაროში, სადაც სრულ და თან მხიარულ მშვიდობაში სონი როლინზი თანაჟღერს ჯანო კახიძესთან, ხოლო ჰერბი ჰენკოკი - რევაზ ლაღიძესთან. მოკლედ, ეს არის ჩვენი ახალი პროექტი - შეუთავსებლის შეთავსება, ჟღერადობა, როგორც „იეე – ავოეე“. მას მალე წარვუდგენთ ჯაზურ და დანარჩენ სამყაროს. ისე, ამ ჩემს საწყალ მეზობლებს რისი მოსმენა არ უწევთ ხოლმე! ვითომ დასასვენებლად ჩამოვედით და რა ამბავში ვართ! მოკლედ, არ არის ჩვენი საშველი...

ახალი პროექტებისთვის მოვიპოვეთ ორი ახალგაზრდა: ლექსო და ბუბა. ისე, მათ თვითონ მოიპოვეს თავიანთი ადგილები. პირველი სცენაზე ამოფრინდა ჩვენს ერთ-ერთ ცნობილ კონცერტზე და მოგვიანებით „შინის“ სცენაზე დარჩა. მეორემ ტრადიციული გზა აირჩია: ნაცნობობით შეძლო თავის წარდგენა, ხოლო თავისი ნიჭით - დარწმუნება! ძლიერი თაობა მოდის - მაგარი ამბები დატრიალდება კიდევ! ისინი იქნებიან გამტარები...

ისევ გამექცა ფიქრი სასწავლებლისკენ - აი, „გზაჯვარედინულ“ აზროვნებაზე რომ უნდა მუშაობდეს. მოვესწრებით კი? უნდა მოვესწროთ!
საღამოს - მუზიცირება აივანზე, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემი აქაური მუსიკალური საქმიანობისა. ამ დროს ვცდილობ, დიდი ქალაქის დაძინების მრავალხმიანობაში საკუთარი ხმა ვიპოვო, მერე, თუ გამომივა, ჩემი დღის წასვლა ცოტა გავაჩერო, ცოტა მოვეფერო, კიდევ ცოტა და მერე გავუშვა, ცოტა წავყვე და მერე... გავჩუმდე.

2 სექტემბერი, ხუთშაბათი
სახლში დიდი გაწამაწიაა: ქორწილამდე ორი დღეღა დარჩა და, მგონი, ყველას ფეხებში ვედები. თან ეს დახუთულობა! ქალაქიდანაც ვერ გავრბივართ - აბა, ახლა როგორ?! გამუდმებით ვდავობთ კონდიციონერის ჩართვა-არჩართვაზე. მე, ძირითადად, ვაგებ, ცხადია.

კაცო, როგორ არ სცხელა ამ ხალხს! ჩემებმა „მისტერ ფრიზი“ შემარქვეს, ისეთი გამყინვარებაა ჩემს ოთახში.

ქალაქიდან ვერ გავრბივარ, სამაგიეროდ მაქვს იდეა – გავრბივარ მამა მიქაელთან. პროექტთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა მაქვს. ხელოვნების პრობლემების გადამოწმება ეკლესიის მსახურთან. საინტერესო დასკვნებამდე მიდიხარ.

ამ საღამოს - არავითარი მუზიცირება აივანზე. ამ საღამოს მუსიკოსი აღარ ვარ - დღიურები უნდა დავწერო. მართლა არ ვიცი, როგორ დავთანხმდი ამ საშინელებას!

ამ ჯაფაში დღე ძალიან მძიმედ მთავრდება. მხოლოდ ამ ღამით: ვაშა კომპიუტერის გამომგონებელს!

3 სექტემბერი, პარასკევი
დაძაბულობა კიდევ უფრო იმატებს. და მე კიდევ უფრო მეტად ვებლანდები ყველას ფეხებში. მგონი, სასწრაფოდ უნდა გავერიდო...

ჩემი საშველია დღევანდელი გადაღება. კიკალას სტუდია სინქრონებს გვიღებს. გვეგონა, სტუდიაში კონდიციონერების სიგრილეში ვიმუშავებდით. მაია-ბიბი შესაბამისად არის აღკაზმული და, როგორც ყოველთვის, ფანტასტიკურ ფორმაშია.
მხოლოდ თბილისში თუ შეიძლება მოხდეს ის, რომ სტუდიის ნაცვლად, თავი მოულოდნელად მარშრუტკებში ამოგვაყოფინეს და კოჯრის ტყისკენ გაგვაქანეს.

