Accessibility links

logo-print
დღევანდელი გაზეთები წერენ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის შესახებ. ”24 საათის” პირველ გვერდზე, სათაურით ”პატარა გამარჯვება”, წაიკითხავთ: ”ნიუ-იორკში ქართულმა დიპლომატიამ მორიგი წარმატება მიითვალა. უკვე მე-3 წელია, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციის ქართულ პროექტებს იღებენ. საქართველოს მხარდამჭერი ქვეყნების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება”.

”რეზონანსი” კი საქართველო-სომხეთის ურთიერთობას უძღვნის სტატიას, სათაურით ”სომხეთი საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობაში ადანაშაულებს“. ავტორი წერს: ”საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუმ, რომელიც გუშინ აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა, საქართველოსა და სომხეთს შორის შესაძლოა დიპლომატიური სკანდალი გამოიწვიოს. ვაშაძემ ექსკლუზიური ინტერვიუ აზერბაიჯანულ სააგენტო ”აპპას” ქართულ ბიუროს მისცა. სააგენტოს ცნობით, ვაშაძემ განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსული ბაზების დისლოკაციის დროის გაგრძელება საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის სუვერენიტეტისთვის, ამ უკანასკნელისთვის კი - ყველაზე მეტად.” - იმავე გაზეთში წაიკითხავთ პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილის კომენტარსაც: ”ვაშაძის განცხადების შინაარსს, რა თქმა უნდა, ვეთანხმები, მაგრამ სხვა საქმეა განცხადების გაკეთების მიზანშეწონილობა”, - ამბობს ის.

”ალიაში” „მწვანეთა“ პარტიის ლიდერ გიორგი გაჩეჩილაძესთან ინტერვიუში წაიკითხავთ: ”თუ ვინმემ შეამჩნია და მიაქცია ყურადღება, ამერიკელ კონგრესმენთა ვიზიტი საქართველოში დაგეგმილი არ ყოფილა. მაგალითად, ჰილარი კლინტონის იყო, სხვა მაღალჩინოსნებისაც, მაგრამ კონგრესმენების ვიზიტი ძალიან მოულოდნელად გაჟღერდა. და გეტყვით, რატომ: აგვისტოს დასაწყისში ამერიკისა და რუსეთის ერთობლივი საიდუმლო შეთანხმების თანახმად, გადაწყდა, რომ მიხეილ სააკაშვილი გავა ჰააგის ტრიბუნალზე. ეს არის უკვე გადაწყვეტილი და ეს იცის ძალიან კარგად მიხეილ სააკაშვილმა.” - ამას ამბობს ”მწვანეთა“ პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე ”ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში.
”ალია” წერს აგრეთვე, რომ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს სამი დღე ჰყავდა დაკავებული თბილისის ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი.
”ახალი თაობა” აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოს ყოფილ ვიცე-პრემიერ ავთანდილ მარგიანთან. სათაურია: ”სააკაშვილს ცუდ საქმეს მასონები აკეთებინებენ”. მარგიანი ამბობს: ”მე ყოველთვის ვამბობდი, რომ რუსეთი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დააბრუნებს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ამის ნათელი მაგალითი სასკოლო ატლასია, სადაც აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს ნაწილად არის წარმოდგენილი. ეს ამბავი რუკიდან ნამდვილ რეალობაში გადმოინაცვლებს.”

”ყველა სიახლეში” ”ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთ ლიდერ გუბაზ სანიკიძესთან ინტერვიუ იბეჭდება. სანიკიძე ამბობს: ”ყველანი ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან უახლოეს მომავალში ქართულ პოლიტიკაში ბევრი ”ცრუ წინასწარმეტყველი” გამოჩნდება და შეიძლება უმართავი პროცესებიც დაიწყოს. აჯანყებაზე ლაპარაკი და მისკენ მოწოდება დღეს დაუშვებელია. ხელისუფლების უბადრუკმა მოქმედებამ, უფრო სწორად კი, უმოქმედობამ, შესაძლოა, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მართლაც დაარწმუნოს, რომ აჯანყების გარდა სხვა გზა აღარ არსებობს. ამიტომ საკმაოდ მძიმე შემოდგომა გველის.”
”ყველა სიახლეშივე” შემოდგომის პოლიტიკურ სეზონზე რესპუბლიკური პარტიის ლიდერ დავით უსუფაშვილის მოსაზრებასაც გაეცნობით. ”მე ამ შემოდგომისგან განსაკუთრებულს არაფერს ველი. ყველა უნდა მიეჩვიოს, რომ ცვლილებები უნდა მოხდეს არჩევნებით და თუ 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებზე არ მოხდა ის, რასაც ველოდით, შემოდგომის დადგომა ამ საქმეს ვერაფერს უშველის”, - ამბობს დავით უსუფაშვილი.
XS
SM
MD
LG