Accessibility links

logo-print

ერდოანი: რეფერენდუმი "თურქული დემოკრატიის" გამარჯვებაა


სტამბოლი: თურქეთის პრემიერ-მინისტრი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი პრესკონფერენციაზე გამოდის

სტამბოლი: თურქეთის პრემიერ-მინისტრი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი პრესკონფერენციაზე გამოდის

კვირას თურქეთში გამართული რეფერენდუმის შედეგებს დადებითი გამოხმაურება ახლავს ამ ქვეყნის მმართველ წრეებში, ისევე როგორც შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისაგან. წინასწარი ინფორმაციით, თურქეთის ელექტორატის 58-მდე პროცენტი მიემხრო საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა მიზანიც არის ევროკავშირთან თურქეთის დაახლოება. თუმცა, საკონსტიტუციო ცვლილებებს თურქეთში კრიტიკოსებიც ჰყავს.

რეფერენდუმში „თურქულმა დემკორატიამ“ გაიმარჯვაო - ასეთი იყო შეფასება, რომელიც რეფერენდუმის დღესვე გამოთქვა პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა.

„დღეს გამართული რეფერენდუმის მხარდაჭერა არის დემოკრატიისაკენ საზოგადოების მისწრაფების შედეგი. სამართლიანობისა და განვითარების პარტიის სახელით, ამ შედეგს მივიჩნევ ცვლილებისა და დემოკრატიზაციის საერთო-სახალხო მხარდაჭერად!“, განაცხადა ერდოანმა.

წინასწარი ინფორმაციით, რეფერენდუმში ელექტორატის 77 პროცენტი მონაწილეობდა და ამ მონაწილეთა 58 პროცენტი მიემხრო საკონსტიტუციო ცვლილებებს. ოპოზიციური პარტიები მკაცრ კრიტიკას გამოთქვამენ - შიშობენ, რომ ერდოანი და მისი პარტია, რომელსაც მისი ტრადიციები პოლიტიკურ ისლამთან აკავშირებს, ცდილობენ ხელისუფლების სათავეში დარჩენის განაღდებას და ანკარის ჩამოშორებას სეკულარიზმის ტრადიციებიდან. სეკულარიზმის დამცველად, როგორც ცნობილია, უწინარეს ყოვლისა, თურქეთის არმია ითვლება, საკონსტიტუციო რეფორმა კი, სხვა ზომებთან ერთად, სამხედროების გავლენის შეზღუდვას ითვალისწინებს...

სხვა ზომებს რაც შეეხება, გათვალისწინებულია სამართლებრივი სისტემის რეფორმა და თურქეთის დაახლოება იმ კრიტერიუმების შესრულებასთან, რომელთაც ევროკავშირი მოითხოვს მასში ინტეგრაციის მსურველებისაგან. ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, შტეფან ფიულემ გააკეთა განცხადება, რომელშიც „სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა თურქეთში გამართული რეფერენდუმის შედეგს. თუმცა, ფიულემ იმაზეც მიუთითა, რომ რეფერენდუმს „უნდა მოჰყვეს სხვა, მეტად საჭირო რეფორმები ადამიანის ძირითადი უფლებების სფეროში დარჩენილ პრიორიტეტებთან მიმართებით, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება და რელიგიის თავისუფლება“.

რეფერენდუმს დადებითი რეაქცია მოჰყვა შეერთებული შტატებიდანაც. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერდოანს დაურეკა და შეაქო თურქული დემოკრატიის სიცოცხლისუნარიანობა, რაც, ობამას შეფასებით, რეფერენდუმში ელექტორატის აქტიურობით გამოიხატა.

ამჟამინდელი კონსტიტუცია შექმნა ხუნტამ, რომელიც ხელისუფლებას სათავეში მოექცა 30 წლის წინ სამხედრო გადატრიალების შედეგად, 1980 წლის 12 სექტემბერს. ამიერიდან კი 12 სექტემბერი თურქეთში სხვა და გაცილებით უფრო პოზიტიური მოვლენის გამო დაამახსოვრდებათო, განაცხადა თურქეთის პერმიერ-მინისტრმა: „12 სექტემბერი ისტორიაში შევა, როგორც შემოტრიალების წერტილი თურქეთის დემოკრატიაში“, განაცხადა ერდოანმა. მისივე თქმით, „12 სექტემბერი, რომელსაც სამხედრო გადატრიალების დაღი ჰქონდა დაჩნეული, ახლა ნათელ ფურცლად იქცა ამ რეფერენდუმით, დემოკრატიის ახალი ეტაპით და გათავისუფლდა უარყოფითი მხარისაგან“.
XS
SM
MD
LG