მერე მდელოზე აღმოვჩნდით. მაგრად ვხალისობთ მაიას რეაქციებზე: ითხოვს ორ კვადრატულ მეტრ მარმარილოს, რადგან მიწაზე ნამდვილი კალიები დახტიან და სხვადასხვა რაღაცები დაცოცავენ. ძლივს დავამშვიდეთ იმით, რომ ეს კალიების საცხოვრებელი ადგილია და რომ ეს ჩვენ შემოვიჭერით მათს სამყაროში. მაიას სასწრაფოდ შეეცოდა ისინი და თითქმის დამშვიდდა.

მიუნხენიდან საგანგებოდ ჩამოტანილი მსოფლიოში საუკეთესო ამწე ტაბახმელის მდელოზე მოთავსდა. „შინელები“ ქართულ ხალიჩაზე აღმოვჩნდით. მე, როგორც იქნა, მეღირსა ჩემი გიტარით ფეხმორთხმით ჯდომა (ამაზე დიდი ხანია, ვოცნებობ). ზურა თავისი დიდი ბანი-ბასით და მუკი თავისი დოქით და მთელი ამბებით. სინქრონების ჩაწერა მიდის... ეს ნიშნავს, რომ ჩვენივე დაკრულზე უნდა დავუკრათ, რაც იგივეა, ტაფაზე მჭრელი დანა დაუსვა. როგორ მშურს ამ მომენტში „პაპსავიკების“, რომლებიც პლიუს ფონოგრამაზე მუშაობენ. თუმცა, სამი დუბლი საკმარისი აღმოჩნდა და, რაც მთავარია, ჩვენი საყვარელი რეჟისორი იმდენად კმაყოფილია, რომ გვათავისუფლებს.

ახლა კი ლედი მაია... ფანტასტიკური კაბა, რომელიც კოჯრის ნიავზე იშლება. რა ლამაზია ლამაზი ქალის ყურება, თან თუ ის თავის საქმეს მაგრად აკეთებს!

ხვალ ქორწილია. ყველაზე მაგარი დამკვრელები გვყავს დაქირავებული: ზაზა, ზურა, მუკი, ლექსო, ბუბა, ჩვენი ძველი ძმა „ადიოდან“ – სანო – და ავთო უნგიაძე. ლედი-ჯეი მაია-ბიბი ბარათაშვილი და ჩვენი არაჩვეულებრივი ლატვიელი სტუმრები.
საღამოს სახლში - ერთი ჭიქა საუკეთესო ქართული ღვინო.

უნდა დავისვენო. ხვალ უმნიშვნელოვანესი დღე მაქვს.

3 სექტემბერი, შაბათი
დილიდან რესტორანში ვარ. ხმა უნდა დავალაგოთ. პარალელურად ჩემი უღრმესი ბავშვობის მეგობარი, თბილისის ერთ-ერთი ნაღდი კოლორიტი - ლადი ტოგონიძე თავისი პროექტორითა და ეკრანით მოდის, მას და ჩვენს ახალ მოცეკვავეს, ლექსოს, კოლაჟის გაკეთება ევალებათ.

2 საათზე სახლში უნდა ვიყო, პატარძლის წასაყვანად მოვლენ სიძე და ამალა...

თათოს და ბესოს ჯვარს მამა მიქაელი დაწერს, საოცარი ბედის ადამიანი. 1983 წელს ცნობილი მუსიკოსი, ულამაზესი პიროვნება მიშა ფოფხაძე ანგრევს „რკინის დარაბებს“ და დასავლეთში მიქრის. წლების შემდეგ ღმერთი ამ საოცარი ადამიანისგან მოძღვარს აკეთებს. და სრულიად იდუმალად, მხოლოდ თავისთვის ცნობილი გზებით, მას სამშობლოში აბრუნებს.

ქორწილი... ალბათ მოვა დღე, როცა შემეძლება ამ ყველაფრის მშვიდად აღწერა.

დღეს არ შემიძლია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG