Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მყოფი სამხედროების რთული ფსიქოლოგიური და საბრძოლო ტვირთი


ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის მიუხედავად, საქართველო გააგრძელებს სამშვიდობო მისიას ამ ქვეყანაში. 1000-კაციანი ქართული ქვედანაყოფის გაძლიერებული ბატალიონი ავღანეთის ერთ-ერთ „ცხელ წერტილში“ ასრულებს საბრძოლო მოვალეობას. რა საფრთხეებით ხასიათდება ჰელმანდის პროვინციაში შექმნილი ვითარება და რა უნდა გაითვალისწინოს ავღანეთში მყოფი ქვედანაყოფის როტაციის დროს ქართულმა სარდლობამ?

მეთაურის ბრძოლის ველზე დაღუპვა მებრძოლებში ან მორალურ დაცემას იწვევს ან იწვევს შურისგების განწყობას. ორივე სიმპტომი საზიანოა და, შესაძლოა, გაუაზრებელი ქმედებისაკენ უბიძგოს საბრძოლო მოქმედების ზონაში მყოფ სამხედრო ქვედანაყოფს. ასეთი ფაქტები მრავლად არის ვებსაიტ „უიკილიკსის“ მიერ დასავლური მედიისათვის მიწოდებულ დოსიეში, რომელიც საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის შედეგად შეიქმნა.

საქართველოს სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტია გიორგი ცხვიტავა, რომელსაც საერთაშორისო კონფლიქტების გაშუქების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. გიორგი ამბობს, რომ უფროს ლეიტენანტ გიორგი შუკვანის დაღუპვა მეამბოხეებთან შეტაკებაში მონაწილე ოცეულის წევრების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე სერიოზულ გავლენას მოახდენდა:

„თუმცა, თუ ქვედანაყოფი კარგადაა შეკრული, ცხადია, რომ ფუნქციების გადანაწილება ჩვეულებისამებრ ხდება და აქ უკვე ქვედანაყოფი აღარ უნდა დაიბნეს. მაგრამ ყოველთვის არის ფსიქოლოგიური განწყობა იმისა, რომ, როდესაც მეთაური კვდება, ეს ქვედანაყოფის შემადგენლობაზე პირდაპირ აისახება.“


ვიდრე იმის თაობაზე ვიტყვით, თუ ვინ და როგორ ზრუნავს ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროების ფსიქოლოგიურ და მორალურ მდგომარეობაზე, მოკლედ შევეხებით ჰელმანდის პროვინციას და იქ შექმნილ უსაფრთხოების გარემოს. უცხოეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ ბოლო ხანს გავრცელებული ინფორმაციების ზედაპირული ანალიზიც კი აშკარად მოწმობს, რომ ჰელმანდის პროვინცია ერთ-ერთი ყველაზე „ცხელი წერტილია“ ავღანეთში. მიმდინარე წლის დასაწყისში ჰელმანდის პროვინციის სხვადასხვა რაიონებში იმდენად იმატა კოალიციურ ჯარებზე მეამბოხეთა თავდასხმებმა, რომ ბრიტანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, წლის ბოლოსათვის თავისი სამხედრო ქვედანაყოფი გაიყვანოს ავღანეთის ყველაზე სისხლისმღვრელი რაიონიდან, სადაც 100-მდე ჯარისკაცი დაეღუპა.

კონკრეტულად საუბარია ჰელმანდის პროვინციის სანგინის რაიონზე, სადაც ბრიტანული ათასკაციანი ქვედანაყოფი იმყოფება. ცნობებს იმის შესაებ, თუ ჰელმანდის რომელ რაიონში მოქმედებს ქართული ქვედანაყოფი და სად დაიღუპა უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი, საქართველომდე ჯერ არ ჩამოუღწევია. თუმცა სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ ქართულ ბატალიონს ავღანეთში წინ კიდევ უფრო სახიფათო ოპერაციები ელოდება:

„გვინდა თუ არა, შემდგომი პრობლემები ქართულ ბატალიონს მომავალშიც ექნება, რადგან იქ ანტიპარტიზანული ოპერაცია მიმდინარეობს. მით უმეტეს, ბოლო პერიოდში მოსალოდნელია ყანდაარის მიმართულებით დიდი ოპერაცია ამერიკელებისა და კოალიციური ძალების მიერ, რომელშიც ქართული ქვედანაყოფი ალბათ აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას. კიდევ ის უნდა აღინიშნოს, რომ 31-ე ბატალიონი ჩემოდნებს ალაგებდა, მათ როტაციის დრო უწევდა და ცოტა ხანში უნდა დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში.“

31- ე ბატალიონი, როტაციის გრაფიკის თანახმად, სამშობლოში ოქტომბრის დასაწყისში ან სექტემბრის ბოლოს უნდა დაბრუნდეს. მისი შემცვლელი ბატალიონის მომზადება კი კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე ინტენსიურად მიმდინარეობს. ქვედანაყოფი ძირითადად დაკომპლექტებულია ერაყსა და კოსოვოს სამშვიდობო-სამხედრო ოპერაციებში მონაწილე სამხედროებით. თუმცა ქვედანაყოფის საშტატო შემადგენლობაში არ არიან გათვალისწინებულნი სამხედრო ფსიქოლოგები. ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცების მორალურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ზრუნვა მხოლოდ მეთაურსა და სამხედრო მოძღვარს აკისრიათ, რაც საკმარისი არ არისო, - ამბობს გიორგი ცხვიტავა, საქართველოს სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარე:

„იმიტომ რომ ფსიქოლოგი სწავლობს მებრძოლის ტიპაჟს, მის ფსიქოლოგიურ შესაძლებლობებს, აგრესიის გამოვლინებას და ასე შემდეგ, უამრავი ნიუანსია. ნებისმიერ ქვეყანაში მოიერიშე ბატალიონში ყოველთვის დგინდება ნებისმიერი მებრძოლის ფსიქოლოგიური სურათი და ის პირად საქმეში იდება, რადგან, შესაძლოა, ადამიანი იყოს კარგი მებრძოლი, მაგრამ მას ჰქონდეს ფსიქოლოგიური გადახრები. მე არ ვიცი რაზე ფიქრობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა, როდესაც საზოგადოებას არ უხსნის და არ ეუბნება ისეთი პროფესიის საჭიროების აუცილებლობაზე, როგორიცაა სამხედრო ფსიქოლოგი.“

საქართველოს არმიაში სამხედრო ფსიქოლოგის ინსტიტუტის დანერგვა 90- იანი წლების ბოლოს აქტიურად დაიწყო. სხვადასხვა ტესტებით მათ უნდა შეესწავლათ ჯარისკაცების ფსიქოლოგიური პორტრეტი, გამოევლინათ სუიციდის მიდრეკილების მქონე ჯარისკაცები, დაედგინათ ფსიქოლოგიური მდგრადობა იმ სამხედრო პირისა, ვისაც საბრძოლო იარაღთან და საბრძოლო ტექნიკასთან ჰქონდა საქმე, მინდობილი ჰქონდა თანამებრძოლების ბედი. ფსიქოლოგიური ტესტების შედეგები გასაიდუმლოებული იყო, თუმცა მათი პრაქტიკული მნიშვნელობა დავას არავისში იწვევდა. სამწუხაროდ, როგორც გიორგი ცხვიტავა ამბობს, სამხედრო ფსიქოლოგის ინსტიტუტი არმიაში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მალევე გაუქმდა, როგორც ზედმეტი და სრულიად უსარგებლო რუდიმენტი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG