Accessibility links

logo-print

ევროკომისიის პრეზიდენტი ახალი წინადადებებით გამოვიდა


ჟოზე მანუელ ბაროზუ, ევროკომისიის პრეზიდენტი

ჟოზე მანუელ ბაროზუ, ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკავშირი ერთი ქვეყანა არ არის, მაგრამ სამშაბათს სტრასბურგში მისი, როგორც ერთეულის, მდგომარეობის შესახებ გააკეთა მოხსენება ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ. ის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზოგიერთი მთავრობისთვის მიუღებელი ინიციატივებითაც გამოვიდა.

მას მერე, რაც ევროკავშირმა, როგორც იქნა, მოახერხა დაემტკიცებინა ახალი კონსტიტუცია, ანუ რაც ლისაბონის ხელშეკრულება ყველა 27-მა სახელმწიფომ აღიარა, ევროპის ბლოკი ცენტრალიზებული მართვისკენ წავიდა. ისეთი მწვავე სფერო, როგორიცაა გადასახადები, ჟოზე მანუელ ბაროზუს სტრასბურგში გამოთქმული ინიციატივების თემა იყო, რაც წევრ ქვეყნებს აფიქრებინებს, რომ კიდევ უფრო კარგავენ დამოუკიდებლობას. მოელიან, რომ არა მარტო ეს საკითხი, არამედ ბაროზუს პოლიტიკური წინადადებებიც გამოიწვევს დაპირისპირებას ევროკავშირის ზოგიერთ დედაქალაქთან. ბაროზუმ სტრასბურგში, ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლისას, ფაქტობრივად, განაახლა სჯა-ბაასი, ასე ვთქვათ, ევროკავშირის გადასახადების შემოღების გარშემო. მან თქვა, რომ აქვს წინადადება, შემუშავდეს ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი მომავალში საკუთარი სახსრებით დაფინანსდება, ანუ წევრი ქვეყნები თავიანთ წილს კი აღარ გადაიხდიან სახელმწიფო ბიუჯეტებიდან, როგორც დღეს მოქმედი წესი მოითხოვს, არამედ შეიქმნება ერთიანი საფინანსო ბაზა. ბაროზუს თქმით, ამჟამად მოქმედმა საფინანსო პრინციპმა, რომელიც წევრების მიერ გადარიცხულ თანხებს ეფუძნება, თავის ზღვარს მიაღწია. ბაროზუმ, როცა სხვადასხვა ქვეყანას ამ ერთიანობისკენ მოუწოდებდა, განაცხადა:

„ეს არის ევროპის სიმართლის ჟამი. ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის მეტია, ვიდრე 27 სხვადასხვა ქვეყნის პოზიცია. ან ერთად ვიცურებთ, ან ჩავიძირებით ცალ-ცალკე.“

ბაროზუს თქმით, ევროკავშირში ეკონომიკური აღმავლობა სიჩქარეს კრეფს. ზრდა უფრო სწრაფია, ვიდრე ველოდით, მაგრამ კმაყოფილების საფუძველი ჯერ მაინც არ გვაქვსო. მისი თქმით, ევროკომისიის წინადადება იქნება შეიქმნას სამართლიანი და ეფექტიანი სისტემა. მანვე ევროპის შიდა ბაზრის თაობაზე თქვა, არასაკმარისად ვიყენებთ და ის დაუყოვნებლივ უნდა გავაღრმაოთო.

თუმცა ბაროზუმ იქვე განუცხადა დეპუტატებს, ვიცი, რომ ჩემს იდეებს მხარს ყველა არ დაუჭერსო, მაგრამ ბევრი ამას ისე აკეთებს, არც კი იცის, რაზეა ლაპარაკიო. ეს მინიშნება ალბათ ეხებოდა ბერლინს, რომელმაც ერთი თვის წინ მძაფრი წინააღმდეგობა გაუწია ბრიუსელის მიერ წამოყენებულ იდეას, შეიქმნას საერთო ევროპული საგადასახადო სისტემა. მართალია, ბაროზუს წინადადებებს პარლამენტის დიდი პარტიები მიემხრნენ, მაგრამ სამშაბათის გამოსვლას მოჰყვა, მაგალითად, ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარის მარტინ შულცის შენიშვნა, როცა ევროპის კავშირის საკუთარ სახსრებზე ლაპარაკობთ, საბჭოს სამი მეოთხედი თქვენი წინააღმდეგიაო. შულცის მსგავსი პოზიცია დაიკავეს მწვანეთა წარმომადგენელმა დანიელ კონ-ბენდიტმა და ლიბერალური ფრთის წევრმა გი ფერჰოფშტადტმა, რომლებმაც ბაროზუს ბრალი დასდეს, გერმანულ-ფრანგულ მმართველობას არასაკმარის წინააღმდეგობას უწევსო. კონ-ბენდიტმა ბაროზუ იმაშიც დაადანაშაულა, კომისიისთვის ადრევე ცნობილი იყო საბერძნეთის მძიმე საფინანსო პრობლემები და, უბრალოდ, დუმილი ამჯობინაო. აქვე გეტყვით, რომ იმავე შულცმა ბაროზუ გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან თავშეკავებით ილაპარაკა საფრანგეთიდან ბოშების განდევნის შესახებ. შულცს სურდა, რომ ბაროზუს ნიკოლა სარკოზის მთავრობა დაესახელებინა. ამავე სფეროში ლიბერალების სახელით ფერჰოფშტადტმა განაცხადა, საფრანგეთის ქმედება მიუღებელია და ევროკავშირის პრინციპებსა და ფასეულობებთან შეუსაბამოო. ბაროზუმ კი, როცა ზოგადად მიგრაციისა და მის მიმართ ევროპის კავშირის მიდგომის გარშემო ლაპარაკობდა, თქვა, კანონიერი მიგრანტების ადგილი იქ არის, სადაც ჰუმანიტარულ ფასეულობებს პატივს სცემენო, მაგრამ ჩვენ შევებრძოლებით არალეგალურ ემიგრაციას ევროპაში და მის საზღვრებზეო:

„ევროპაში ყველამ უნდა სცეს პატივი კანონს და მთავრობებმა პატივი უნდა სცენ ადამიანის უფლებებს, უმცირესობის უფლებების ჩათვლით. რასიზმსა და ქსენოფობიას ევროკავშირში ადგილი არ აქვს.“

ევროკომისიის თავმჯდომარე შეეხო ირანელი ქალის - საქინე მოჰამადი-აშთიანის - გახმაურებულ საქმესაც და მისთვის ცოლქმრული ღალატის გამო მისჯილ ჩაქოლვას „სიტყვით გამოუთქმელი ბარბაროსობა“ უწოდა.
ევროკომისიის თავმჯდომარემ სინანულით აღნიშნა აგრეთვე, რომ თავდაცვის საერთო პოლიტიკის უქონლობის გამო (ამ იდეას, სხვათა შორის, ავსტრია და ირლანდია არ ემხრობიან), ევროკავშირი ვერ მოიპოვებს საჭირო პოლიტიკურ წონას მსოფლიოში. ბაროზუმ სტრასბურგში განაცხადა, ჩვენი ევროპული პროექტის ძირითადი განზომილება თავისუფლების, უსაფრთხოებისა და სამართლიანობის არეალის შექმნააო.
XS
SM
MD
LG