Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ცირეკიძის უცნაური მარცხი


ირაკლი ცირეკიძე - 2008 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული
ირაკლი ცირეკიძე - 2008 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული
ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატს დაუმარცხებლად გამოეთიშა. ქართველ სპორტსმენს წაგება ჩაეთვალა ტატამზე გამოუცხადებლობის გამო. 9 სექტემბერს, ორი გამარჯვების შემდეგ, ირაკლი ცირეკიძეს მეოთხედფინალში კუბელ სპორტსმენთან უნდა ეჭიდავა. რა მოხდა ტოკიოში მიმდინარე ჩემპიონატზე და როგორ გამოეთიშა პრესტიჟულ ტურნირს მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი?

28 წლის ირაკლი ცირეკიძე საქართველოში მოქმედ ძიუდოისტთა შორის ყველაზე ტიტულოვანია. მსოფლიო ჩემპიონატი 2007 წელს რიო დე ჟანეიროში მოიგო, ერთი წლის შემდეგ კი პეკინში, პლანეტის ყველაზე პრესტიჟულ სპორტულ ფორუმზეც მოიპოვა ოქროს მედალი.

ტიტულოვანი სპორტსმენისგან წარმატებას ელოდნენ ტოკიოს მსოფლიოს ჩემპიონატზეც, თუმცა, როგორც საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დილარ ხაბულიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, 9 სექტემბრის ინციდენტმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მაინც რა მოხდა ტოკიოში?

დილარ ხაბულიანი: „ტელეფონით ველაპარაკე... მითხრეს, რომ იმ დროს, როცა ცირეკიძე გამოიძახეს, უფროსი მწვრთნელი იყო ტატამთან, გუჯეჯიანი ჭიდაობდა და მას კონსულტანტობდა... და ავტომატურად ვერ მიატოვა, მაგრამ სხვები რას აკეთებდნენ? მრავალრიცხოვანი დელეგაციაა წასული!“

ტოკიოში მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო 15 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. სოლიდურია საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაც, რომელშიც, სპორტის ფუნქციონერებთან ერთად, სხვადასხვა რანგის სახელმწიფო მოხელეები და მათი ოჯახის წევრებიც შედიან, თუმცა დელეგაციის წევრთა შორის არავინ აღმოჩნდა ისეთი, რომელიც ირაკლი ცირეკიძეს საჭირო დროს მიაწვდენდა ხმას. საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე, ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე განმარტავს:

„ორი შეხვედრის შემდეგ ჰქონდა დასვენება. ამ დროს ის მოშორდა იმ ტერიტორიას, სადაც შეჯიბრი მიმდინარეობდა და გადავიდა სხვაგან. ამიტომ ვერ ნახეს დროულად. როცა მიიყვანეს, გვიანი იყო. ეს არის დაუდევრობა, უპასუხისმგებლობა იმ ყველაფრისადმი, რასაც აკეთებს სახელმწიფო სპორტის პრიორიტეტული სახეობების მიმართ, ამიტომ სათანადო რეაგირება იქნება და ეს არ გაუკვირდება არც საზოგადოებას და არც სპორტის გულშემატკივარს.“

სპორტის გულშემატკივარსა და საზოგადოებას დამნაშავის დასჯას სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრიც დაჰპირდა. ლადო ვარძელაშვილი ამჟამად ტოკიოში იმყოფება და ადგილზე ცდილობს ვითარებაში გარკვევას, თუმცა საქართველოს სპორტის ისტორიაში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ძიუდოში ეროვნული ნაკრების ლიდერი ტურნირს მეტოქესთან დამარცხების გარეშე გამოეთიშა. საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი იხსენებს:

