Accessibility links

logo-print

საკონსტიტუციო კომისია ოპოზიციის შენიშვნების ნაწილს გაითვალისწინებს


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე (მარჯვნიდან მეორე) ხვდება ოპოზიციის წარმომადგენლებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე (მარჯვნიდან მეორე) ხვდება ოპოზიციის წარმომადგენლებს

თბილისში გრძელდება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული მსჯელობა. ამჯერად პროცესში ოპოზიციური პარტიებიც ჩაერთნენ. მეორე დღეა, რაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციური ლიდერების შენიშვნებს ისმენს. 9 ივლისს საკუთარი პოზიცია დავით ბაქრაძეს ”ახალმა მემარჯვენეებმა” და ”მრეწველებმა” გააცნეს. ერთი დღით ადრე კი საკუთარი ხედვა ხელისუფლებას ირაკლი ალასანიას გუნდმა წარუდგინა.

ახალ მემარჯვენეებს, ალასანიას გუნდისგან განსხვავებით, იმედი აქვთ, რომ მათ შენიშვნებს საკონსტიტუციო კომისია გაითვალისწინებს და რომ 9 სექტემბრის შეხვედრა შეხვედრისთვის არ შემდგარა. ”ახლების” ლიდერი დავით გამყრელიძე მედიასთან ადასტურებს, რომ მათ გარკვეული ცვლილებების შეტანის დაპირება მიიღეს. მაგალითად, ”ახლები” იმედოვნებენ, რომ კომისია გაითვალისწინებს მათ მიერ წარმოდგენილ საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ შენიშვნებს და კანონში აღდგება ძველი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მესაკუთრის უფლებები მეტად დაცული იქნება. ”ახლების” ინიციატივით, თვითმმართველობის თავს კონსტიტუციაში ცალკე მსჯელობა უნდა მიეძღვნას, რაშიც არასამთავრობო სექტორიც ჩაერთვება. რაც შეეხება კონსტიტუციის პოლიტიკურ ნაწილს, მთავრობასა და პარლამენტს შორის ძალთა გადანაწილებას, გამყრელიძის თქმით, ყველაზე ცხარე კამათი სწორედ ამ საკითხმა გამოიწვია:

”ის, რომ ნდობას პრემიერ-მინისტრი იღებს და არა მთავრობა და რომ მხოლოდ ერთ პიროვნებას შეუძლია როგორც სურს და რამდენჯერაც მოინდომებს ცვალოს მთავრობა და არანაირი ვალდებულება პარლამენტის უმრავლესობისა თუ უმცირესობის მიმართ მას არ გააჩნია, ნამდვილად არის უკანგადადგმული ნაბიჯი და ამის შეცვლა ჯერ კიდევ შესაძლებელია.”

ახალი მემარჯვენეების პრინციპულ შენიშვნებს შორის არის კონსტიტუციიდან მთლიანად ამოღებული ორგანული კანონის საკითხიც:

”ჩვენი შეთავაზებაა საგადასახადო და შრომის კოდექსები სტატუსით ამაღლდეს და ორგანული კანონი გახდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსი ვეღარ შეიცვლება უბრალო უმრავლესობით პარლამენტში, ანუ მეწარმე, ინვესტორი უფრო დაცული იქნება ამ ქვეყანაში და უფრო პროგნოზირებადი გახდება ქვეყანაში საგადასახადო სისტემის მომავალი. ამას გარდა, ჩვენი აზრით, დაცული უნდა იყოს დაქირავებულის შრომითი უფლებებიც.”

შეხვედრებიდან გამოსული ოპოზიციის წარმომადგენლების კომენტარებიდან ნათლად გამოჩნდა, რომ მათ კონსტიტუციის პოლიტიკურ ნაწილში ცვლილებების იმედი ნაკლებად აქვთ, თუმცა ამას საკუთარი მოსაზრების გამოთქმისათვის ხელი არ შეუშლია. აი, მაგალითად, ასეთი იყო პარლამენტის თავმჯდომარესთან მისული ”მრეწველების” ლიდერის, ზურაბ ტყემალაძის ერთ-ერთი შენიშვნა:

”არსად წერია, რომ მთავრობა ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე და საერთოდ როგორ შეიძლება, რომ სახელისუფლო ორგანოები ერთმანეთის მიმართ არ იყოს პასუხისმგებელი. ეს ჩანაწერი აუცილებლად შესატანია.”

ირაკლი ალასანიას გუნდის წევრებმა ანალოგიური შეხვედრა საკონსტიტუციო კომისიასთან ერთი დღით ადრე, 8 სექტემბერს, გამართეს, თუმცა, როგორც ”თავისუფალი დემოკრატების” წევრი თეა წულუკიანი აცხადებს, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მისი თქმით, ასეთი მოლოდინი მათ ისედაც ჰქონდათ, თუმცა შეხვედრაზე ალასანიას გუნდი ერთი მიზეზით დათანხმდა - ღიად გამოეხატათ საკუთარი მწვავე პოზიცია. წულუკიანი ამბობს, რომ მოდელი, რომელსაც ხელისუფლება საზოგადოებას სთავაზობს, აბსოლუტურად მიუღებელია მათი პოლიტიკური ძალისათვის და, აი, რატომ:

”ეს არც საპარლამენტო მოდელია და, მით უმეტეს, არც საპრეზიდენტო. ეს რაღაც გაუგებარი მოდელია, რასაც წერს კიდეც ვენეციის კომისია თავის დასკვნაში. ჩვენ ვემხრობით შერეულ საპრეზიდენტო მოდელს. შესაბამისად, წარმოდგენილი მოდელი მიუღებელია. მათ გვითხრეს,რომ ვერც ერთ თქვენს შენიშვნას ვერ გავიზიარებთ, რადგან მოდელის შესახებ ჩვენს შორის კონცეპტუალური სხვაობა ყოფილაო და ეს, მართლაც, ასეა. ასევე მათი საუბრიდან დავასკვენი, რომ მომავალ პარლამენტში მათ მაქსიმუმ ადგილების 40%-ის აღების იმედი აქვთ, ამიტომ მათ სჭირდებათ, რომ ქვეყნისათვის მეტად მნიშვნელოვანი კანონები უფრო მარტივი უმრავლესობით იქნეს ხოლმე მიღებული. ორგანული კანონის ამოღებასაც კონსტიტუციიდან სხვანაირად ვერ ვხსნი”, აცხადებს თეა წულუკიანი.

რამდენიმესაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით ბაქრაძემ მედიასთან განაცხადა, რომ კომისია ოპოზიციის შენიშვნების ნაწილს - მათ შორის, ორგანულ კანონთან დაკავშირებით - გაითვალისწინებს.

დღის მეორე ნახევარში საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხს „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეც გამოეხმაურა და საზოგადოებას მოუწოდა არ დაუშვან ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ვარიანტის მიღება.

რაც შეეხება 9 სექტემბერს მოსმენილ შენიშვნებს, საკონსტიტუციო კომისია მათ ორშაბათს შემაჯამებელ სხდომაზე განიხილავს.
XS
SM
MD
LG