Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი ბაქოს ენერგეტიკულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაქოში დაგეგმილ ენერგეტიკულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ბაქოში ენერგოსამიტი დღეს ტარდება, რომელშიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუმინეთის პირველი პირები მონაწილეობენ. სამიტი აზერბაიჯან-საქართველო-რუმინეთის გაზის ერთობლივ პროექტს ეხება. სამი ქვეყნის პრეზიდენტები სამიტზე შესაბამის დეკლარაციასაც გააფორმებენ. წინასწარი ინფორმაციით, ბაქოს სამიტს ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზო და ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტტინგერი დაესწრებიან. 13 აპრილს ბუქარესტში საქართველომ, აზერბაიჯანმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს "გათხევადებული ბუნებრივი გაზის და მისი ტრანსპორტირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ", რომელიც ითვალისწინებს საქართველოში გაზის გამათხევადებელი, ხოლო რუმინეთში რეგაზიფიკაციის ტერმინალების მშენებლობას. პროექტის მიხედვით, გაზის გამათხევადებელი ტერმინალი საქართველოში, სავარაუდოდ, ყულევში აშენდება. პროექტის ღირებულება, წინასწარი გათვლებით, 4-6 მლრდ ევროს შეადგენს. პროექტის თანახმად, საქართველოდან გათხევადებული გაზის რუმინეთში ტრანსპორტირება მოხდება. რუმინეთში გათხევადებული გაზი მიიღებს ისევ ბუნებრივი გაზის სახეს და შემდგომ ის განკუთვნილი იქნება ევროპული ქვეყნების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

XS
SM
MD
LG