Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დედაქალაქის ქუჩები წიგნების გარეშე


თბილისის მერიის ბრძოლას გარევაჭრობასთან წიგნების მოყვარულთა ინტერესები შეეწირა. სურსათისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ვაჭრობასთან ერთად მერიის ზედამხედველობის სამსახურმა წიგნებით ვაჭრობა აკრძალა მიწისქვეშა გადასასვლელებში, მეტროსადგურების მახლობლად და სკვერებში. წიგნებსა და წიგნების გამყიდველებს ვეღარ შეხვდებით ვერც გამომცემლობა „სამშობლოს“ წინ, ვერც მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან და ვერც პუშკინის სკვერთან. რატომ დაიცალა დედაქალაქის ქუჩები წიგნებისგან და რას სთავაზობს თბილისის მერია იმ ადამიანებს, რომლებსაც წიგნებით უდგათ სული?

თბილისის საკრებულოს შენობიდან რამდენიმე მეტრში, თავისუფლების მოედანსა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს შორის წიგნებით კომუნისტების დროსაც ვაჭრობდნენ. იყიდებოდა ყველა სახის ლიტერატურა - ახალიც და ბუკინისტურიც. ვითარება შეიცვალა 2010 წლის 11 აგვისტოს, როცა ბანანებთან, ყვავილებთან, ბიჟუტერიასა და ტანისამოსთან ერთად მერიამ ქუჩაში წიგნებით ვაჭრობაც აკრძალა. მერი გამჯაშვილი, წიგნებით მოვაჭრე, 15 წლიანი გამოცდილებით, 11 აგვისტოს ასე იხსენებს:

„მოვიდა ქალაქის ზედამხედველობის სამსახური და გაგვაფრთხილა, ხვალ აღარ გამოხვიდეთ სამსახურში, თორემ წიგნებს წაგართმევთო.“
მერი გამჯაშვილსა და მის კოლეგებს მერიის თანამშრომლებისათვის წინააღმდეგობის გაწევა არ უცდიათ. შესაბამისად, პუშკინის სკვერიდან მოყოლებული, ვიდრე კოსტავას გამზირამდე, წიგნებით მოვაჭრე ერთ ადამიანსაც ვეღარ შეხვდებით. მერი გამჯაშვილის მსგავსად, შემოსავლის გარეშე დარჩა დავით ჭარელაშვილი, რომელიც თბილისელებს ძირითადად ლექსიკონებსა და ისტორიულ-ფილოსოფიურ ლიტერატურას სთავაზობდა.

„20 წელია წიგნებს ვყიდი, სხვა საქმე არ ვიცი, ძალიან გამიჭირდება. არ მოვკვდები, მაგრამ წიგნების სამყარო, სული მოკვდება ქალაქში, გაქრება კოლორიტი, რომელიც რუსთაველზე იყო - ესაა მთავარი. გაქრება წიგნების სამყარო!“ - უთხრა თავისუფლებას დავით ჭარელაშვილმა.
უნდა ითქვას, რომ დედაქალაქის ქუჩებიდან წიგნების გაუჩინარება, შეუმჩნეველი არ დარჩენიათ თბილისელებს. მათი დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ წიგნებით ვაჭრობა არ აუშნოებდა ქალაქს.

გადაწყვეტილებას, რომელიც თბილისის მერიამ მიიღო, წიგნით მოვაჭრეების გარდა, ხელისუფლების ოპონენტებიც აკრიტიკებენ. დეპუტატი ჯონდი ბაღათურია ფიქრობს, რომ დედაქალაქის თვითმმართველობა, კონსულტაციების შემდეგ, აუცილებლად შეცვლის გადაწყვეტილებას. დეპუტატს საკრებულოს თავმჯდომარის, მწერალ ზაალ სამადაშვილის იმედი აქვს:

„საკრებულოს თავმჯდომარე განათლებული და წიგნიერი კაცია! როგორ შეიძლება მან წიგნებით ვაჭრობა აკრძალოს? სულ სამ ადგილას იყიდება წიგნები ქუჩაში: თავისუფლების მოედანთან, გამომცემლობასთან და უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტის წინ წიგნით ვაჭრობა როგორ უნდა აუკრძალო ადამიანს? რა უნდა იყოს ამის მოტივი?“

მოტივი, როგორც ჩანს, ანტისანიტარია და ქალაქის იერსახის დამახინჯებაა. ყოველ შემთხვევაში, თბილისის თვითმმართველობა გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. აი, რა უთხრეს რადიო თავისუფლებას მერიის პრესსამსახურში:
„წიგნებით ვაჭრობა შეიძლება მხოლოდ დედა ენის ძეგლთან. იქ არის გამოყოფილი ტერიტორია, სადაც შესაძლებელია წიგნების ყიდვა-გაყიდვის წარმოება.“
მერიის თანამშრომლებისგან განსხვავებით, დედა ენის ძეგლთან წიგნებით ვაჭრობას უპერსპექტივო საქმედ მიიჩნევენ თავად წიგნების გამყიდველები:

„დედა ენის ძეგლის უკან, მტკვრის ჯებირზე დაამონტაჟეს რაღაც შავი ყუთები, სადაც არის საშინელი მზისგული და სინესტე. გარდა ამისა, მიუდგომელი ადგილია: არ ჩერდება ტრანსპორტი... ისე, რა გახდა! ერაყში დედაქალაქის ცენტრში, ქუჩებში იყიდება წიგნები, კუბაში, ჰავანაშიც... ასეთი ფორმით მიღებულია ყველგან, მსოფლიოს ყველა ქალაქში. ლონდონში ქალაქის ცენტრში წიგნების მთელი უბნებია“, უთხრა რადიო თავისუფლებას მერი გამჯაშვილმა.

თუმცა, ასეც რომ არ იყოს მიღებული სხვა დიდ ქალაქებში, წიგნებით ქუჩაში ვაჭრობის აკრძალვას მეტი არგუმენტაცია სჭირდება, - ასე მიაჩნია მწერალ ნაირა გელაშვილს, რომლის თქმითაც, კარგისა და ცუდის გასარჩევად ყოველთვის არაა საჭირო სხვა ქვეყნებისა და ქალაქების გამოცდილების ცოდნა:

„არ არის საჭირო ყოველთვის სხვასთან გაკითხვა, იქ როგორ არის. თავისთავად კარგია წიგნები ქუჩაში! შემოაქვს სიცოცხლე, კულტურის ელემენტი, კიდევ ჩანს წიგნი ჩვენს ცხოვრებაში! რა საჭიროა აკრძალვა, ვის რას უშლის? თანაც ამდენი ხალხი უნდა დარჩეს ულუკმაპუროდ. - მთავარი საკითხი ესაა!“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG