Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ეუთოს მისიის ბედი კვლავაც გაურკვეველია


ეუთოს გენერალური მდივანი მარკ პერენ დე ბრიშამბო
ეუთოს გენერალური მდივანი მარკ პერენ დე ბრიშამბო
თბილისს სტუმრობს ეუთოს ორი მაღალი რანგის პოლიტიკოსი: ყოფილი თავმჯდომარე ქვეყნის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდერ სტუბი და ორგანიზაციის გენერალური მდივანი მარკ პერენ დე ბრიშამბო. მათი ვიზიტები, ოფიციალური შეხვედრების გარდა, დევნილების მონახულებასა და კონფლიქტის ზონაში სტუმრობასაც მოიცავდა. აღდგება თუ არა ეუთოს მისია საქართველოში? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ორივე დიპლომატს უჭირს.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდერ სტუბი საქართველოში ბოლოს 2008 წლის აგვისტოში - რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში - იმყოფებოდა. 8 სექტემბერს თბილისში თავის ქართველ კოლეგასთან, გრიგოლ ვაშაძესთან, შეხვედრის შემდეგ მან 2008 წლის მოვლენები გაიხსენა, როდესაც გორში საკუთარი თვალით იხილა როგორ გამოჰყავდა ხალხი კონფლიქტის ზონიდან სატვირთო ავტომანქანებს, და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ასეთი ტრაგედია აღარ განმეორდება. სტუბი აგვისტოს ომის დროს ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცის თავმჯდომარე იყო, ხოლო 2009 წლიდან, - საქართველოში ამ მისიის მოღვაწეობის შეწყვეტის შემდეგ, - გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, ფინეთი იყო სწორედ ის ქვეყანა, რომელმაც ევროკავშირის მისიის ჩამოყალიბებისა და საქართველოში გამოგზავნის საქმეში უდიდესი როლი შეასრულა. საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ალექსანდერ სტუბმა ისურვა, რომ საქართველომ არჩეულ ევროპულ გზას არ გადაუხვიოს:

”ვფიქრობ, მოლაპარაკებების დაწყება საქართველო-ევროკავშირის ასოცირებული შეთანხმების შესახებ, ევროკავშირის ასევე ასოცირებული წევრობა უმნიშვნელოვანესი საკითხია საქართველოსთვის. დროულია ვიზების გამარტივებისაკენ გადადგმული ნაბიჯებიც. უნდა დადგეს დრო, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლებათ იმოგზაურონ ევროკავშირის ქვეყნებში. და მესამე და მნიშვნელოვანი საკითხია თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირსა და საქართველოს შორის.”

ალექსანდერ სტუბმა საქართველო-რუსეთის კონფლიქტი სამ ფაზად დაყო. პირველი – დაძაბულობის, მეორე – განმუხტვის, ხოლო მესამე უკვე კონფლიქტის მოგვარების ეტაპებად. ბოლო, მესამე, მისი თქმით, ყველაზე რთული და ხანგრძლივი პროცესია:

”ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის თქმა, თუ როდის მოგვარდება კონფლიქტი, თუმცა თქვენ იცით, რომ ევროკავშირის პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ურყევია. მოხარული ვარ, რომ ჟენევის მოლაპარაკებები გრძელდება, ვცდილობთ ეს პროცესი წინ წავიდეს. მეორე და მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოს ეკონომიკური გაძლიერება, რომ ის რაც შეიძლება მიუახლოვდეს ევროკავშირს და მისი წევრობის რეალური კანდიდატი გახდეს. მაგრამ აქვე აღვნიშნავ, რომ დღეს არსებული სიტუაცია არც ისე სახარბიელოა. ახლა მთავარია, რომ საქართველო და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ.”

ალექსანდერ სტუბის ვიზიტი საქართველოში დაემთხვა გაეროს გენერალური ასამბლეის 64-ე სესიაზე საქართველოს მიერ დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებული რეზოლუციის განხილვას. ამ დოკუმენტს სხვა ქვეყნებთან ერთად მხარი ფინეთმაც დაუჭირა. ეუთოს ყოფილი გენერალური მდივნის ვიზიტს დაემთხვა მისი კოლეგის, ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარის, მარკ პერენ დე ბრიშამბოს ვიზიტი თბილისში. დღის განმავლობაში ბრიშამბო ჯერ ახალგორის მოსაზღვრე სოფელ ოძისს ეწვია. იქ არსებული ვითარება ეუთოს ხელმძღვანელს ევროკავშირის დამკვირვებლებმა გააცნეს. ბრიშამბომ სოფელ ოძისშივე თქვა, რომ რუსეთის სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპირება საერთაშორისო სამართლისთვის სრულიად მიუღებელია. მან საქართველოში დარჩენილი ერთადერთი საერთაშორისო მისიის - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის - მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა არ უნდა ცნონ ის ცვლილებები, რომელიც აქ რუსეთმა განახორციელა."

მარკ პერენ დე ბრიშამბო საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციური პარტიების ლიდერებსაც შეხვდა. ეუთოს როლის მნიშვნელობასა და იმაზე, რომ საქართველოში უსაფრთხოების გარანტიებისთვის ყველა გზა უნდა გამოიძებნოს, რათა ეუთოს მისია საქართველოში კვლავ დაბრუნდეს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს. თუმცა აღდგება თუ არა ეუთოს მისიის მოღვაწეობა საქართველოში, მიუხედავად მოლაპარაკებებისა, გრიგოლ ვაშაძის თქმით, კვლავ გაურკვეველია.

თავად ეუთოს გენერალური მდივანი კი ამბობს, რომ ლაპარაკი ეუთოს მისიის დაბრუნებაზე საქართველოში შესაბამის ორგანიზაციებში არასოდეს შეწყვეტილა და ის მოხარული იქნება, თუ მისია ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ შეძლებს მოღვაწეობის გაგრძელებას, თუმცა ჯერჯერობით, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, - მათ შორის, საბერძნეთის თავმდჯომარეობის პერიოდშიც, - პროგრესი არ არის. თუმცა ბრიშამბო იმედს გამოთქვამს, რომ ეუთოს სამიტზე საქართველოს საკითხს აუცილებლად დააყენებენ:

”მინისტრთან საუბრისას ჩვენ განვიხილეთ, თუ რა მოსამზადებელი სამუშაოები უნდა შეასრულოს საქართველომ ამ სამიტისათვის, რომელ პრობლემაზე გამახვილდეს ყურადღება სპეციალურ დეკლარაციაში და რაზე გაკეთდეს აქცენტი სამოქმედო გეგმაში, რომლითაც საქართველო წარდგება ეუთოს სამიტზე.”

ეუთოს სამიტი, რომელიც ბოლო თერთმეტი წლის განმავლობაში პირველად ტარდება, ასტანაში 1-2 დეკემბერს არის დაგეგმილი.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG