Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2,5 ათას ჰექტარზე გადამწვარი ტყე


ხანძარი აწყურის ტყეში, ბორჯომის ხეობა
ხანძარი აწყურის ტყეში, ბორჯომის ხეობა
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო სააგენტოს მონაცემებით, წელს ზაფხულის განმავლობაში გაჩენილმა ხანძრებმა 430 ჰექტარი ფართობის ტყის მასივი გაანადგურა. ყველაზე მასშტაბური იყო ხანძარი აწყურის სატყეო უბანზე, სადაც 300 ჰექტარი დაიწვა. სულ, ოფიციალური მონაცემებით, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ცეცხლის სტიქიამ 2 ათას 500 ჰექტარი ტყის ფართობი შეიწირა. რა კეთდება გადამწვარი ტყეების აღდგენისა და ხანძართან ბრძოლის თვალსაზრისით?

ზაფხულის ხანძრებმა ყველაზე მეტად სამცხე-ჯავახეთის მხარე დააზარალა. 2008 წელს 950 ჰექტარზე გადამწვარ ტყეს წლევანდელი 300 ჰექტარიც დაემატა. 4 აგვისტოს აწყურის სატყეო უბანში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობა თითქმის მთელი თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა. არადა, სტიქიას საქართველოს ყველა კუთხიდან მობილიზებული მეხანძრეები ებრძოდნენ, თუმცა სპეციალისტები იმასაც შენიშნავენ, რომ ტყის გადასარჩენად მხოლოდ კლიმატური პირობები და მეხანძრეთა თავდადება არ კმარა, საჭიროა ხანძრის პრევენცია. საინტერესოა, რას აკეთებს ამ მიმართულებით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო? სატყეო სააგენტოს თავმჯდომარის პაპუნა ხაჩიძის პასუხი:

„სატყეო სააგენტოს მთავარ ფუნქციებში შედის ხანძრის პრევენცია. ამ მხრივ, ვაპირებთ, რომ სატყეო-სახანძრო გზები მოვაწესრიგოთ. ამ მიმართულებით წავა ჩვენი ძირითადი აქტივობა, რათა ხანძრის საწყისი კერების ლიკვიდაცია არ გაჭირდეს და არ დაგვჭირდეს სხვა სამსახურების ჩაბმა. ასევე ვაპირებთ მცირე რაოდენობით ინვენტარის შეძენას, მაგრამ ჩვენთვის მთავარი ხანძრის პრევენციაა.“

ხანძრის პრევენციას კი, რომლის შესახებაც პაპუნა ხაჩიძე საუბრობდა, ბუნებრივია, სჭირდება სპეციალური ტექნიკა და კვალიფიციური კადრები. გარემოს დაცვის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას სწორედაც რომ ამ ორი კომპონენტის სიმწირის გამო უსაყვედურებენ. ეკოლოგიური სამართლის ცენტრის წარმომადგენელი ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში გარემოს დაცვის სამინისტრომ არასწორი საკადრო პოლიტიკა აწარმოა, რამაც, თავის მხრივ, ღრმა კვალი დაამჩნია ტყეებს:

„სამინისტრომ თავის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურებით ვერ უზრუნველყო ტყის მასივების სათანადოდ დაცვა და მოვლა. ხანძრების მიზეზი რეინჯერების დაბალი კვალიფიკაცია და საქმისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა. ამ ადამიანებს - გარემოს დაცვის ინსპექტორებსა და რეინჯერებს - ლამის ყოველდღე აპატიმრებენ“, უთხრა რადიო თავისუფლებას ნიკოლოზ მჟავანაძემ.

იმას, რომ ტყეების ბედი, ხშირ შემთხვევაში, არაკომპენტენტური და არაკეთილსინდისიერი პერსონალის ხელშია, დარგის სპეციალისტებიც შენიშნავენ. სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სატყეო დეპარტამენტის უფროსის, პროფესორ თეიმურაზ კანდელაკის თქმით, საქმეს არაფერი ეშველება, თუკი ტყეში არ ჩატარდება ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები, არ გაკეთდება მინერალიზებული ზონები, წინასწარ არ დაიქირავებენ მეხანძრეებს, სატყეო უბანს არ ეყოლება ტყის დაცვის ინჟინერი და, ზოგადად, ტყეს არ დაუბრუნდება მეტყევე:

„ეს ყველაფერი განადგურდა. მეტყევეები ტყიდან გამოდევნეს... არავინ იცის რა ღონისძიებები ჩაატარონ, რომ ხანძრები არ გაჩნდეს და როცა გაჩნდება, არ იციან როგორ ჩააქრონ, ამასაც ცოდნა უნდა. არის სპეციალური დარგი - პიროლოგია, რომლის ცოდნა ტყეში ხანძრების პრევენციისათვის აუცილებელია. აუცილებლად უნდა გადახედონ სატყეო მეურნეობის ორგანიზაციულ სტრუქტურას. უნდა გადაწყდეს საბოლოოდ: ტყეში მეტყევეები უნდა იყვნენ; ვინც ცუდია, დასაჯონ!“

უნდა ითქვას, რომ ტყის ხანძრების მასშტაბები მკვეთრად გაიზარდა 2007 წლის შემდეგ. 2007-ში მხოლოდ 4 ჰექტარი დაიწვა, 2008 წელს, რუსეთის აგრესიის დროს, ათას ასი ჰექტარი, 2009 წელს - 720 ჰექტარი, მიმდინარე წლის 8 თვეში კი 430 ჰექტარი. პროფესორ თეიმურაზ კანდელაკის თქმით, ხანძრების შედეგად გამოწვეული ზარალი დიდია და მისი სწრაფად აღმოფხვრაც ვერ მოხერხდება, ადამიანის აქტიური ჩარევა კი მხოლოდ ავნებს საქმეს.

„საჭიროა ორი რამ: შემოღობვა, რომ საქონელი არ შევიდეს და ბალახი არ მოძოვოს და, მეორე, არ განადგურდეს დარჩენილი ხეები, რომელთა თესლის ცვენა უდავოდ დააჩქარებს რეგენერაციის პროცესს“, უთხრა თეიმურაზ კანდელაკმა რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG