Accessibility links

logo-print

ბელორუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტის საეჭვო სიკვდილი

  • ნიკო ნერგაძე

ბელორუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტის ალეჰ ბიაბენინის დაკრძალვა

ბელორუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტის ალეჰ ბიაბენინის დაკრძალვა

დღეს მინსკში დაკრძალეს ბელორუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი ალეჰ ბიაბენინი. ის საკუთარ აგარაკზე სამი დღის წინ იპოვეს ჩამოხრჩობილი. გამოძიება ამბობს, რომ 36 წლის ჟურნალისტმა თავი მოიკლა, თუმცა მის კოლეგებს სიკვდილის ოფიციალურ ვერსიაში ეჭვი ეპარებათ.

ალეჰ ბიაბენინი ოპოზიციური ინტერნეტსაიტ „ქარტია 97“-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი გახლდათ. ის 3 სექტემბერს იპოვეს ჩამოხრჩობილი მინსკის მახლობელ სოფელ პიარჰურავაში მდებარე აგარაკზე. გამოძიების ვერსიით, ბიაბენინმა თავი მოიკლა, რის დამადასტურებლადაც მიჩნეულია ის გარემოება, რომ არ შეინიშნებოდა ბრძოლის კვალი, და, ამასთანავე, ისიც, რომ ოთახში იპოვეს ძლიერი ბელორუსიული ალკოჰოლური სასმელის ორი ცარიელი ბოთლი.

ბიაბენინის მეგობრებს და კოლეგებს გამოძიების ოფიციალური ვერსიის არ სჯერათ. ისინი ამბობენ, რომ 36 წლის ჟურნალისტი ენერგიული იყო, არ ჰქონია პრობლემები ოჯახში - ჰყავდა ცოლი და ორი მოზრდილი შვილი - და არც წერილი დაუტოვებია რამე.

ზმიცერ ბანდარენკა, „ქარტია 97“-ის კოორდინატორი, გამოძიებას ბრალს სდებს სიკვდილის დროის არასწორად განსაზღვრაში. მისი მტკიცებით, პოლიცია და პროკურატურა სიკვდილის დროს 15 საათით გვიან ასახელებს, ვიდრე ეს ექიმებმა გააკეთეს. ბანდარენკამ რადიო თავისუფლების ბელორუსიულ სამსახურს განუცხადა, რომ არ სჯერა მისი კოლეგის თვითმკვლელობისა.

„ქარტია 97“ ასევე ჩივის, რომ გამოძიება ვებსაიტის მუშაობის დეტალებით უფრო ჩანს დაინტერესებული, ვიდრე ბიაბენინის სიკვდილის გარემოებების დადგენით.

„ქარტია 97“ ხშირად აკრიტიკებს ხოლმე ბელორუსიის მთავრობას, ბიაბენინი კი განსაკუთრებით მწვავედ აკრიტიკებდა ქვეყნის ავტორიტარულ მმართველს, ალექსანდრ ლუკაშენკოს. ბიაბენინს მისი საქმიანობის გამო ხშირად შექმნია პრობლემები. ზმიცერ პადბიარეჟსკი, ინტერნეტრადიოს ჟურნალისტი, რომელიც ადრე რადიო თავისუფლებასთანაც თანამშრომლობდა, იხსენებს, რომ 90-იანი წლების ბოლოს ბიაბენინი ცოტა ხნით მოტაცებულიც კი ჰყავდათ.

ბელორუსია 2011 წელს საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ემზადება. ლუკაშენკოს, რომელიც მეოთხედ იყრის კენჭს, რამდენიმე ოპოზიციური კანდიდატი უპირისპირდება. მათ შორისაა ანდრეი სანნიკოვი. ბიაბენინი სანნიკოვის თანამოაზრე იყო და ელოდნენ, რომ მის საარჩევნო კამპანიაში წამყვან როლს იკისრებდა.
XS
SM
MD
LG