„პირველი შემთხვევა, რაც გახსენდება, არის 1996 წელი, ატლანტის ოლიმპიური თამაშები, როცა დავით ხახალეიშვილი (ასევე ოლიმპიური ჩემპიონი და ფავორიტი მძიმე წონაში) აწონვაზე დაგვიანების გამო მოიხსნა შეჯიბრებიდან. თუმცა ცირეკიძესთან დაკავშირებით ოდნავ განსხვავებული ვითარებაა. რამდენიმე ოლიმპიადაზე და მსოფლიო ჩემპიონატზე ვარ ნამყოფი და დაახლოებით ვხვდები რა და როგორ მოხდა. ის ალბათ გავიდა მოსათელ დარბაზში, რომ მომავალი შეხვედრისთვის გახურებულიყო, რასაც ყველა აკეთებს... მაგრამ იქ ყველაფერი რადიოფიცირებულია და როგორ მოხდა, რომ ან ცირეკიძემ, ან გუნდის სხვა წევრმა ვერ გაიგონა, ეს ჩემთვის გაუგებარია.“

ბევრი რამ გაუგებარია საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელის შოთა ხაბარელისთვისაც, რომელსაც სპორტსმენის პასუხისმგებლობასა და უყურადღებობაზე ლაპარაკიც კი არ სურს:

„სპორტსმენი ემზადება მარტო იმისათვის, რომ გავიდეს ტატამზე და იჭიდაოს. მწვრთნელი თუ არ მივიდა მასთან, თავის ნებით სპორტსმენი არ უნდა დგებოდეს და არ უნდა მიდიოდეს საბრძოლველად. როდის გამოიძახებენ სპორტსმენს, რომელ ტატამზე აჭიდავებენ, როგორი ფერის კიმონო უნდა ეცვას - ეს ყველაფერი უნდა იცოდეს მწვრთნელმა. მწვრთნელმა უნდა ჩააყენოს სპორტსმენი საქმის კურსში. მწვრთნელს აქვს შეჯიბრების ბადე. მწვრთნელი აქცევს ყურადღებას ყველა შეხვედრას, მწვრთნელი აღრიცხავს ცვლილებებს და ამის მიხედვით აფრთხილებს სპორტსმენს. თვითონ ცირეკიძეს აქვს სასწაული ფსიქიკა. შეხვედრის წინ მთლიანად ითიშება, აღარაფერზე ფიქრობს და ელოდება მწვრთნელის მითითებებს. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.“

შოთა ხაბარელმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ერთი წლის წინ, ფედერაციის ხელმძღვანელობასთან მომხდარი კონფლიქტის შემდეგ დატოვა. მწვრთნელთან ერთად გუნდიდან წასვლას და სპორტისათვის თავის დანებებას აპირებდა ირაკლი ცირეკიძეც, თუმცა ძიუდოს ფედერაციისა და სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელობის ძალისხმევით ცირეკიძემ გადაწყვეტილება შეცვალა. დილარ ხაბულიანს ამჟამადაც ყველაზე მეტად სპორტსმენის ბედი აფიქრებს:

„ირაკლი ცირეკიძე წასული იყო სპორტიდან და ძლივს დავაბრუნეთ. ახლაც მთავარია ისე გაკეთდეს ყველაფერი, რომ, როგორც სპორტსმენი, არ დაიკარგოს. სპორტსმენს ფრთხილად უნდა მოვექცეთ.“

თუმცა ის, თუ როგორ მოექცევიან სპორტსმენს და როგორ ეროვნული ნაკრების მწვრთნელსა თუ ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობას, მოგვიანებით გაირკვევა. სპორტისა და ახლგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი ჭანიშვილი ამბობს, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობა 9 სექტემბრის ინციდენტს რეაგირების გარეშე ვერ დატოვებს:

„ჯერჯერობით, რადგან მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება და ბიჭები ჭიდაობენ, ამ ეტაპზე გადაწყვეტილება, თუ ვინ დარჩება და ვინ - არა, მიღებული არ არის. საკითხი თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყდება. მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი რომ ტატამზე ვერ გაგყავს, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს.“

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს დელეგაცია ტოკიოდან 16 სექტემბერს დაბრუნდება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG