Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგაში დღეს რუსეთის არგუმენტებს მოისმენენ, ხვალ - საქართველოს პოზიციას


ჰააგაში, გაეროს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის ზეპირი განხილვა დაიწყო. თბილისმა მოსკოვს 2008 წლის აგვისტოში უჩივლა და რუსეთი და მის მიერ მხარდაჭერილი, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებები ქართველთა დისკრიმინაციასა და ეთნოწმენდაში დაადანაშაულა. გაეროს საერთაშორისო სასამართლო დღეს ისმენს რუსეთის არგუმენტებს, ხვალ კი, საქართველოს პოზიციას მოისმენს. მსგავსი პროცედურა განმეორდება 15 და 17 სექტემბერს. საქართველოს მთავრობას გაეროს საერთაშორისო სასამართლოში წამოადგენენ საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრების მოადგილეები ნინო კალანდაძე და თინა ბურჯალიანი. მათ იმედი აქვთ, რომ ჰააგის სასამართლო საკითხს საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტს. თავის მხრივ, რუსეთის მთავრობაში გაეროს საერთაშორისო სასამართლოსგან მოსკოვისთვის სასურველ გადაწყვეტილებას ელიან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მიერ ინიცირებული სასამართლო განხილვა ხელოვნურია და მიზნად ისახავს ყურადღების გადატანას, რადგან აგვისტოს ომისას საერთაშორისო სამართლის ნორმები უხეშად თავად თბილისმა დაარღვია.
XS
SM
MD
LG