Accessibility links

logo-print
საქართველოს სომეხთა სათვისტომომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელშიც სამი სკოლის რეორგანიზაციაზეა საუბარი. ერთი მათგანი მთლიანად სომხურენოვანია, დანარჩენ ორში კი არის სომხურენოვანი სექტორი. სწორედ ამ სკოლების რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის თავიდან აცილებას ითხოვს სომეხთა სათვისტომო. ორგანიზაციის პრეზიდენტი სამველ მკრტიჩიანი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ განათლების სამინისტროს ეს რეფორმა მათი კულტურული თვითმყოფადობისა და ენის შენარჩუნების პრობლემას შექმნის. მსგავსი პრობლემა აწუხებთ აზერბაიჯანულენოვანი უმცირესობის წარმომადგენლებსაც.

საქართველოში სომეხთა სათვისტომოს მიერ გასულ კვირაში განათლების მინისტრისადმი მიწერილ წერილში ნათქვამია, რომ თბილისის 110-ე და 146-ე საჯარო სკოლები, რომლებშიც სომხური სექტორია, და 95-ე სომხურენოვანი საჯარო სკოლა, სადაც ეთნიკური უმცირესობა სწავლობს, ახლა ლიკვიდაცია-რეორგანიზაციის საფრთხის წინაშეა, ეს კი ლახავს საქართველოს სომეხი ეროვნების მოქალაქეების ინტერესს.

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საჯარო სკოლების რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო. ამ სქემაში მოხვდა სომხურ და აზებაიჯანულენოვანი სკოლები და ის სკოლებიც, სადაც ამ ენებზე არსებული სექტორებია, სომეხთა სათვისტომოს პრეზიდენტი სამველ მკრტიჩიანი ამბობს, რომ სკოლების გაუქმებით მათ თვითმყოფადობას და ენას პრობლემები ექმნება:

”ძალიან ბევრს ვკარგავთ, რადგან იმ რაიონებში, სადაც ეს სკოლებია, ძალიან ბევრი სომეხი სწავლობს და მათ აღარ ექნებათ საშუალება ისწავლონ მშობლიურ ენაზე და ეს არის უფლებების დარღვევა. ჩვენ დაინტერესებულები ვართ ჩვენი კულტურის, ენის და თვითმყოფადობის შენარჩუნებით და ეს ყველაფერი ამ საკითხთან ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული.“
არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე არნო სტეფანიანი ამბობს, რომ სომხურენოვანი სკოლების რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის პროცესი ეტაპობრივად წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და თბილისში სომხურენოვანი 9 სკოლიდან ახლა მხოლოდ სამია დარჩენილი - ერთი მთლიანად სომხურენოვანი, 2 კი - სომხურენოვანი სექტორით. სკოლების შესანარჩუნებლად, როგორც არნო სტეფანიანი ამბობს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამ ზაფხულს იმ პრაქტიკის გამოყენება შესთავაზეს, რომელიც მცირეკონტინგენტიან მაღალმთიან სკოლებთან დაკავშირებით არსებობს:

” სომხურენოვანი სკოლები დღეს არის დაკომპლექტებული მხოლოდ 30-40%-თ, ანუ ვაუჩერებსაც 30-40%-ის შესაბამისად იღებენ და ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სკოლამ საკუთარი თავი შეინარჩუნოს და მასწავლებლებს ხელფასები უხადოს. ჩვენ შევთავაზეთ განათლების სამინისტროს, რომ ამ სკოლებს მიენიჭოს იგივე სტატუსი, რაც აქვთ სკოლებს მაღალმთიან რეგიონებში, ანუ იქ მეტ ვაუჩერებს იღებენ და გაძლიერებულია დახმარება. ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნებოდა საშუალება ეს სკოლები შეგვენარჩუნებინა თბილისში, რაც არ გაკეთდა”,- ამბობს არნო სტეფანიანი.

როგორც ცნობილია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლას მოსწავლეთა კონტინგენტის მიხედვით აფინანსებს, თითოეულ მოსწავლეზე კი ვაუჩერის სახით 415 ლარია გამოყოფილი. დაგროვილი თანხით სკოლა პედაგოგთა ხელფასებს და კომუნალურ გადასახადებს იხდის. სწორედ იმის გამო, რომ მათი სკოლა მცირეკონტინგენტიანი იყო და გამოყოფილი ვაუჩერები ყველა ხარჯს ვერ ფარავდა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ის 103-ე სკოლას მიუერთა, ფიქრობს 110-ე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ენიკ თათევოსიანი:

”რატომ უნდა ვიხადოთ გაზის ფული, მაგალითად... და ეს დიდი ფულია, თვეში 7-8 ათასი გამოდის. წყალი, შუქი და... ზამთარში ეს კოშმარული თანხებია, მით უმეტეს, როცა აქვე ახლოს 2-3 სკოლა დგას და მათი ერთ სკოლაში გაერთიანება შეიძლება და მხლოდ ერთი სკოლის გაზის, შუქის და ა.შ. გადასახადი იქნება.”

ამ შემთხვევაში ნაკლები პრობლემა შეიქმნა, ამბობს ენიკ თათევოსიანი, რადგან 110-ე და 103-ე საჯარო სკოლები ძალიან ახლოს მდებარეობს და მოსწავლეები უპრობლემოდ გადავლენ ერთი სკოლიდან მეორეში. მაგრამ მანძილის თვალსაზრისით პრობლემები ექმნება ქვემო ქართლის აზერბაიჯანულენოვანი სკოლის მოსწავლეებს. როგორც საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევი ამბობს, სკოლების რეორგანიზაციის შედეგად მოსწავლეებს რამდენიმე კილომეტრის გავლა მოუწევთ, რადგან დარჩენილ სკოლებს შორის საკმაო მანძილებია.

ამ საკითხის შესწავლას ომბუდსმენის წარმომადგენლებიც გეგმავენ. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით ამ თემაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოზიციის ჩაწერა, რადგან მთელი დღის განმავლობაში სამინისტროს პრესსამსახური ტელეფონს არ პასუხობდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG