Accessibility links

logo-print

რუსულ-ქართული პოლიტიკური განდაგანა


რიგის საერთაშორისო კონფერენცია

რიგის საერთაშორისო კონფერენცია

საქართველო ოკუპირებულია, მისი ტერიტორიები - სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი - დაპყრობილია, საქართველო გააგრძელებს ბრძოლას რუსეთთან ქვეყნის სრულ დეოკუპაციამდე - ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის დეკლარირებული მიზანია. თუმცა თბილისიდან ისმის სხვა მესიჯებიც: „საქართველო მზად არის რუსეთთან დაიწყოს ყოვლისმომცველი მოლაპარაკებები ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ თემაზე ყოველგვარი წინაპირობების გარეშე“ - ეს სიტყვები საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასულ კვირაში საქართველოს ელჩებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაიმეორა.

ყველაფერი თავის ადგილზეა, შეუსაბამობა არ არსებობს, - ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ აქ არავითარ შემთხვევაში არ იგულისხმება პრინციპებზე უარის თქმა და ტერიტორიული მთლიანობის რღვევის ფაქტთან შეგუება:

„ჩვენ არ ვამბობთ უარს იმაზე, რომ ტერიტორიული მთლიანობა და დეოკუპაცია უნდა იყოს ქვაკუთხედი ყოველგვარი მოლაპარაკების. მაგრამ იმასაც კი, რომ ამ საკითხებზე ილაპარაკო, დიალოგი სჭირდება რუსეთთან. ამისთვის ჩვემ მზად ვართ. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ საქართველო, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, გამოხატავს მზადყოფნას, რომ დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთის ხელისუფლებასთან, რუსეთის მთავრობა კი, როგორც არადემოკრატიული სახელმწიფოს მთავრობა, ამბობს, რომ არასოდეს დაელაპარაკება დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას. თუ რუსეთს ჰგონია, რომ საქართველოში ოდესმე იქნება ისეთი მთავრობა, რომელიც „ბორჯომზე“, ღვინოზე და ამ პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებაზე დაუწყებს ლაპარაკს, დეოკუპაციის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და იძულებით ადგილნაცვალი პირების სანაცვლოდ, ძალიან ცდება!“

თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლება ფიქრობს, რომ არ ცდება და რომ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე უარის თქმა სწორედ ის იქნება, თუკი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება მიხეილ სააკაშვილსა და მისი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მაგრამ რამდენად მყარია ასეთი კლიშე რუსეთ-საქართველოს ომიდან ორი წლის შემდეგ და შესაძლოა თუ არა კრემლმა თვალსაწიერ მომავალში მაინც დაიწყოს პირდაპირი დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან? მიხეილ მარგელოვი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიიჩნევს, რომ ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს:

„თვითმფრინავების მიმოსვლა აღდგა? - კარგია! პატრიარქები ურთიერთობენ? - კარგია! ოპოზიციონერები ერთმანეთში ურთიერთობენ? - ღმერთმა კარგად ამყოფოთ! ეს ხომ ქართველი და რუსები ურთიერთობენ. ეს სწორია. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს წინსვლა. რევოლუციური ცვლილებები არ იქნება, მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რადგან უამრავი ცუდი საქმე გააკეთეს 2008 წლის აგვისტოში. რაც შეეხება წინაპირობას, მე ადამიანურად მედვედევის პოზიციისა აბსოლუტურად მესმის. საკუთარ პოლიტიკაში თქვენ, ქართველი ხალხი, თავადვე გაერკვიეთ. თქვენ თავად გადაწყვიტეთ, ვინ გეყოლებათ პრეზიდენტად და ლიდერად და მერე ვნახოთ. მაგრამ ეს თქვენი გადასაწყვეტია და ჩვენ ამაში არ ჩავერევით.“

ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრი აქვთ დამოუკიდებელ რუს ექსპერტებს. კონსტანტინ ფონ ეგერტმა, მოსკოვის „კარნეგის ცენტრის“ დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში თქვა, რომ საკუთარი სტერეოტიპების გამო რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში არაფრის შეცვლა არ შეუძლია თვალსაწიერ მომავალში:
„მეჩვენება, რომ ეს სტერეოტიპი რუსეთისთვის არის შესაძლებლობა არ მოახდინოს პოლიტიკის ფორმირება საქართველოსთან დაკავშირებით. აი, იქ სააკაშვილია, ჩვენ მას არ ველაპარაკებით და ამიტომ ამაზე არც ვიფიქრებთო. ეს არის შესაძლებლობა, გადაიდოს საკითხი. მეტიც, რუსეთში ძალიან ბევრს არ უნდა ამ საკითხის გახსენება, რადგან მაშინ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ მხოლოდ სამმა ქვეყანამ აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.“

მაგრამ როგორ მოქმედებს რუსეთის საგარეო იმიჯზე ის ფაქტი, რომ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებას არავინ გამოუჩნდა მომხრე სამი ქვეყნის - ვენესუელას, ნიკარაგუასა და ნაურუს გარდა?

მიხეილ მარგელოვს, რუსეთის სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, საკუთარი ლოგიკა აქვს და ციფრ სამს სულაც არ მიიჩნევს უმნიშვნელოდ:
„სამი, მათემატიკის თვალსაზრისით, მრავლობითია. ორი არის წყვილი. იცით? სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებაზე როცა ვლაპარაკობდით, ჩვენ არჩევანი გვქონდა ცუდსა და კიდევ უფრო უარესს შორის. ჩვენ რომ მათი დამოუკიდებლად აღიარება მართლა გვდომებოდა, ამას 1991-92 წლებში გავაკეთებდით. შეგვეძლო ასე, არაღიარებული სტატუსით მათი დატოვება, მაგრამ მაშინ ჩვენ მივიღებდით ორ ჩეჩნეთს. ვის სჭირდებოდა ეს? არავის! ახლა კი ისინი წესების თანახმად მაინც თამაშობენ.“

თუმცა მიხეილ მარგელოვი აღიარებს, რომ რუსეთს არ გააჩნია მწყობრი პოლიტიკური სტრატეგია სამხრეთ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით. „დღეს მე ვერ დაგისახელებთ 10 პუნქტს, რომელთა მიხედვითაც ჩვენ წარვმართავთ პოლიტიკას სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან მიმართებით“, -ამბობს მარგელოვი. კონსტანტინ ეგერტს, მოსკოვის „კარნეგის ცენტრიდან“, მიაჩნია, რომ რუსეთის პოლიტიკა, საქართველოსთან მიმართებით, 2013 წლამდე არ შეიცვლება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG