Accessibility links

logo-print

პასუხისმგებლობის დეცენტრალიზების მცდელობა


დავით ბაქრაძის და მეცნიერებათა აკადემიის წევრების შეხვედრა

დავით ბაქრაძის და მეცნიერებათა აკადემიის წევრების შეხვედრა

ოცწლიანი პოსტსაბჭოთა საქართველოს არასტაბილურობის საფუძველი ერთი კაცის, ანუ ერთი საპრეზიდენტო ინსტიტუციის, არსებობა იყო, პრობლემის შემთხვევაში ჯოხი სწორედ ამ ერთ კაცზე ტყდებოდაო, პასუხისმგებლობის განაწილება სამ მმართველ შტოს შორის კი სტაბილური განვითარების საშუალებას მოგვცემსო, აღნიშნა დავით ბაქრაძემ სამეცნიერო სექტორთან დღევანდელ საკონსტიტუციო პაკეტის განხილვაზე.

ამას ვერ გავაკეთებდით ხუთი წლის წინ, რადგან მზად არ ვიყავით, გვჭირდებოდა სწრაფი ცვლილებები, შესაბამისად - ცენტრალიზებული მმართველობა. ასეთი ფორმულირება შეიძლება მიეცეს დავით ბაქრაძის დღევანდელ გამოსვლას მეცნიერებათა აკადემიაში. მიზნები, როგორც ჩანს, მიღწეულია, ყოველ შემთხვევაში, დავით ბაქრაძის პოლიტიკური რიტორიკის მიხედვით, ახლა უკვე საჭიროა ძლიერი მმართველის იდეაზე დარტყმა, რადგან ერთი მხრივ ეფექტურ მმართველობაში პოლიტიკურმა ისტაბლიშმენტმა ახლა უკვე, როგორც ჩანს, საფრთხე დაინახა - ეს საფრთხე ცენტრალიზებული პასუხისმგებლობაა. შეცდომები ერთი ინსტიტუციის მხრებზე გადადიოდა და პასუხსაც ხშირად ამ ინსტიტუციას ვთხოვდითო - იგულისხმება გამოსვლები, რევოლუციები, სამოქალაქო ომებამდე მისული დაპირესპირებები.

„ჩვენი ამოცანა იყო, რომ ახალი კონსტიტუციით შეცვლილიყო პოლიტიკური გარემო, შეცვლილიყო გარემო, რომ აზრი დაჰკარგვოდა ერთ ადამიანზე და ერთ ინსტიტუციაზე შეტევას და პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი გადასულიყო პარლამენტში და აღარ დარჩენილიყო ქუჩაში, როგორც ეს იყო მთელი ამ ოცი წლის მანძილზე“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ახალი სამკუთხედის თეორიას, ანუ ახალ საკონსტიტუციო ჩასწორებათა პაკეტს (იგულისხმება ბალანსი მთავრობას, რომელსაც პრემიერი მართავს, პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის), ამჯერად სამოცდაათამდე მეცნიერი მეცნიერებათა აკადემიაში უსმენს. მომხსენებელთა შემადგენლობა იგივეა - დავით ბაქრაძე და საკონსტიტუციო კომისიის მმართველი გუნდი. ოვალური მაგიდის გარშემო - მომხსენებელნი, აგრეთვე რამდენიმე მეცნიერი, პარტერში კი - ხანდაზმულ მეცნიერთა ჯგუფი. ჯერ ერთი, გადაწყვეტილებები მხოლოდ ჩვენ არ მიგვიღია, კომისიის ერთ მესამედს მეცნიერებათა აკადემიის წევრები შეადგენდნენო და, რაც მთავარია, რაზეც შეხვედრაზე აქცენტი ბევრჯერ გაკეთდა, ექსპერტიზა ახალმა პროექტმა გაიარა ვენაში, ბერლინში…

ავთანდილ დემეტრაშვილი: „პოლონეთში, ჩეხეთში, საფრანგეთში, თურქეთში... ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპელი კონსტიტუციონალისტები, პრინციპში, მოწონებით აფასებენ ჩვენს პროექტს.“

შეკითხვების ნაკადი ტერიტორიების საკითხთან დაკავშირებით დაიწყო: რატომ არ არის კონკრეტულად გაწერილი ფუნქციები კონფლიქტური ზონებისა? მედიატორის როლი, როგორც ჩანს, ისევ დასავლეთმა იკისრა, რადგან მმართველი გუნდის მტრული პოლიტიკური რიტორიკა, რომელიც რაღაც პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა, - „მარიონეტული რეჟიმები“, „ოკუპანტები“, „თვითგამოცხადებულნი“, - ჩაანაცვლა შედარებით კონსტრუქციულმა დისკურსმა:

დავით ბაქრაძე: „მესმის, მესმის და გეთანხმებით, მაგრამ ალბათ ჯობია, რომ... მათ მაგივრად რამის განსაზღვრას ჯობია, რომ დარჩეს როგორც არის და როცა იქნება ამის შესაძლებლობა, მათთან ერთად განისაზღვროს, ვიდრე ის, რომ მათ მაგივრად დღეს ეს გაკეთდეს.“

თუმცა დარბაზი შეთანხმდა „ჩვენს დამოკიდებულებაზე“ - დამოკიდებულებაზე, რომელმაც, როგორც ჩანს, საერთაშორისო ექსპერტიზას ვერ გაუძლო.

დავით ბაქრაძე: „მერე უარეს ბრალს წაგვიყენებენ: არც კი ეკითხებით ამ ხალხს, ისე განუსაზღვრეთ რა უნდა იყოს და როგორო. ჯობია, რომ დაველოდოთ შესაძლებლობას, როცა ეს იქნება.“

თუმცა „ჩვენი დამოკიდებულება“ დარბაზში ერთსულოვნად დაფიქსირდა. საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელმა ჯონი ხეცურიანმა განაცხადა:

„შეიძლება მათთვის არ იყო მისაღები და ისინი მოლაპარაკებაზე არ მოდიოდნენ, მაგრამ ამ საკითხზე ქართული სახელმწიფო რას ფიქრობდა, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა, რა პრინციპებზე ამყარებდა იგი სახელმწიფოებრივ ტერიტორიულ მოწყობას, ეს კონსტიტუციის საგანი იყო და ამიტომ კონსტიტუციაში ეს უნდა ასახულიყო.“

მეცნიერებმა ითხოვეს ჩასწორებები: აღინიშნოს სადმე კონსტიტუციაში, რომ ქვეყნის პრიორიტეტი ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოებაა, ასევე დაზუსტდეს გარანტიები მემკვიდრეობასთან დაკავშირებითო, შესწორდეს პრეამბულაში ტერმინოლოგია, რომელიც 1921 წლის კონსტიტუციაზე აპელირებს. მეცნიერთა მხრიდან დაისვა შეკითხვები, როგორიცაა: რატომ აქვთ ორმაგ მოქალაქეებს მინისტრის თანამდებობის დაკავების უფლება და არა აქვთ უფლება დაიკავონ უმაღლესი თანამდებობა, მაგალითად, პრეზიდენტის? რატომ არ არის გაწერილი კონსტიტუციაში, რომ პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს ამა თუ იმ პარტიის წევრი? პარტიული კუთვნილება, მეცნიერთა აზრით, პრეზიდენტს არბიტრის ფუნქციას უკარგავს. ასევე აღინიშნა, რომ საჭიროა საკონსტიტუციო რეგულაცია ბიუროკრატიული აპარატის ცვლილებებთან დაკავშირებით, მაგალითად, მინისტრების ცვლას მთელი სამინისტროს აპარატის ცვლილებები არ უნდა მოჰყვესო. დავით ბაქრაძემ ზოგიერთი შენიშნვა მიიღო და განსახილველად დრო დაიტოვა, ზოგიერთს ტექნიკური ხარვეზები უწოდა და მათი გამოსწორების პირობა დადო. რიგი საკითხები კი, დავით ბაქრაძის აზრით, კონსტიტუციის პრეროგატივა არ არის და ისინი უნდა დარეგულირდეს სხვა ასამდე კანონით, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად უნდა დაიხვეწოს:

„ძალიან ბევრი კანონი იქნება, რომელშიც, აქედან გამომდინარე, ცვლილება უნდა შევიდეს. ეს არის, უბრალოდ, აისბერგის წვერი, რასაც ახლა განვიხილავთ.“

შეხვედრის დასრულებისას დავით ბაქრაძე შეეხო არაერთხელ გამოთქმულ პრეტენზიას იმის გამო, რომ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები ერთი პიროვნებისთვის თანამდებობრივი გარანტიების განმტკიცებას ემსახურება:

„ვერანაირი თანამდებობა ვერ იქნება დარეზერვებული და დაჯავშნული ვინმესთვის, როცა ეს თანამდებობა დამოკიდებულია არჩევნების შედეგებზე. ვინ იქნება პრემიერი 2013 წელს? ძალიან მარტივია პასუხი: ამას გადაწყვეტს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოიგებს საპარლამენტო არჩევნებს. მოიგებს ნაციონალური მოძრაობა, გადაწყვეტს ნაციონალური მოძრაობა; მოიგებს რომელიღაც სხვა ოპოზიციური პარტია, გადაწყვეტს ის; მოიგებს, ჯამში, კოალიცია ოპოზიციისა, აი ის კოალიცია გადაწყვეტს, ვინ იქნება.“

დასასრულს კი ალბათ უნდა აღინიშნოს, რომ შესწორება, რომელსაც ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა იურიდიულად ითხოვდა, შესწორება, რომლის მიხედვითაც მოქმედ პრეზიდენტს უნდა ეკრძალებოდეს ხუთი წლის განმავლობაში პრემიერის პოსტის დაკავება, საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტში არ შესულა.
XS
SM
MD
LG