Accessibility links

საქართველო გაეროს დევნილთა მდგომარეობას ყოველწლიურად შეახსენებს


გაეროს გენერალური ასამბლეა, ნიუ-იორკი, აშშ

გაეროს გენერალური ასამბლეა, ნიუ-იორკი, აშშ

7 სექტემბერს, თბილისის დროით ღამის 11 საათზე, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 64-ე სესიაზე, საქართველოს მიერ წარდგენილ რეზოლუციას განიხილავენ. საუბარია დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებულ ყოველწლიურ დოკუმენტზე, რომელთან მიმართებითაც საქართველო წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი მხარდამჭერის მოპოვებას ცდილობს. რას გულისხმობს საქართველოსთვის მეტად პრინციპული რეზოლუცია და რა შედეგი შეიძლება მოიტანოს მან?

რეზოლუცია, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობას ასახავს, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე უკვე მესამედ გადის. ტექსტებს შორის განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ შარშანწინ ის მხოლოდ აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონს ეხებოდა, შარშან და წელს კი დოკუმენტი სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონის საკითხსაც მოიცავს. დოკუმენტი, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 7 აგვისტოს განიხილება, უპირველეს ყოვლისა, დევნილების ღირსეული დაბრუნებისა და მათი საკუთრების უფლების შენარჩუნების აუცილებლობას უსვამს ხაზს და ასევე მოიცავს მოწოდებას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისადმი, რომ გააქტიურდეს ამ საკითხების განხილვა და გადაწყვეტა.

მართალია, წინა წლებში მიღებულ მსგავს დოკუმენტებს არავითარი შედეგი არ გამოუღია, საქართველო მცდელობას მაინც განაგრძობს. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორმა სერგი კაპანაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, საქართველო გაეროში სულ უფრო მეტი მხარდამჭერის მოძიებას ცდილობს:

”ჩვენი მიზანი ყოველწლიურად იქნება ის, რომ რეზოლუცია გავიტანოთ და რაც შეიძლება მეტი ქვეყანა იყოს მომხრე... იმიტომ, რომ შარშანწინ იყო 14 ქვეყანა მომხრე, შარშან იყო 48 ქვეყანა მომხრე და წელს, იმედია, რომ მომხრეთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. საბოლოო მიზანი არის ის, რომ დევნილების დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით იყოს სრული კონსენსუსი გაეროში და ამ რეზოლუციის წინააღმდეგ რუსეთთან ერთად ხმის მიცემა ითვლებოდეს სირცხვილად...”

საქართველო ცდილობს, რომ საკითხით დააინტერესოს ყველა და მათ შორის, მაგალითად, ლათინური ამერიკის ან აფრიკის ქვეყნები, რომელთათვისაც საქართველოს დევნილების პრობლემატიკა ნაკლებად მნიშვნელოვანია, სულ ცოტა - გეოგრაფიული სიშორის გამო.

დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებული რეზოლიციის მიღება საქართველოსთვის პრინციპულია იმის მიუხედავად, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული დოკუმენტები არა სავალდებულო, არამედ, როგორც წესი, სარეკომენდაციო სახეს ატარებს. პოლიტოლოგ არჩილ გეგეშიძის თქმით, მართალია, გარღვევას არც ამჯერად უნდა ველოდეთ, მაგრამ მსგავსი რეზოლუციები, საბოლოო ანგარიშით, საერთაშორისო არენაზე საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს:

”ვინაიდან გენასამბლეა აერთიანებს პრაქტიკულად მთელ მსოფლიოს, იქ გაჟღერებული მოსაზრებები თუ იქ მიღებული დოკუმენტები ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მსოფლიოში საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე. ამ ტიპის რეზოლუციებს, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, მნიშვნელობა აქვს სწორედ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების კუთხით... მათ ასევე აქვთ დამხმარე ფუნქცია იმ დიპლომატიურ ჭიდილში, რომელიც აქვს საქართველოს რუსეთთან იქნება ეს, ცალკე აფხაზურ მხარესთან იქნება თუ საქართველოს პარტნიორებს ექნებათ რუსეთთან და ასე შემდეგ... ”

დევნილების დაბრუნების საკითხის კონსტრუქციულ განხილვას აგვისტოს ომამდეც მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდნენ კრემლი და მის მიერ ოკუპირებული რეგიონები. თუმცა ბოლო პერიოდში ამ საკითხისადმი მათი მიდგომა კიდევ უფრო გამკაცრდა და ეს სერგეი შამბას კომენტარიდანაც კარგად ჩანს. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა საკუთარი მოსაზრება 2 სექტემბერს რადიო თავისუფლების რუსულენოვანი მაუწყებლობის, ”ეხო კავკაზას”, კორესპონდენტს გაუზიარა:

”აფხაზეთის აღიარების გარეშე ამ საკითხის გადაწყვეტა, უბრალოდ, შეუძლებელია... ის ადამიანები, ვისაც აფხაზეთში სურდა დაბრუნება, უკვე დაბრუნდნენ... ისინი კი, ვისაც აფხაზეთში, როგორც საქართველოს ნაწილში, სურთ დაბრუნება, ვერ დაბრუნდებიან... და არ გვინდა, რომ მათ ჩვენ ცრუ დაპირებები მივცეთ, ისე, როგორც ამას საქართველოს ხელისუფლება აკეთებს. ისინი ჰპირდებიან ხალხს, რომ დაბრუნდებიან აფხაზეთში, როგორც საქართველოს ნაწილში. მაგრამ ეს აღარ არსებობს, ეს რეალობა უკვე აღარ არსებობს... ”

სეპარატისტული რეგიონებისა და კრემლის ლიდერების მსგავსი მკვეთრად უარყოფითი პოზიციის მიუხედავად, საქართველო მაინც აპირებს განაგრძოს ბრძოლა დევნილების ღირსეულად დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში იძულებით გადაადგილებული დაახლოებით 300 ათასი ადამიანი ცხოვრობს. თუმცა ბოლო ხანებში არაერთხელ გამოითქვა ეჭვი, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდანაც, რომ ეს მაჩვენებელი არაზუსტია და რომ ქვეყანას გაცილებით მეტი დევნილი ჰყავს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG