Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვალტერ კელინი დევნილთა მდგომარეობას შეისწავლის


უოლტერ კელინი, გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებათა საკითხებში
უოლტერ კელინი, გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებათა საკითხებში
საქართველოში იმყოფება იძულებით ადგილნაცვალ პირთა უფლებების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ვალტერ კელინი, რომელიც ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს თბილისში, სოხუმსა და გალში. 13 სექტემბერს ვალტერ კელინი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს კობა სუბელიანსა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეხვდა.

ვალტერ კელინის საქართველოში სტუმრობა ნაწილია სამხრეთ კავკასიის რეგიონში მისი ხუთდღიანი ვიზიტისა, რომელიც 18 სექტემბერს ერევანში დასრულდება, თუმცა მანამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი სამი დღის განმავლობაში შეხვედრებს საქართველოში გამართავს.

ვალტერ კელინმა მინისტრ კობა სუბელიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ 2009 წელთან შედარებით ვითარება გაუმჯობესებულია. ვალტერ კელინი ასევე გაეცნო დევნილებისათვის უძრავი ქონების დაკანონების სტატისტიკას, რომელიც 13 სექტემბრის შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა წარმოადგინა.

კობა სუბელიანი: „სტუმარმა ილაპარაკა პროგრესის შესახებ. იცით, რომ თბილისში სრულად დასრულდა პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე დევნილთათვის უძრავი ქონების დაკანონების პროცესი. დაახლოებით 300 შენობა გადაეცათ დევნილებს. იგივე პროცესი ახლა რეგიონებში იწყება.“

კობა სუბელიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ვალტერ კელინმა ასევე აღნიშნა, რომ ვითარებაში უკეთ გარკვევის მიზნით დევნილებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებსაც შეხვდება და მოუსმენს. სათქმელი კი, როგორც ირკვევა, დევნილებსაც დაუგროვდათ და მესამე სექტორის წარმომადგენლებსაც. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის ეკა ფოფხაძის თქმით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ თბილისში მცხოვრები ის დევნილები, რომლებიც წლების განმავლობაში თვითნებურად იყვნენ შესახლებულნი ამა თუ იმ შენობაში:

„ახლა, რაც გამოსახლებები მიმდინარეობს, მაგასთან დაკავშირებით შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე პრობლემა: გამოსახლებულთა შორის აღმოჩნდნენ ახალი დევნილები, რომლებსაც უნდა მიეღოთ კომპენსაცია, მაგრამ არა მიუღიათ და მაინც მოხდა მათი გამოსახლება. და კიდევ: ეგრეთ წოდებულ ძველ დევნილებს, ანუ აფხაზეთიდან დევნილებს, რომლებიც 10-15 წელია ცხოვრობენ თბილისში, სთავაზობენ საცხოვრებელს რეგიონებში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადამიანს, რომელიც 15 წელია ცხოვრობს თბილისში და ეს იურიდიულად დასტურდება, ალტერნატივა უნდა შესთავაზონ ან თბილისში, ან სადმე ახლო რაიონში.“

დენილთა მდგომარეობის შესახებ ვრცელ და ამომწურავ ინფორმაციას ფლობს სახალხო დამცველის ოფისიც, რომლის წარმომადგენლებსაც იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ასევე 13 სექტემბერს შეხვდა. ომბუდსმენის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სოფო ბენაშვილის თქმით, ადამიანის უფლებები ირღვევა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც, სადაც დევნილთა ერთმა ნაწილმა დაბრუნება მოახერხა.

„აპრილის თვეში სახალხო დამცველის ოფისში შემოვიდა განცხადება, სადაც საუბარი იყო ეთნიკური ქართველების მიმართ აღმსარებლობის თავისუფლების ხელყოფის შესახებ. ამავე დროს, მწვავედ დგას ამ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღების საკითხი და არის სხვა მთელი რიგი ყოფითი პრობლემები. გალში მცხოვრებ მოსახლეობას ეზღუდება თავისუფალი გადაადგილების უფლება, ზუგდიდში გადასვლა წარმოადგენს მათთვის დიდ პრობლემას“, უთხრა რადიო თავისუფლებას სოფო ბენაშვილმა.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ვალტერ კელინი სოხუმსა და გალის რაიონშიც აპირებს ჩასვლას. 16 სექტემბერს, კი საქართველოდან გამგზავრების წინ, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი გაეროს სახლში შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG