Accessibility links

logo-print
გორის რაიონში წელს ხილის მცირე მოსავალია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ცხინვალის სიახლოვეს არსებული ქართული სოფლები აღმოჩნდნენ. სოფლები – ზემო და ქვემო ნიქოზი, ხვითი, ერგნეთი, ტირძნისი და მეღვრეკისი ძლიერი გვალვისა და მოურწყავი ფართობების გამო თითქმის მოსავლის გარეშე დარჩნენ. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, კლიმატის გარდა, მცირე მოსავლიანობა უხარისხო შხამქიმიკატებითაც არის გამოწვეული.

შიდა ქართლში 5-მდე ხილის გადამამუშავებელი საწარმო მუშაობს. ვაშლის კონცენტრატის ქარხანამ, შპს „სამეგობრომ“ ე.წ. ნაქარი (ძირს ნაყარი) ვაშლის მიღება უკვე გამოაცხადა, მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ 300 კილოგრამი ჩააბარეს. ქარხანა 1 კილოგრამ ვაშლში 6 თეთრს იხდის. შპს „სამეგობროს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ზაურ საგანელიძის განცხადებით, მსოფლიო ბაზარზე ვაშლის კონცენტრატზე დაბალი ფასის გამო გლეხისთვის მეტის გადახდა არ შეუძლიათ.

კონფლიქტის ზონის ქართული სოფლების მაცხოვრებლები მოსავლის რეალიზაციაზე იყვნენ დამოკიდებულნი. მცირე მოსავლის გამო მათ არ იციან ზამთარს როგორ გაატარებენ. აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ომის შემდეგ სოფელში დაწყებული ჰუმანიტარული დახმარების დარიგებაც რამდენიმე თვის წინ შეწყდა.
XS
SM
MD
LG