Accessibility links

logo-print

აშშ პატივს მიაგებს 11 სექტემბრის ტერაქტების მსხვერპლთ


დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტების დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება. ამ თავდასხმების შედეგად 3000-მდე ადამიანი დაიღუპა.

მას მერე ყოველ წელს კითხულობენ დაღუპულთა გვარებს ნიუ იორკში, ე.წ. „გრაუნდ ზეროს“ მახლობლად, იმ ადგილისა, სადაც 9 წლის წინ მუსულმანმა ექსტრემისტებმა ორი გატაცებული თვითმფრინავი შეაჯახეს ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის კოშკებს.

ზუსტად ტერაქტების დროს რეკენ ზარები, იკვრება მუსიკა და ტერაქტების დროს დაღუპულებს მდუმარებით მიაგებენ პატივს.

მემორიალური ცერემონია იმართება ასევე პენტაგონში, რომელზეც ასევე განხორციელდა თვითმფრინავით შეტევა, და პენსილვანშიაში, შენკსვილში, სადაც მეოთხე თვითმფრინავი მინდორზე ჩამოვარდა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს პენტაგონში დაესწრო მემორიალურ ცერემონიას. მან დაღუპულთა ახლობლებს მიმართა:

„ცხრა წელი გავიდა. ვერავინ გაიგებს, რამდენი ცრემლი დაიღვარა ამ ხნის მანძილზე. მართალია, ზოგჯერ გვეჩვენება, რომ მსოფლომ სხვა მოვლენებზე გადაინაცვლა, მაგრამ დღეს გეუბნებით: თქვენი ძვირფასი ადამიანები ჩვენი ქვეყნის გულში ცხოვრობენ აწ და მარადის.“


ნიუ იორკში მემორიალურ ცერემონიას ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაესწრო. პირველი ლედი, მიშელ ობამა და ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მეუღლე ბარბარა ბუში კი შენკსვილში ჩავიდნენ.

უკანასკნელ ხანებში ამერიკაში ძლიერდება ანტიმუსულმანური განწყობილება, რასაც ნაწილობრივ ასაზრდოებს გეგმა, რომელიც ნიუ იორკში, „გრაუნდ ზეროს“ მახლობლად მეჩეთის აგებას ითვალისწინებს.

პენტაგონში გამოსვლამდე ობამამ ამერიკელებს ერთიანობისკენ მოუწოდა 11 სექტემბრის ტერაქტების მე-9 წლისთავთან დაკავშირებით. ტრადიციულ ყოველკვირეულ გამოსვლაში მან თქვა: „ახლა მძიმე დროა ჩვენი ქვეყნისთვის. და როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, გამოჩნდება ხოლმე ის, ვინც ხალხის გრძნობებზე თამაშობს, ცდილობს დაგვანაწევროს და დაგვაბრმაოს იმით, რომ ცდილობს ხაზი გაუსვას განსხვავებებს და უგულებელყოს ის, რაც გვაერთიანებს. მაგრამ ჩვენ სწორედ ახლა უნდა გამოვავლინოთ ჩვენი საუკეთესო თვისებები. არ დავყვეთ მსგავს ხრიკებს. ერთად უნდა ვიყოთ. მხარიმხარ უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენ გვმართავდეს შიში. მას ჩვენ შევცვლით იმედებითა და გეგმებით, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს ოჯახებთან, ჩვენს ხალხებთან, ჩვენს უკეთეს მომავალთან,“ განაცხადა ბარაკ ობამამ.
XS
SM
MD
LG