Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრინიცის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოსა და მის მეზობლებზე იმსჯელეს


კრინიცის ეკონომიკური ფორუმი
კრინიცის ეკონომიკური ფორუმი
პოლონეთის საკურორტო ქალაქ კრინიცაში მიმდინარე მეოცე ეკონომიკურ ფორუმზე რამდენიმე დისკუსია დაეთმო სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხებს. კერძოდ, განხილული იქნა ევროკავშირის პროგრამის - „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ - მიმდინარეობა და სამხრეთ კავკასიაში ეფექტური პოლიტიკის ფორმირების პრობლემატიკა. ამ დისკუსიებმა აჩვენა, თუ როგორ ესმით ევროკავშირში ის პრობლემები, რომლებიც საქართველოსა და მის მეზობლებს აწუხებთ.

წინა წლებისგან განსხვავებით, მეოცე ეკონომიკური ფორუმი საქართველოსთან დაკავშირებული პოლიტიკური საკითხებით უფრო მეტად დაინტერესდა, ვიდრე ეკონომიკური ცვლილებებით. კერძოდ, ფორუმზე იმსჯელეს იმაზე, თუ რამდენად ეფექტური მექანიზმია „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამა როგორც საქართველოსთვის, ასევე ამ პროგრამის მონაწილე სხვა ქვეყნებისათვის.

თვით უკრაინელებიც აღიარებენ ქართული რეფორმების მნიშვნელობას და მზად არიან ჩვენგან გადაიღონ ის წარმტებული გამოცდილება რომელიც ჩვენ დაგვიგროვდა.
დისკუსიაში საქართველოს წარმოადგენდა ვიცე-პრემიერი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე. მან დადებითად შეაფასა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამა, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი პოლონეთია და რომელმაც საქართველოს საშუალება მისცა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს. წელს ხელი მოეწერა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას და მიმდინარეობს მოლაპარაკებები უვიზო მიმოსვლის შესახებ. ასევე მოლაპარაკებების საგანს წარმოადგენს ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. წელსვე საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმდა შეთანხმება ევროკავშირში საქართველოს ასოცირებული წევრობის შესახებ მოლაპარაკებათა დაწყებაზე.

კრინიცაში გამართული დისკუსიისას ევროკავშირის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ ევროპასთან დაახლოებისკენ გადადგმული ნაბიჯები და შენიშვნები არავის გამოუთქვამს. მიუხედავად ამისა, უკრაინის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უფრო წინ წავიდა ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, ვიდრე „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სხვა ქვეყნები. საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში იმ მიზეზებს განმარტავს, რომლებიც ლიდერებისგან ჩამორჩენას განაპირობებს.

საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე (ცენტრში), კრინიცის ეკონომიკური ფორუმის დისკუსია. 9 სექტემბერი 2010წ.
„განსხვავება არის ტერიტორიის სიდიდეში და გეოგრაფიაში. ხოლო რაც შეეხება რეფორმებს ყველამ კარგად იცის და თვით უკრაინელებიც აღიარებენ ქართული რეფორმების მნიშვნელობას და მზად არიან ჩვენგან გადაიღონ ის წარმტებული გამოცდილება რომელიც ჩვენ დაგვიგროვდა.“

გიორგი ბარამიძის მონაწილეობით გამართულ დისკუსიაზე ევროკავშირის მისამართით გამოითქვა შენიშვნები - კერძოდ, რომ ის სათანადოდ არ აფინანსებს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამას და რომ პროცესი ნელი ტემპით ვითარდება. საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე ოპტიმისტურად არის განწყობილი და მიიჩნევს, რომ ევროპაში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ საქართველოს მიმართ ევროკავშირის ინტერესი არ შემცირებულა.

სხვაგვარად ფიქრობს ევროპარლამენტის დეპუტატი პოლონეთიდან ტომაშ პორემბა, რომელიც მონაწილეობას იღებდა სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოლიტიკისადმი მიძღვნილ დისკუსიაში. პორემბას განცხადებით, ევროკავშირის ინტერესი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ თანდათან სუსტდება. ამის თვალსაჩინო მაგალითად ევროპარლამენტარმა ნაბუკოს მილსადენის პროექტის გაჭიანურება და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი ევროკავშირის შემგუებლური პოზიცია დაასახელა.

ტომაშ პორემბამ აღნიშნა, რომ ევროკავშირში იმ ქვეყნების ინტერესები შეიცვალა, რომლებიც ადრე სამხრეთ კავკასიას ლობირებდნენ. ეს მოხდა პრეზიდენტ კაჩინსკის დაღუპვის შემდეგო, - აღნიშნა მან.

კრინიცაში ეკონომიკურ ფორუმზე გამართული დისკუსიის მონაწილეთა უმრავლესობის აზრით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დაუმყარებლად ევროკავშირში ყოველთვის იარსებებს დესტაბილიზაციის საფრთხე და ამიტომაც ევროპამ აქტიური როლი უნდა ითამაშოს ამ რეგიონში ეფექტური პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. ასე არ ფიქრობს რუსეთის დუმის წარმომადგენელი ვლადიმირ კოლესნიკოვი, რომელიც კავკასიაში მიმდინარე რთულ პროცესებს აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნებს აბრალებს და აცხადებს, რომ ისინი რეგიონის ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ საბრძოველად იყენებენ.
XS
SM
MD
LG