Accessibility links

პოლონეთში ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს


მეოცე ეკონომიკური ფორუმი, კრინიცა, პოლონეთი. 9 სექტემბერი 2010წ.

მეოცე ეკონომიკური ფორუმი, კრინიცა, პოლონეთი. 9 სექტემბერი 2010წ.

პოლონეთის საკურორტო ქალაქ კრინიცა-ზდრუიში უკვე მეოცედ გაიხსნა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი. ამჯერად ფორუმის თემაა ევროკავშირის ეკონომიკისა და პოლიტიკის ცვლილების საკითხები ლისაბონის ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ. ეს ცვლილებები ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებსაც უკავშირდება - ისეთებს, როგორიცაა რუსეთი, საქართველო, უკრაინა, მოლდავეთი, თურქეთი და სხვ.

ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც ტრადიციული გახდა პოლონეთის საკურორტო ქალაქ კრინიცა-ზდრუისთვის, წელს მსოფლიოს 50 ქვეყნის 2200-ზე მეტი პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურისა თუ სხვა სფეროს წარმომადგენელი მონაწილეობს. ამ ფორუმს მეორე დავოსსაც კი უწოდებენ და იგი ძირითადად ევროპის ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემატიკაზეა ორიენტირებული.

მეოცე ეკონომიკური ფორუმის პირველ დღეს, 8 სექტემბერს, მთავარ სესიაზე „ევროპა ლისაბონის შემდეგ, სტრატეგია მომავლისთვის“ სიტყვით გამოვიდა ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზო.

მარცხნიდან: ევროპარლამენტის პრეზიდენტი იეჟი ბუზეკი, ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზო, პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი.
„ფინანსურმა კრიზისმა გვიჩვენა, თუ რამდენად დამოკიდებულნი ვართ ერთმანეთზე ევროპასა და მთელს მსოფლიოში. ერთი ქვეყნის ვალი არ შეიძლება ზემოქმედებას ახდენდეს მთელს ევროპაზე. ჩვენ ვალდებულნი ვართ გლობალურად ვიაზროვნოთ“, - აღნიშნა ევროკომისიის თავმჯდომარემ. მისი აზრით, ევროპის კავშირის მოქმედება უნდა იყოს კოორდინირებული და კონსოლიდირებული საბიუჯეტო პოლიტიკის განხორციელებისას, რომლის გარეშეც ჩვენ ვერ მოვიპოვებთ ნდობასო, განაცხადა ჟოზე მანუელ ბაროზომ.

მან ისაუბრა ახალ ეკონომიკურ სტრატეგიაზე „ევროპა 2020“ და აღნიშნა, რომ ეს არის ყოვლისმომცველი და მოქნილი გეგმა, რომელიც თავის თავში მოიცავს რეფორმებს, საგარეო ბაზრების გაფართოებას, საერთო ენერგეტიკული ბაზრის შექმნას და სხვ.

ეკონომიკური ფორუმის პირველ სესიაზე ასევე სიტყვით გამოვიდა პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი. მან წამოაყენა „სოლიდარული საგარეო პოლიტიკის“ იდეა. პოლონეთის პრეზიდენტის აზრით, საჭიროა იმის ძიება, თუ რა აერთიანებს ევროკავშირს სხვა ქვეყნებთან და არა იმისა, თუ რა აშორებს. „ევროკავშირი ინარჩუნებს ღია ხასიათს მათთვის, ვინც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს და ევროპის ოჯახში შესვლის სურვილი აქვს“, - განაცხადა ბრონისლავ კომოროვსკიმ. იგი ვარაუდობს, რომ 2011 წელს, ევროკავშირში პოლონეთის თავმჯდომარეობისას, მოხერხდება „დაჩქარდეს ეკონომიკური განვითარება არა მარტო თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების გზით, არამედ ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციითაც.“

ენერგეტიკა მეოცე ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი ძირითადი თემაა. ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, ბაზრების ლიბერალიზაციასა და მოწოდების დივერსიფიკაციაზე მომდევნო დღეებში ფორუმის სხვა სესიებზეც იმსჯელებენ.

კრინიცაში დაგეგმილი დისკუსიებისა და სემინარების დიდი ნაწილი ეთმობა პოლონეთს, მის საინვესტიციო პოტენციალსა და ბიზნესაქტივობას. ფორუმზე ასევე ფართოდაა წარმოდგენილი უკრაინა და იქ მიმდინარე რეფორმები. კიევიდან ჩამოსულ მრავალრიცხოვან დელეგაციას ორგანიზებული აქვს სხვადასხვა პრეზენტაციები ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის პოპულარიზებისთვის. რა თქმა უნდა, ფორუმის მიმდინარეობისას რუსეთი ერთ-ერთი ძირითადი თემაა, როგორც პოლიტიკურ დისკუსიებში, ასევე ეკონომიკურ სემინარებზე.

რუსეთზე მსჯელობისას განიხილება საქართველოს უსაფრთხოების პრობლემატური საკითხებიც. წინა წლებისგან განსხვავებით, კრინიცის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს ეკონომიკური საკითხები და, შესაბამისად, ქვეყნის დელეგაცია შედარებით მოკრძალებულად არის წარმოდგენილი. ამჯერად ფორუმი საქართველოს კონფლიქტებითა და დემოკრატიული ცვლილებებით უფრო მეტად დაინტერესდა. მათ შესახებ დისკუსიები ფორუმის მომდევნო დღეებში გაიმართება. კრინიცის ეკონომიკური ფორუმი კი 11 სექტემბერამდე გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG