Accessibility links

საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ირაკლი ალასანია ახალს არ უწოდებს თავის მიერ ბოლო დღეებში გახმაურებულ ინიციატივას, რომელიც აფხაზურ და ოსურ მხარეებთან ძალის გამოუყენებლობის ერთგვარი დეკლარაციის გაფორმებას გულისხმობს. აწ უკვე ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ამ საკითხზე ის წლების მანძილზე აქტიურად და საკმაოდ შედეგიანადაც მუშაობდა აფხაზეთის მიმართულებით. რას მოიტანს ეს ნაბიჯი და რას ფიქრობენ თბილისში - უნდა გაფორმდეს თუ არა ძალის გამოუყენებლობის რაიმე სახის დოკუმენტი სეპარატისტულ მხარეებთან?

როდესაც მხარეებს შორის ძალის გამოუყენებლობის დეკლარაციების გაფორმებაზე ლაპარაკობს, საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ირაკლი ალასანია საგანგებოდ განმარტავს, რომ აქ არავითარ შემთხვევაში არ იგულისხმება რაიმე სახის საერთაშორისო სამართლებრივი მნიშვნელობის ხელშეკრულება:

”ვსაუბრობ დეკლარაციაზე ორ მხარეს შორის. ქართული მხარის სახელით ქართული მხარის დელეგაცია მოაწერს ხელს, ხოლო აფხაზური მხარის სახელით აფხაზური... ვთვლი, რომ ასეთივე დეკლარაცია უნდა გაფორმდეს ქართულ და ოსურ მხარეებს შორისაც... არანაირი საერთაშორისო ლეგიტიმაციის ნიშნებიც კი არ იქნება ამ შემთხვევაში. ეს არის ობიექტურად კონფლიქტში არსებული მხარეების დეკლარაცია, რომ არ აპირებენ კონფლიქტის საომარი გზით გადაწყვეტას...”
ის, რაზეც ამჟამად უკვე ოპოზიციური პარტიის ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ლაპარაკობს, მისი მხრიდან ადრეც ბევრჯერ თქმულა. მეტიც, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარისა და საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის რანგში (აფხაზეთის მიმართულებით) ის წლების მანძილზე აქტიურად ცდილობდა ხსენებული დეკლარაციის გაფორმებას:

”მე და მოლაპარაკების პროცესში ჩართული აფხაზური მხარის წარმომადგენლები - მათ შორის, შამბაც - ვმუშაობდით ამ დოკუმენტზე 2005 წელს და ამავე დოკუმენტს მივუბრუნდით 2008 წლის მაისში და ახლიდან დავძარით ამ დეკლარირების ტექსტი. სამწუხაროა, რომ ეს არ მოხერხდა იმ პირობებში, როდესაც არ არსებობდა პოლიტიკური ნება სააკაშვილის... ”
თბილისის პოზიციით, სეპარატისტულ რეგიონებთან ძალის გამოუყენებლობის თემაზე რაიმე სახის დოკუმენტის გაფორმების საკითხი დღემდე მკაცრად გამოირიცხება. ამგვარი შეთანხმების გაფორმებას თბილისი არ გამორიცხავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დოკუმენტს ის მოსკოვთან, როგორც კონფლიქტის უშუალო მხარესთან, ერთად მოაწერს ხელს. აფხაზეთის მაგალითის მოშველიებით, სწორედ ამ თემას განიხილავდა 9 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე:
”დღეს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიასა და აფხაზეთს შორის გამყოფი არის სწორედ რუსი მესაზღვრეები, გამყოფი არის რუსი ჯარისკაცები და არა ვინმე სხვა... აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება რუსული სამხედრო ბაზები და რუსული შეიარაღება... ყველაფერი, რაც იქ ხდება, პრაქტიკულად წყდება მოსკოვში და წყდება რუსეთის გენერალურ შტაბში. ამიტომ მხარე არის რუსეთი და ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება, თუ ასეთი გაფორმდა, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა შეიცავდეს რუსეთს, როგორც მხარეს...”
თბილისის ამგვარ პოზიციას მტკიცედ ემხრობა ვაშინგტონი და 5 ივლისს თბილისში სტუმრობის დროს, ეს ყველაფერი დაწვრილებით განმარტა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმაც.
თუმცა, თავის მხრივ, ამ პოზიციას ირაკლი ალასანიაც ემხრობა. უნდა ითქვას, რომ, როდესაც აფხაზურ და ოსურ მხარეებთან სამშვიდობო დეკლარაციების გაფორმების საჭიროებაზე ლაპარაკობს, ის ოფიციალური ხელშეკრულების რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმების აუცილებლობასაც უსვამს ხაზს. მეტიც, მისი აზრით, ამ ხელშეკრულებაში, ძალის გამოუყენელობის გარანტიის გარდა, ”აღებული საერთაშორისო ვალდებულებების” შესრულების აუცილებლობაც უნდა დაფიქსირდეს.

თუკი რადიო თავისუფლების არქივს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ალასანიას მსგავს პოზიციას ჩვენთან საუბარში 9 ივნისს ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილიც აყალიბებდა:

”მოაწეროს თბილისმა სოხუმთან და ცხინვალთან ხელი ხელშეკრულებას კონფლიქტის მოგვარების პროცესში ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ამავე დროს, ასეთი შეთანხმება ამოქმედდებოდა ერთი დათქმით, ანუ მას შემდეგ შევიდოდა ძალაში, რაც ამოქმედდებოდა ანალოგიური ხელშეკრულება საქართველოსა და რუსეთს შორის... ამით რუსეთი აიღებს თავის თავზე საერთაშორისო ვალდებულებას, არ გამოიყენოს იარაღი საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ რომ ასეთი ხელშეკრულება ადრეც გვქონოდა, 2008 წლამდე, რასაკვირველია, სულ სხვა იქნებოდა დღეს რუსეთის სტატუსი საერთაშორისო ასპარეზზე.”
სოსო ცისკარიშვილის მიერ ამგვარად ჩამოყალიბებულ სცენარს ანალიტიკურ წრეებში არაერთი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. მაგალითად, სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი აშკარად სახიფათო მოსალოდნელობებს ხედავს:

”... ამ რეჟიმებთან ნებისმიერი ფორმით დადებული ნებისმიერი სახის ხელშეკრულება არის მათი ლეგიტიმაციის აღიარება... პოლიტიკა მკაცრი და დაუნდობელი სფეროა. ის თამაშსა და ფანტაზიებს ვერ იტანს. ჩემი აზრით, ეს იქნებოდა არსებული რეალობის დაკანონება... როგორ შეიძლება ამის გაკეთება?!...”

ამ აზრთა სხვადასხვაობის ფონზე ბუნებრივად იბადება შეკითხვა - დათანხმდებიან კი აფხაზური და ოსური მხარეები სამშვიდობო დეკლარაციების გაფორმებას ქართულ მხარესთან მაშინ, როცა ისინი, კრემლის დახმარებით, უკვე დიდი ხანია დაჟინებით ითხოვენ, რომ მათ ხელშეკრულებები საქართველოსთან დამოუკიდებელი სახელმწიფოების რანგში გააფორმონ? სწორედ თბილისისთვის მიუღებელი ამ მოთხოვნის გამო შევიდა ჩიხში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა პროცესი.
თუკი ისინი ჩვენს შეთავაზებას არ დასთანხმდებიან, - პასუხობს ირაკლი ალასანია ჩვენს შეკითხვას, - მაშინ ძალის გამოუყენებლობის დეკლარაცია საქართველომ ცალმხრივად უნდა გააფორმოს და კიდევ ერთხელ გამოავლინოს სამშვიდობო ნება. ალასანია თვლის, რომ ამ ყველაფრით ჩვენი სახელმწიფო ნდობის აღდგენისა და აფხაზურ და ოსურ მხარეებთან სამომავლო მოლაპარაკებების წარმატებისთვის აუცილებელ ნიადაგს შექმნის. თუმცა სეპარატისტულ მხარეებთან დიალოგის დაწყების პერსპექტივა მას საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში ვერ წარმოუდგენია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG