Accessibility links

logo-print
”რეზონანსი” ავღანეთში დაღუპული ქართველი ოფიცრის, მუხრან შუკვანის, საქართველოში ჩამოსვენებას ეხმაურება და ზოგადად საერთაშორისო ოპერაციებში ქართველი სამხედროების მონაწილეობის საკითხზეც წერს. ”რეზონანსის” კორესპონდენტისთვის უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტ ირაკლი სესიაშვილს უთქვამს, რომ ქართველი სამხედროები აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ ნატოს მიერ წარმოებულ ოპერაციებში, მაგრამ მეორე საკითხია რა რაოდენობით უნდა იყვნენ ისინი ჩართული ამ ოპერაციებში: ”როცა ჩვენი პრეზიდენტი საუბრობს მორიგი აგრესიის მაღალ ალბათობაზე, ”მოდელირებული ქრონიკის” რეალურობაზე, მისი ეს პოლიტიკური განცხადება არ ემთხვევა ჩვენს ტაქტიკურ მოქმედებას. თუკი საფრთხეები არსებობს, მაშინ ჩვენს საუკეთესო ქვედანაყოფებს რატომ ვუშვებთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ?! ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყანა მაქსიმუმ ორი ასეულის დონეზე უნდა იყოს ჩართული ავღანეთში და მეტი არა”, - ამბობს სესიაშვილი.

დღევანდელი პრესა საქართველოში აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის, ჩამოსვლის დეტალების გარკვევას ცდილობს: ”რატომ არ შედგა რაისი-სააკაშვილის შეხვედრა?”, ”კონდი, ბათუმის გავლით, დუბლინში გაემგზავრა”, ”რატომ წავიდა კონდოლიზა რაისი ბათუმის პორტიდან პირდაპირ დუბლინში და რატომ არ ჩამოვიდა საქართველოში მიხეილ გორბაჩოვი?” - ასეთი სათაურებით ეხმაურება პრესა რაისის ხანმოკლე ვიზიტს საქართველოში, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია რაისის საქართველოდან სწრაფად გამგზავრებაზე რთულად მოსაპოვებელი აღმოჩნდა.

”ალიას” კორესპონდენტი ბათუმში არსებული ”ევრაზია მედიაცენტრის” ხელმძღვანელს თამაზ ბაკურიძეს ეკითხება: ”- თამაზ, რას ამბობენ ბათუმში, რატომ გადაგვაგდო ქალბატონმა კონდიმ?”. რესპონდენტი პასუხობს: ”როგორც გაირკვა, არავითარი ოფიციალური შეხვედრები არ იყო საერთოდ დაგეგმილი. მიუხედავად ამისა, ჩვენი ტელევიზიები იტყობინებოდნენ, მოდიან მსოფლიო ლიდერები, მსოფლიო ლიდერების სიმპოზიუმია და ასე შემდეგ. მე კი იქ ჩვეულებრივი ტურისტების გარდა ვერავინ ვერ დავინახე. ერთადერთი იყო კონდოლიზა რაისი, რომელიც გემიდან ჩამოვიდა. მას საერთოდ არ ჰქონია ურთიერთობა ჟურნალისტებთან, პირდაპირ აეროპორტისკენ გაემართა. არც ერთი ოფიციალური პირი მას არ დახვედრია.”

”24 საათი” კი წერს: ”მსოფლიო ექს-ლიდერების სიმპოზიუმის მონაწილეთა ერთი ნაწილი გუშინ თბილისში ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრა. 17 პირისგან შემდგარი ჯგუფი მუზეუმში გამოფენილ ექსპონატებს გაეცნო. ისინი განსაკუთრებით ”ვარდების რევოლუციის” ამსახველი კადრებით დაინტერესდნენ, რომლებიც მუზეუმში განთავსებულ მონიტორზე გადიოდა.”

”ახალ თაობას” ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა, ეუბნება: ”შალვაფობიით დაავადებულმა მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სწორედ ნათელაშვილისა და ლეიბორისტული პარტიის გამო მონა-მოსამართლეებით დააკომპლექტა და ბათუმში გადაიტანა. ეს იმიტომ, რომ სანამ სასამართლო მორჩილი მოსამართლეებით დაკომპლექტდებოდა, ჩვენ ამ ორგანოს მეშვეობით მრავალი კარგი საქმე გავაკეთეთ.”

”ახალ თაობაშივე” წაიკითხავთ ინტერვიუს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრ გუგული მაღრაძესთან, რომელიც ჰყვება: ”რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გვარებს ვერ დავასახელებ, საკმაოდ ოდიოზური პიროვნებები მოდიოდნენ პარლამენტიდან, რომლებიც ხუბუას ძალიან ”აწვებოდნენ”, განცხადება სასწრაფოდ დაწერე და გადადექიო. ძალიან ხშირად მოდიოდნენ განათლების კომიტეტის წარმომადგენლები.”

”საქართველოს რესპუბლიკა” მკითხველს მოუთხრობს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში გამართულ მორიგ შეხვედრაზე, რომელიც მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა. ავტორი წერს: ”არც ერთ მეცნიერს არ უკითხავს, რას ფიქრობდა პროექტის სახალხო განხილვის კომისიის ხელმძღვანელი ამ ბოლო დროს საზოგადოების ვნებათაღელვაზე - თითქოსდა, სამომავლოდ, ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი მოირგებს პრემიერის თანამდებობას... დავით ბაქრაძემ შეხვედრის დასასრულს თავად გაამახვილა ყურადღება ამ საკითხზე...”
XS
SM
MD
LG