Accessibility links

ამერიკელი დიპლომატი: ისრაელსა და პალესტინელებს შორის მოლაპარაკება სწორი მიმართულებით მიიწევს


ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების საგანგებო წარმომადგენელი ჯორჯ მიჩელი გამოთქვამს რწმენას, რომ ისრაელისა და პალესტინელების განახლებული მოლაპარაკებები, მთლიანობაში, სწორი მიმართულებით მიიწევს. ამ შინაარსის განცხადება მან გააკეთა ეგვიპტეში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუსა და პალესტინელების ლიდერ მაჰმუდ აბასის პირდაპირი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ. ეს იყო ისრაელ-პალესტინელების პირდაპირი მოლაპარაკების მეორე რაუნდი მას შემდეგ, რაც პროცესი 2 სექტემბერს ვაშინგტონში განახლდა, 20 თვე შეჩერების შემდეგ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი შუამავლობდა დღეს ეგვიპტეში გამართულ მოლაპარაკებაზე, რომელსაც მიჩელიც დაესწრო. შეხვედრის ფონია შეშფოთება, რომელსაც იწვევს ებრაული დასახლებების მშენებლობაზე დაწესებული მორატორიუმის ვადის მოახლოებული ამოწურვა. ნეტანიაჰუს განცხადებით, ისრაელი არ აპირებს მორატორიუმის გაგრძელებას, თუმცა შესაძლებელია ახალი მშენებლობების მასშტაბის შეკვეცა. აბასი მოლაპარაკების შეწყვეტით იმუქრება, თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ებრაული დასახლებების მშენებლობა განახლდა.
XS
SM
MD
LG