Accessibility links

logo-print

ეუთოსა და გაეროს მხარდაჭერით გამორჩეული კვირა


ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ სტუბმა დევნილთა დასახლებები მოინახულა

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ სტუბმა დევნილთა დასახლებები მოინახულა

გასული კვირის პოლიტიკური მოვლენებიდან გამორჩეული იყო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღება და მასში დევნილების ღირსეული დაბრუნების საკითხის ასახვა. ასევე მნიშვნელოვანი იყო თბილისში ეუთოს გენერალური მდივნისა და ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ქვეყნის - ფინეთის - საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობაც.

გასული კვირა ავღანეთში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევით დაიწყო. 6 სექტემბერს საქართველოში ჩამოასვენეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 31-ე ბატალიონის ასმეთაური, 28 წლის უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი, რომელიც წინა დღით ჰელმანდის პროვინციაში მომხდარი თავდასხმის დროს დაიღუპა. კიდევ ერთი ქართველი, სამხედრო კაპრალი ალექსანდრე გითოლენდია, ორივე კიდურის ამპუტაციის შემდეგ, მკურნალობის მიზნით გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი პირველი ქართველი სამხედროა, რომელიც კოალიციის ოპერაციაში მონაწილეობის დროს დაიღუპა. მის ცხედარს თბილისის აეროპორტში თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა დახვდა.

საქართველოს ყოფნა საერთაშორისო კოალიციაში რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, ამის შესახებ გასულ კვირაში გამართულ ამბასადორიალზეც არაერთხელ ითქვა. სამი დღით სამშობლოში ჩამოსულმა ქართველმა დიმპლომატებმა საგარეო პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების შესახებ მითითებები ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიიღეს. ამბასადორიალის მუშაობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა შეაჯამა:

„სამი ძირითადი ამოცანა დავსახეთ. პირველი: მაქსიმალური გააქტიურება ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებით; მეორე: საქართველოს ინტერესების მაქსიმალურად ეფექტური უზრუნველყოფა საზღვარგარეთ, მხარდაჭერის მოპოვება ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში; მესამე: საქართველოს პროპაგანდირება ყველა მიმართულებით, იქნება ეს პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა თუ ტურიზმი. რეალურად საუბარია ინვესტიციებისა და ინვესტორების მოზიდვაზე.“

ამბასადორიალს სპეციალური მოწვევით ესტონეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებიც ესწრებოდნენ. გასულ კვირაშივე საქართველოს სტუმრობდა ეუთოს გენერალური მდივანი. მარკ პერენ დე ბრიშამბომ შეხვედრები გამართა თბილისსა და გორში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის თქმით, ოფიციალური თბილისი ცდას არ აკლებს, ეუთოს მისია საქართველოში დაბრუნდეს. თავად ეუთოს გენერალური მდივანიც ამბობს, რომ ლაპარაკი ეუთოს მისიის დაბრუნებაზე საქართველოში არასოდეს შეწყვეტილა. ბრიშამბო იმედს გამოთქვამს, რომ ეუთოს სამიტზე, რომელიც 1-2 დეკემბერს ყაზახეთში უნდა გაიმართოს, საქართველოს საკითხს აუცილებლად დააყენებენ:

”მინისტრთან საუბრისას ჩვენ განვიხილეთ, თუ რა მოსამზადებელი სამუშაოები უნდა შეასრულოს საქართველომ ამ სამიტისათვის, რომელ პრობლემაზე გამახვილდეს ყურადღება სპეციალურ დეკლარაციაში და რაზე გაკეთდეს აქცენტი სამოქმედო გეგმაში, რომლითაც საქართველო წარდგება ეუთოს სამიტზე.”
ბრიშამბოს ვიზიტი საქართველოში დაემთხვა გაეროს გენერალური ასამბლეის 64-ე სესიაზე დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებული რეზოლუციის განხილვას. 50 ხმა 17-ის წინააღმდეგ - ასეთი თანაფარდობით მიიღო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია, რომლის მთავარ აქცენტებსაც დევნილთა ღირსეული დაბრუნება და მათი საკუთრების ხელშეუხებლობა წარმოადგენს. 7 სექტემბერს მიღებულ რეზოლუციაში ასევე ხაზგასმულია ჟენევის მოლაპარაკებების გააქტიურების აუცილებლობა დევნილების დაბრუნების ხელშეწყობის კუთხით და საუბარია ასევე დაბრუნების ეტაპებთან დაკავშირებული საგანგებო გრაფიკის შექმნის თაობაზე. რეზოლუციისა და კენჭისყრის მნიშვნელობის შესახებ რადიო თავისუფლება ესაუბრა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ალექსანდრე ლომაიას:
”გაეროს რეზოლუციებში ყოველთვის გამოყოფენ რაოდენობრივ მხარეს და თვისობრივ მხარეს. ორივე მნიშვნელოვანია, მაგრამ წელს შესაძლოა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს თვისობრივი მხარე. შარშანდელთან შედარებით რუსეთს მოაკლდა რეგიონალური მნიშვნელობის 7 სახელმწიფო, ანუ ჩვენს საწინააღმდეგო პოზიციას გამოაკლდა რეგიონალური მნიშვნელობის 7 სახელმწიფო. ესენია: ინდოეთი, ირანი, ალჟირი, ეთიოპია, ბელარუსი, ბოლივია და ეკვადორი.”

გასულ კვირაში დასკვნით ფაზაში შევიდა კონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვის პროცესი. ამჯერად შენიშვნები გამოთქვეს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა - „მრეწველებმა“ და „ახალმა მემარჯვენეებმა“, რომლებმაც საკუთარი წინადადებები პარლამენტის თავმჯდომარეს გააცნეს. ახალი მემარჯვენეები მიიჩნევენ, რომ ახალ კონსტიტუციაში ჯეროვნად არაა ასახული საკუთრების უფლების დაცვა. გარდა ამისა, „ახლების“ ლიდერს, დავით გამყრელიძეს, არც ორგანულ კანონებზე უარის თქმა მოსწონს:

”ჩვენი შეთავაზებაა საგადასახადო და შრომის კოდექსები სტატუსით ამაღლდეს და ორგანული კანონი გახდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსი ვეღარ შეიცვლება უბრალო უმრავლესობით პარლამენტში, ანუ მეწარმე, ინვესტორი უფრო დაცული იქნება ამ ქვეყანაში და უფრო პროგნოზირებადი გახდება ქვეყანაში საგადასახადო სისტემის მომავალი. ამას გარდა, ჩვენი აზრით, დაცული უნდა იყოს დაქირავებულის შრომითი უფლებებიც.”
შრომის ახალი კოდექსით ხელმძღვანელობა მოუწევს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალ მინისტრს ანდრია ურუშაძესაც, რომელიც თანამდებობაზე გასულ კვირაში პრემიერ-მინისტრმა გილაურმა დანიშნა და დავალებაც მისცა:
„ეს არის 46 ახალი საავადმყოფოს მშენებლობის ბოლომდე მიყვანა, რომლის მშენებლობაც რაიონულ ცენტრებში უკვე დაწყებულია და მომავალი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ამას გარდა, სახელმწიფო სახსრებით ვასრულებთ დიღმის კლასტერის რეაბილიტაციას და ეს პროცესიც მალე უნდა დასრულდეს.”
გასული კვირა სპორტული მოვლენების თვალსაზრისითაც მდიდარი გამოდგა. პირველად ქართული კალათბურთის ისტორიაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. საქმე ისაა, რომ ევროპული კალათბურთის უმაღლესმა ორგანომ თურქეთში გამართულ კონგრესზე მხარი დაუჭირა კონტინენტის პირველობაზე მონაწილე გუნდების რაოდენობის 24-მდე გაზრდას. წარმატებით დაიწყო ასპარეზობა ფეხბურთში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრისათვის იბრძვის. პირველ ორ მატჩში საქართველოს ნაკრებმა (საბერძნეთთან ათენში, ისრაელთან კი თბილისში) ფრედ ითამაშა. სამაგიეროდ, ბოლო, გადამწყვეტი თამაში დათმო 21 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელიც სომხეთის გუნდთან დამარცხდა (2:0) და ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩა. ასევე წარუმატებლად იასპარეზეს ქართველმა ძიუდოისტებმა ტოკიოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი, ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე შეხვედრაზე გამოუცხადებლობის გამო გამოეთიშა ასპარეზობას.
XS
SM
MD
LG