Accessibility links

logo-print
”კვირის პალიტრა” რუბრიკაში ”კვირის თემა” 2001 წლის 11 სექტემბრის მორიგ წლისთავს ეხმაურება. ”ფაქტობრივად, 21-ე საუკუნე ჩვენ შევიგრძენით 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ. გაჩნდა განცდა, რომ ახალ მოვლენასთან, ძალიან სახიფათო და საშიშ გარემოებასთან გვქონდა საქმე”, - ამბობს ინტერვიუში საერთაშორისო ტერორიზმის შესახებ პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ აბაშიძე და აღნიშნავს აგრეთვე, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში ძალადობამ იმატა.

”კვირის პალიტრაშივე” ქვეყნდება საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის ყოფილი მოადგილის, ამჟამად ძებნილი ვიქტორ ჭელიძის მონათხრობი, რომელიც ჰყვება, რომ ასლან აბაშიძისგან მას მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია ჰქონდა დავალებული, მაგრამ არ შეასრულა.

”მთელი კვირის” ინფორმაციით, საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის აშშ 30 მილიონ დოლარს გამოყოფს.

”მთელი კვირა” დღეს ირაკლი ოქრუაშვილს ვრცელ სტატიას უძღვნის. ავტორი წერს, რომ ნოღაიდელი-ოქრუაშვილის ერთობა ოქრუაშვილის ამბიციის გამო არ შედგა. ”მე ამ ადამიანის მიმართ არასოდეს არ მქონდა სიმპათია”, - ამბობს ”რესპუბლიკელი” პაატა ზაქარეიშვილი და დასძენს: ”მას არ ვენდობოდი, მაგრამ როცა განუდგა სააკაშვილს, გამიხარდა და ჩავთვალე, რომ მოიქცა ისე, როგორც მოიქცა ავაზაკი, რომელიც ქრისტეს გვერდზე ეკიდა.”

”მთელ კვირაში” ქვეყნდება ნოდარ ნათაძის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქართველოს უფლება, მორალური მოვალეობა და სტრატეგიული ინტერესია ”თავს იდოს მძიმე და საპატიო მისია ჩრდილო კავკასიის ხალხთა ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლის აქტიური დამცველისა საერთაშორისო ასპარეზზე.”

”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში გოგა ხაინდრავა ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური ამბიციების შესახებ დასმულ შეკითხვას ასე უპასუხებს: ”პირველად მე ეს ვიგრძენი ”ვანოს შოუში”. ვანოს მერაბიშვილი რომ ჰყავდა სტუმრად, იქ დავინახე, რომ ამ ბოგანოს გაუჩნდა პირველკაცობის პრეტენზია.”

შსს მინისტრზე ამავე გაზეთს ეკა ბესელიაც ელაპარაკება: ”სააკაშვილი ნებისმიერ შემთხვევაში მოსვენებას კარგავს, როდესაც ერთი პირის ხელში კონცენტრირდება დიდი ძალაუფლება. არა მგონია, მერაბიშვილის გაძლიერება სააკაშვილს ამშვიდებდეს.”

ვანო მერაბიშვილზე ”ასავალ-დასავლისთვის” მიცემულ ინტერვიუში ლაპარაკობს ნანა დევდარიანიც: ”საკმარისია, მერაბიშვილმა სააკაშვილი დააპატიმროს ან გამოვიდეს და თქვას, ეს საშინელებები ყველაფერი მიშას ბრალია, მაგან გამაკეთებინა და, ხალხო, მაპატიეთო, მაშინ მერაბიშვილი ივლის საქართველოში და ბევრი ისეთი ადამიანი ჩამოართმევს ხელს, ვისაც დღეს მისი დანახვაც არ უნდა. მაგრამ, თუ მერაბიშვილი ამას არ გააკეთებს, მაშინ იგი ქუჩაში ვერ გამოვა და ქალაქში ვერ ივლის.”

”კვირის ქრონიკა” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ ცვლილებებზე წერს: ”ჯანდაცვის ექს-მინისტრის რექტორად დანიშვნის შემდეგ სერიოზული საკადრო ცვლილებები განხორციელდა. პრორექტორის მოვალეობის შემსრულებლად იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი ლევან ალექსიძე დაინიშნა. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 8 წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო 22 სექტემბერს აკადემიური საბჭოს არჩევნები ჩატარდება ჰუმანიტარულ, იურიდიულ, მედიცინის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებზე.”
XS
SM
MD
LG