Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესა საქართველოზე


Generic – A photo of International and Russian newspapers, Prague, 17Jun2009

Generic – A photo of International and Russian newspapers, Prague, 17Jun2009

საქართველოზე დასავლეთის პრესაში ამ კვირაში ბევრი არ დაბეჭდილა, თუმცა ერთიორ სტატიაში საქართველოზე ლაპარაკი არის. „უოლ სტრიტ ჯორნალი“ „ნაბუკოს“ - სხვათა შორის, საქართველოსთან დაკავშირებული მილსადენის - პროექტის გარშემო აქვეყნებს სტატიას, სადაც ავტორი წერს, რომ „ნაბუკოს“ კონსორციუმმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, ევროპის საინვესტიციო ბანკთან და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ გამოაცხადა.

ამ ხელშეკრულების თანახმად, საფინანსო ინსტიტუტები პროექტს შეისწავლიან და გადაწყვეტენ, იმსახურებს თუ არა ის ოთხი მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტს. სტატიის ავტორი ფიქრობს, ბანკები პროექტს შეისწავლიან, მაგრამ თანხების გამოყოფის გარანტია არ არსებობსო. ჩვეულებრივ, მსგავს ზომებზე საჯარო განცხადებებს არ აკეთებენ, მაგრამ „ნაბუკოს“ პროექტის ხელმძღვანელებმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტები მიიწვიეს. ბრიუსელში თავი მოიყარეს როგორც პროექტის ხელმძღვანელებმა, ასევე კრედიტორებმა, რაც, ალბათ, იმის ნიშანია, რომ პროექტმა განვითარების გარდამტეხ მომენტს მიაღწია. „უოლ სტრიტ ჯორნალი“ შეკითხვას სვამს, რა საჭიროა ასეთი მონდომებაო, და წერს, პასუხი მარტივია, „ნაბუკო“ სხვა მილსადენებს კონკურენციას უწევს, რომლებსაც რუსეთი უჭერს მხარს და ამით იმის თქმა სურს, რომ დანებებას არ აპირებსო.

ორშაბათ საღამოს მოწვეულ უცხოელ სტუმრებთან, რომელთა შორის „უოლ სტრიტ ჯორნალის“ თანამშრომელიც იყო, პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა, ტრადიციულად, პროექტი გაანადგურა. „ნაბუკოს“ მთავარი პრობლემა ისაა, რომ არ არსებობს იმის გარანტია, რომ ამ ვირტუალურ მილსადენში რაიმე გაივლისო“, – უთქვამს პუტინს. გაზეთის სტატიის ავტორი წერს, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება მხოლოდ რუსეთში არა აქვთო.

ევროკავშირში აცხადებენ, რომ პროექტს 200 მილიონი ევროთი დააფინანსებენ ორგანიზაციის იმ გეგმის ფარგლებში, რომელიც კონტინენტზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განმტკიცებას და ეკონომიკის აღდგენის მხარდაჭერას ისახავს მიზნად, მაგრამ ფინანსების მისაღებად „ნაბუკომ“ უნდა დაამტკიცოს, რომ ის ფულის ათვისებას წლის ბოლომდე დაიწყებს, რაც არც ისე მარტივია, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ მილები გაზით მხოლოდ 2015 წელს დაიტვირთება. მეორე მიზეზიც მოჰყავს გაზეთს: იმ კომპანიებმა, რომლებიც გაზის მოპოვებით არიან დაკავებულები „შაჰ-დენიზ 2“-ის საბადოზე კასპიის აუზის აზერბაიჯანული მხრიდან, მოლაპარაკებები დაიწყეს პოტენციურ მყიდველებთან, რადგან გაზის გაყიდვას ჩქარობენ.

ასამოქმედებლად „ნაბუკოს“ სჭირდება, რომ მილსადენი რვა მილიარდი კუბური მეტრის გაზით მაინც დაიტვირთოს, მაგრამ კონკურენცია სასტიკია და იმავე გაზზე პრეტენზიას კიდევ ორი პროექტი აცხადებს. იმ კომპანიების დარწმუნებისთვის, რომლებიც გაზს „შაჰ-დენიზზე“ მოიპოვებენ, „ნაბუკომ“ საკუთარი თავი სანდო პარტნიორად უნდა წარმოაჩინოს და მაშინ მილსადენი გაზით დაიტვირთება, როგორც კი ის იარსებებს, წერს „უოლ სტრიტ ჯორნალი“. „ნაბუკოს“ საკითხზე წერდა აგრეთვე გერმანიაში გამომავალი „ჰანდელსბლატი“, რომელმაც გერმანიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ იოშკა ფიშერთან საუბარი გამოაქვეყნა. „ჰანდელსბლატი“ იუწყება, რომ იოშკა ფიშერი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, სხვა პროექტის - „საუთ სტრიმის“ - მომხრე, ცხარე მოწინააღმდეგეები გახდნენ მილსადენების გამო. ფიშერი „ნაბუკოს“ პოლიტიკური მრჩეველია და იცავს „ნაბუკოს“ . ფიშერის თქმით, რუსეთის მთავრობამ თავისი ეკონომიკური ინტერესები უნდა გაათავისუფლოს პოლიტიკური ამბიციებისგან. მისივე შეფასებით, რუსეთი იმდენად გაზით არ არის დაკავებული, რამდენადაც რეგიონში ძალაუფლების შენარჩუნებით. „ჰანდელსბლატი“ თავის მკითხველს პუტინის სკეპტიკურ დამოკიდებულებას აცნობს „ნაბუკოს“ პროექტის მიმართ და წერს, რომ პუტინისთვის „ნაბუკო“ თავდასხმაა დასავლეთში გაზის ექსპორტზე რუსეთის მბრძანებლობაზე. გაზეთის ინფორმაციით, ევროპა თავისი გაზის მეოთხედს იქიდან იღებს და პუტინს და სახელმწიფო ფირმა „გაზპრომს“ ამ წილის კიდევ უფრო გაზრდა სურთ, „ნაბუკო“ კი ამ მიზანს წინ ეღობებაო, წერს „ჰანდელსბლატი“.

„იურეიშანეტი“ ავღანეთში დაღუპულ ქართველ ოფიცერზე წერს და მოჰყავს აშშ-ში საქართველოს ელჩის, ბათუ ქუთელიას, ნათქვამი: ამ ფაქტს არ შეუძლია შეცვალოს და არც შეცვლის ჩვენს გადაწყვეტილებას ავღანეთში ჩვენი მისიის აღსრულების შესახებო. საქართველოს მთავრობამ და ხალხმა გადაწყვიტა ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში დამატებით 750 სამხედრო გაგზავნოს აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში და ჩვენ ბოლომდე ვაცნობიერებთ, თუ რა რისკებს გულისხმობს ეს ქართული ჯარისთვისო. ქართველი ჯარისკაცები განაგრძობენ თავის ბრძოლას აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსთან ერთად ამ სახიფათო რეგიონში ყოველგვარი ეროვნული პროტესტის გარეშეო, განუცხადებია ქუთელიას. გამოცემის თანახმად, რომელსაც საქართველოს ინგლისურენოვანი მედიის ცნობა მოჰყავს, ქართველი ლეიტენანტის სიკვდილმა საქართველოში გაღიზიანება გამოიწვია ავღანეთში ქართული ჯარის დისლოცირების გამო, რუსულმა მედიამ კი მართლაც ისარგებლა ამ შემთხვევითო. ამავე სტატიის ინფორმაციით, „ჯორჯიან ტაიმსი“ ეჭვობს, რომ სააკაშვილი ”უმალავს” ქართველ ხალხს ინფორმაციას სხვა დანაკარგების შესახებ. იქვეა მოყვანილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ”ლეიბორისტული პარტიის” მდივნის კახა ძაგანიას სიტყვები, რომ ”სააკაშვილი ცდილობს დასავლური ქვეყნების თვალში უკეთესი რეპუტაცია იქონიოს... ცდილობს იმის მტკიცებას, რომ დემოკრატია და ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც მისი ხალხისთვის სასარგებლო არაა, იყენებს ქართველ ბიჭებს და მათ სიცოცხლეს იმისთვის, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩეს”. გამოცემა მკითხველს სტატისტიკასაც აცნობს, რომლის თანახმადაც შარშან, როცა საქართველოდან ჯარის დიდი რაოდენობის გაგზავნის შესახებ გამოცხადდა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით, ამ ნაბიჯის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის განსხვავება ერთი პროცენტიც არ იყო. ხომ არ შეიცვლება ეს მაჩვენებელიო? - სვამს შეკითხვას „იურეიჟანეტი“.
XS
SM
MD
LG