Accessibility links

logo-print

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო რუსეთისა და საქართველოს საჩივრების არსებით განხილვას იწყებს


მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო, რომელიც ჰააგაშია განთავსებული და სახელმწიფოებს შორის დავებს იხილავს (ასევე ჰააგაში განთავსებული, სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალისაგან განსხვავებით) 13 სექტემბერს იწყებს რუსეთისა და საქართველოს საჩივრების არსებით განხილვას. რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში ადვოკატმა ლია მუხაშავრიამ განმარტა, რომ ორივე საჩივარი ერთ საქმედ გაერთიანდა და ერთად ხდება მათი განხილვა. რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში შეიტანა საჩივარი საქართველოს წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა საქართველოს მხრიდანაც საჩივრის შეტანა რუსეთის წინააღმდეგ. ორივე შემთხვევაში საქმე ეხება ბრალდებებს რასობრივი დისკრიმინაციის შესახებ - გაეროს დეკლარაციის მიხედვით. 2008 წლის ოქტომბერში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ მიიღო წინასწარი გადაწყვეტილება, რომლითაც ორივე მხარეს უკრძალავდა რაიმე სახის აგრესიულ მოქმედებას ერთმანეთის წინააღმდეგ. ამასთან, ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ სასამართლო არანაირ პოზიციას არ გამოხატავს საბოლოო გადაწყვეტილებაზე, რომელსაც მიიღებს საქმის არსებითი განხილვის შემდეგ. სწორედ არსებითი განხილვა იწყება 13 სექტემბერს. წინასწარ არ არის ცნობილი, როდის დასრულდება განხილვა და როდის მიიღებენ გადაწყვეტილებას.
XS
SM
MD
LG