Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ურმას პაეტი ომისგან დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა


ურმას პაეტი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ურმას პაეტი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი შიდა ქართლში იმყოფებოდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად მან ოკუპირებული ახალგორის მოსაზღვრე სოფელი ოძისი დაათვალიერა, საიდანაც ერგნეთში გაემგზავრა და ყოფილი ბუფერული ზონის სოფლების მდგომარეობით დაინტერესდა. პაეტმა ერგნეთიდან რუსულ საგუშაგოს და ცხინვალსაც გადახედა, შეხვდა ქართულ საგუშაგოზე მყოფ პოლიციელებს და უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესდა.

ურმას პაეტმა აღნიშნა, რომ რუსი სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპირება საერთაშორისო სამართლისთვის სრულიად მიუღებელია...
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რეგიონში არსებულ მდგომარეობას დეტალურად შიდა ქართლის გუბერნატორთან, ზურაბ არსოშვილთან შეხვედრისას გაეცნო. სტუმარი 2 წლის წინ, აგვისტოს ომის დროს ოკუპირებულ ქალაქში საელჩოს თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა. პირველი, რაც მინისტრმა გაიხსენა, იყო ის, რომ ორი წლის წინ ქალაქი ცარიელი დახვდა და ცენტრში მხოლოდ სტალინის ძეგლი იდგა. ახლა ქალაქი სავსეა, სამაგიეროდ, ძეგლი აღარ დგას.

მოგვიანებით ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და შიდა ქართლის გუბერნატორს შორის საუბარი დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა. შეხვედრის დასასრულს ურმას პაეტმა აღნიშნა, რომ რუსი სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპირება საერთაშორისო სამართლისთვის სრულიად მიუღებელია.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას პაეტისა (მარჯვნიდან მეორე) და შიდა ქართლის გუბერნატორის, ზურაბ არსოშვილის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.
შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა შეხვედრის დასასრულს აღნიშნა, რომ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გორის რაიონში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა. როგორც ცნობილია, ჩრდილოეთით მდებარე სოფლებისთვის მთავარ პრობლემას ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი მოსახლეობის მიწის ნაკვეთები და სარწყავი წყლის არარსებობა წარმოადგენს. არსოშვილის თქმით, ურმას პაეტმა რეგიონს დახმარება შესთავაზა. დღესვე გადაწყდა, რომ გორი და ესტონეთის ერთ-ერთი ქალაქი მალე დამეგობრდებიან.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შიდა ქართლში ვიზიტამდე წეროვანის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.
XS
SM
MD
LG