Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა. 11 სექტემბერი 2010


მიმდინარე კვირის დასაწყისში, ორშაბათს, “კვირის პალიტრამ“ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.

"სიმართლე გითხრათ, საქართველოს პრეზიდენტის საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციის შექმნის იდეას, ბევრი ქართველი ექსპერტის მსგავსად, ცოტა არ იყოს, მეც არასერიოზულად ვუყურებდი, მაგრამ სხვადასხვა გარემოებამ ბოლო დროს ჩემი დამოკიდებულება რამდენადმე შეცვალაო", - უთხრა მან გაზეთს და იქვე განმარტა, რატომ: "მცირე ხნის წინ ამ თემაზე გამოქვეყნდა ინტერვიუ აზერბაიჯანელ და სომეხ ექსპერტებთან, სადაც რამდენიმე საინტერესო ასპექტი წარმოჩნდა. კერძოდ, აზერბაიჯანელი ექსპერტი, ქართველი კოლეგების მსგავსად, იდეას დიდი სერიოზულობით არ მოჰკიდებია.
ძალზე საინტერესო მიდგომა ჰქონდა სომეხ ექსპერტს, რომელმაც გაიხსენა კავკასიელ ექსპერტთა შეკრება, სადაც მისულან დასკვნამდე, რომ კავკასიური კონფლიქტების მოგვარების საუკეთესო გზა სწორედ კონფედერაციის შექმნა იქნებოდა.

ოღონდ სომხები ამაში გულისხმობდნენ არა მხოლოდ ბაქოსა და თბილისს შორის ხელშეკრულების გაფორმებას, არამედ კონფედერაციულ ერთობას, რომლის წევრებიც, ბაქოსთან, თბილისსა და ერევანთან ერთად, კონფლიქტური რეგიონები, მათ შორის, აფხაზეთი, სამაჩაბლო და მთიანი ყარაბაღიც იქნებოდნენ..... მართალია, სააკაშვილმა მხოლოდ ბაქო და თბილისი ახსენა, მაგრამ მისი იდეა შესაძლოა აიტაცონ, გააფართოონ და განავრცონ ისე, რომ აქ, მართლაც, კავკასიის ყველა სუბიექტი განიხილებოდეს წევრებად”, - უთხრა გაზეთს რამაზ საყვარელიძემ.

მიმდინარე კვირის ქართული პრესის ერთ-ერთი მთავარი თემა ოპოზიციის საშემოდგომო გეგმები იყო. ”ყველა სიახლე” რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს ესაუბრა ამის თობაზე.

” არა მარტო პოლიტიკაში, ყველა სფეროში ცხოვრება აქტიურდება შემოდგომის დადგომისთანავე, - უთხრა მან გაზეთს. - ამიტომაც მიკვირს, როცა ივლის-აგვისტოში იწყება ისტერიული კამპანია: სად არიან პოლიტიკოსები? ეს იმას ჰგავს, 250 სერიისგან შემდგარი სერიალის ჩვენება მოულოდნელად 247-ე სერიაზე რომ შეწყვიტონ. სამწუხაროდ, პოლიტიკურმა ცხოვრებამ ამგვარი დატვირთვაც შეიძინა - გულის გადაყოლების თუ დროის მოკვლის საშუალებად იქცა არა მარტო პოლიტიკოსებისთვის, ხალხისთვისაც. ამ შემოდგომისგან განსაკუთრებულს არაფერს ველი, ყველა უნდა მიეჩვიოს, რომ ცვლილებები უნდა მოხდეს არჩევნებით და თუ 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებზე არ მოხდა ის, რასაც ველოდით, შემოდგომის დადგომა ამ საქმეს ვერაფერს უშველის", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. ინტერვიუში მან საკონსტიტუციო ცვლილებებზეც ისაუბრა და მათ ”ქვეყნისთვის მორიგი სირცხვილი და თავის მოჭრა” უწოდა. მისი თქმით, ”თუ დღეს პარლამენტი პრეზიდენტის ზედმეტი უფლებამოსილების გამოა ქმედუუნარო, ამ ცვლილებებით, პრემიერის გაზრდილი უფლებების გამო იქნება ხელფეხშეკრული. პრეზიდენტი და პრემიერი კი ძალაუფლებას მშვიდად გადაინაწილებენ. ხელისუფლება ბოროტად სარგებლობს იმით, რომ მოსახლეობის 90%-ს საკონსტიტუციო ცვლილებების ბედი არ აინტერესებს, რადგან ლუკმაპურის შოვნით არის დაკავებული", - უთხრა „ყველა სიახლეს“ დავით უსუფაშვილმა.

კვირის ბოლოსთვის ”24 საათი” წერდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ხელმძღვანელობით მოქმედ კომისიას თავისი წინადადებები "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გააცნო. გუშინ კომისიას "ახალი მემარჯვენეები" და "მრეწველები" შეხვდნენ და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში საუბრობდნენო, - წერს გაზეთი 10 სექტემბრის ნომერში. პარლამენტის თავმჯდომარე დისკუსიით კმაყოფილი დარჩა - ალასანიას შეთავაზებისგან განსხვავებით, "მემარჯვენეების" რამდენიმე წინადადება ხელისუფლებამ შესაძლოა გაითვალისწინოსო", - წერს "24 საათი" .

პარასკევს „რეზონანსიც“ წერდა, რომ ამჯერად "ხელისუფლება უფრო დამთმობი აღმოჩნდა, ვიდრე ოთხშაბათს და თუკი ბაქრაძესთან შესულმა ალასანიამ ვერაფერი გამოიტანა, გამყრელიძემ და ტყემალაძემ განსაზღვრული საკითხების გათვალისწინების პირობა მიიღეს. თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლება ოპოზიციის რა შენიშვნებს გაითვალისწინებს, ეს უკვე მომავალ კვირას გადაწყდება. სხდომა ორშაბათს, 13 სექტემბერს, გაიმართებაო", - აცნობებს მკითხველს "რეზონანსი".

შაბათის „ახალი თობის“ პირველ გვერდზე კი ამგვარ კითხვა-სათაურს წაიკითხავთ: ”შაშკინს პრეზიდენტობისთვის ამზადებენ?” - ეს გახლავთ ინტერვიუ ექსპერტ ლადო პაპავასთან. ექსპერტის თქმით, იმ კონსტიტუციის მიხედვით, რომელსაც ამზადებენ, რუსეთისაგან განსხვავებით, პრემიერ-მინისტრი ”დე იურეც იქნება პირველი კაცი.”

ინტერვიუში ლადო პაპავა ამბობს: ” სუსტი პრეზიდენტის პირობებში რამდენიმე კანდიდატურა იქნება და ერთ-ერთ წარმატებულ კანდიდატად დავასახელე დავით ბაქრაძე რამდენიმე ნიშნის გამო. ჯერ ერთი, პოლიტიკაში საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე მუშაობს, ინგლისური კარგად იცის, კარგად იცის დიპლომატიური ურთიერთობები, არის "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი სანდო წევრი და ამავდროულად საზოგადოებაში არ იწვევს განსაკუთრებულ უარყოფით რეაქციას. შეიძლება საზოგადოებას ბაქრაძე არ უყვარდეს, მაგრამ მას არავინ აგინებს და არც არავის სძულს.” დიმიტრი შაშკინის გაპრეზიდენტება კი ნაკლებ სავარაუდოდ მეჩვენებაო, - ამბობს ლადო პაპავა. ” მაგრამ შაშკინს სააკაშვილმა შეიძლება უფრო მაღალი თანამდებობაც მისცეს, სანამ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება და ის პრემიერ-მინისტრი გახადოს. ფაქტია, რომ "თავისუფლების ინსტიტუტი" უკვე დაპირისპირებულია შაშკინთან და მისთვის ეს საზოგადოების თვალში მომგებიანიც კი არის!" - ამბობს ინტერვიუში ლადო პაპავა.

”განათლების იმ მინისტრებს შორის, რომლებიც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ იყვნენ, დიმიტრი შაშკინი ყველაზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, ამას გულწრფელად ვამბობო, - განაგრძობს ლადო პაპავა.მისი თქმით, შაშკინს ”გვარიც მომგებიანი აქვს რუსეთთან ჩვენი დღევანდელი ურთიერთობის თვალსაზრისით. დიმიტრი შაშკინი არის საკმაოდ ძლიერი კოზირი, რომ მაღალ თანამდებობაზე დანიშნო და მოსკოვს თვალში თითი ჩათხარო - შეხედეთ ჩვენ ეთნიკურ რუსებს არ ვებრძვით და საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე ვნიშნავთო. ამიტომ, თუ შაშკინს მაღალ თანამდებობაზე დანიშნავენ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს შეიძლება კარგიც იყოს", - ვკითხულობთ ლადო პაპავას მოსაზრებებს შაბათის „ახალ თაობაში“.

XS
SM
MD
LG