Accessibility links

logo-print

ხვითელები ოკუპირებული ნაკვეთების სანაცვლოდ მიწებს ითხოვენ


სოფელ ხვითის მოსახლეობის მიწის ნაკვეთებზე სამხედრო ბაზებია განთავსებული

სოფელ ხვითის მოსახლეობის მიწის ნაკვეთებზე სამხედრო ბაზებია განთავსებული

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გორის რაიონის რამდენიმე სოფლის მიწის ნაკვეთები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოხვდა. მიწის გარეშე დარჩენილებმა ხელისუფლებას კომპენსაციის მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს, რადგან საკუთარ ნაკვეთებში გასვლას და მოსავლის მოყვანას ვეღარ ახერხებდნენ. სოფლების ნიქოზის, ერგნეთის, ხვითის, ზარდიაანთკარისა და გუგუტიანთკარის 100-ობით ჰექტარი მიწის ფართობი ოკუპირებულია. ორწლიანი ლოდინის შემდეგ სოფელ ხვითის მაცხოვრებლების ნაწილმა მეზობელ სოფლებში მიწის იჯარით დაქირავება და მოსავლის მოყვანა დაიწყო, მაგრამ ხვითისგან მოშორებულ ნაკვეთებში მათი გასვლა დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. ხვითელები ხელისუფლებას მიწის გამოყოფას საკუთარ სოფელშივე სთხოვენ.

სოფელ ხვითს ოსური სოფელი მუგუთი ესაზღვრება. ხვითის ფართობების ნაწილი, რომელიც მუგუთთან ახლოს მდებარეობდა, ახლა ოკუპირებულია. ხვითელები საკუთარ ბაღებს მხოლოდ შორიდან უყურებენ. ახლოს მისვლას ვერ ბედავენ, რადგან იქვე რუსი სამხედროების საგუშაგოებია განთავსებული. გარდა ამისა, არსებობს მწარე გამოცდილება, როცა უნებლიედ, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გამო მათი არაერთი თანასოფლელი დააკავეს და ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს.

მიწის გარეშე დარჩენილი გლეხების სოციალური მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, მათ მხოლოდ პატარა საკარმიდამო ნაკვეთები აქვთ დარჩენილი, საიდანაც ძალიან მცირე მოსავალს იღებენ. ხვითის რწმუნებულის ვანო გაბროშვილის განცხადებით, სოფელს სარეზერვო ფართობები არ გააჩნია, ამიტომ ალტერნატიული ფართობების გამოყოფა ვერ მოხერხდება.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე სოფელ ხვითის 300 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობია დარჩენილი. პრივატიზაციის შემდეგ სოფლის თითოეულ ოჯახს, საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გარდა, 1ჰექტარზე ცოტა მეტი მიწაც ერგო, მაგრამ ზოგიერთმა ომის შემდეგ ეს მიწა დაკარგა. სოფელში მიწის გარეშე ცხოვრება კი უკიდურეს გაჭირვებას ნიშნავს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG