Accessibility links

5 სექტემბერი, კვირა
რამდენი დღიურიც წავიკითხე, თითქმის ყველა ავტორი იწყებს იმით, რომ დილით გაეღვიძა და ლოგინიდან ადგა. ვხვდები, რომ არგაღვიძების შემთხვევაში ძალიან გაუჭირდებოდა ლოგინიდან ადგომა და ერთი სიტყვის დაწერაც კი.

მე დავიწყებდი იმით, თუ რა ხდება (დილით გაღვიძებამდე) ღამე ჩემი სახლის წინ, დოლიძის ქუჩაზე. მე ვიტყოდი, ძალიან ხმაურიანია ეს დოლიძის ქუჩა, განურჩევლად დღისა თუ ღამის. სამეზობლოს, როგორც წესი, არ ძინავს, უფრო სწორად ვერ ძინავს - აბსოლუტურად განუკითხავი ღრიანცელის გამო!

სწორედ ამ ღამეს ჩამოიარა ვიღაც პიროვნებამ (მგონი, პიროვნება იყო). ერთი-ორი ლიტრი ნამდვილად ექნებოდა ჩაშვებული სტომაქში და, უბრალოდ, ბღაოდა. ეს ბღავილი ჰგავდა ეკლიან მავთულში გაბლანდული, გაწამებული, პატრონისაგან დიდი ხნის წინ მიტოვებული მოზვრის ბღავილს, იმიტომ რომ ადამიანურს ამას ვერ დაარქმევდი. მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, ტექსტიც მიაყოლა: თურმე აქ, ახლო-მახლო, ცხოვრობს ვინმე არაკაცი ანზორა - მაგის ისე და ასეო... და ეს, რატომღაც, ყველას უნდა გვცოდნოდა...

ჩემთვის განსაკუთრებით უცნაური იყო ეს ამბავი. როგორც ჩანს, ამერიკაში გადაეჩვია ჩემი ყური ასეთების მოსმენას.

საქართველოდან 20 წლის წინ წავედი. დოლიძის ხმაურისგან მაშინვე დაისვენა ჩემმა ყურებმა. ზედმეტიც იყო - იმდენად, რომ მეგონა, მთელ ქვეყანას ეძინა.

მხატვარი ვარ და ხატვა მინდოდა. ხატვით თავის დამკვიდრება ძალიან ძნელია ამ ქვეყანაში. განსაკუთრებული ენერგია და, ალბათ, იღბალიც გჭირდება ამისათვის. იღბალს, კაცმა რომ თქვას, დღემდე ველოდები.

პირველი გამოფენა იმავე წელს მქონდა. მერე კარგა ხანს აღარ ვყოფილვარ ამით განებივრებული.

წარმატება გვიან მოვიდა: 10- 12 წლის შემდეგ. მაგრამ წარმატება ამერიკაში პირიობითია - იქ მას მუდმივი ხასიათი არ აქვს. წარმატებული ხარ, მერე მთავრდება... მერე ისევ თავიდან იწყება ყველაფერი.

ასე გრძელდება დღემდე.

დილით ავდექი. ნოშრევანი - ჩვენი კატა - გარეთ გავუშვი. დავჯექი სკამზე ეზოში და დიდხანს ვფიქრობდი არაკაც ანზორაზე. ნეტავ, როგორ გამოიყურება ეს კაცი - ანზორა? სად ცხოვრობს, ან რა დააშავა ასეთი, რომ მთელ სამეზობლოში მოეჭრა თავი იმ ღამეს? ალბათ, თავი არ გამოეყოფა ჩვენს ქუჩაზე. მერე რა, რომ არავინ იცნობს სახეზე, მაინც არ გამოეყოფა.

ანზორაზე ფიქრი და ეს მელანქოლიური დილა ტელეფონის ზარმა დაარღვია. მეგობარი მირეკავდა და თავისთან მეპატიჟებოდა ნაფეტვრებში. უცებ მივხვდი, რომ ცხოვრება არცთუ ისე ცუდია. გამოვცოცხლდი. დავურეკე სხვა მეგობრებს და ცოტა ხანში ნაფეტვრებში გაშლილ სუფრას ვუსხედით. ულამაზესია თბილისი იქიდან! განსაკუთრებით, ღამით. ნეტა, ანზორა თუ ყოფილა ოდესმე ნაფეტვრებში?

6 სექტემბერი, ორშაბათი
10 საათისათვის აკადემიაში ვარ. თითქმის ერთ კვირაში გამოფენა მაქვს და სიჩქარე მმართებს.

2 საათზე მარინა ვაშაყმაძეს უნდა შევხვდე. ვიცი, რომ რაღაც უნდა დამაწერინოს. მე, რა თქმა უნდა, ტექსტი მაქვს მომზადებული: „მარინა, ხომ იცი, რომ ესეთ დღეში ვარ? ახლა, უბრალოდ, ფიზიკურად გამიჭირდება ამის გაკეთება. იცი, რომ ყველაფერს გაგიკეთებ, მაგრამ ეს, უბრალოდ, ახლა შეუძლებლად მიმაჩნია...“

2 საათზე მზა ტექსტით შევხვდი მარინას ფერწერის კათედრაზე. მარინამ ამიხსნა, რა უნდოდა, რომ გამეკეთებინა. შემდეგ ჩამხედა თვალებში და ღიმილით მკითხა: „ხომ გაკეთებ?“

ფრაზა დასრულებულიც არ ჰქონდა, რომ ვთქვი: „რა თქმა უნდა, გავაკეთებ!“

ხუთი წუთის შემდეგ თავჩაქინდრული, ნელი ნაბიჯით, არაკაცი ანზორასავით მივდიოდი ჩემი სახელოსნოსკენ...

7 სექტემბერი, სამშაბათი
ისევ აკადემიაში წავედი. მუშაობის თავი, რატომღაც, არ მქონდა. არადა, გამოფენა ახლოვდება. მოვიკრიბე ძალა და დავიწყე მუშაობა. მუშაობის პროცესმა გონს მომიყვანა და ენერგია შემმატა.

შიგადაშიგ შევდივარ ფერწერის კათედრაზე, სადაც გულუხვად მიმასპინძლდებიან ყავით. მართლაც, კარგი ხალხია კათედრაზე! ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ყავას არ იშურებენ ჩემთვის...

ზაფხულის მიუხედავად, აკადემიაში უამრავი სტუდენტია და არის ერთი ჟრიამული! მალე მათაც დიპლომების დაცვა აქვთ. ხმაურს არც აქ მაკლებენ, დოლიძის ქუჩისა არ იყოს. განსაკუთრებით ერთი სტუდენტი გოგონას ხმა მაოცებს - ვერაფრით ვერ ვხვდები, იცინის, ტირის, ეგ ახრჩობს ვინმეს თუ მას ახრჩობენ... ხან ფანჯრიდან ვიყურები, ხან დრეფანში გავდივარ, მაგრამ ვერაფრით ვერ დავადგინე მისი ვინაობა, არაკაცი ანზორასი არ იყოს. მინდა, უბრალოდ, ჩავხედო თვალებში და ამივიკითხო ის მისტერია, მოსვენებას რომ არ მაძლევს: როგორ შეიძლება, პირის ერთი გაღებით ამდენი სხვადასხვა ხმის ერთდროულად გამოცემა?!

საღამოსთვის ავიკრიფე გუდა-ნაბადი, გამოვიკეტე სახელოსნოს კარი და ფეხით წავედი სახლში. გზაში ვფიქრობდი მრავალხმიან გოგონაზე. ალბათ, ვერასოდეს შევხვები მას და დარჩება ჩემთვის ამოუცნობი. ამ ფიქრებში გართული, ნელ-ნელა მივუახლოვდი დოლიძის ქუჩას - არანაკლებ მისტერიული ანზორას მიდამოებს.

8 სექტემბერი, ოთხშაბათი
ღამით კვლავ გამოიარა ეკლიან მავთულებში გაბლანდულმა მოზვერმა და ჩვეული ბღავილით ფეხზე წამოახტუნა ტკბილად მძინარე სამეზობლო; კვლავ შეგვახსენა არაკაცი ანზორა, ცოტა ხანი იბორიალა ჩემი სახლის წინ და ასეთივე ბღავილით გაეცალა იქაურობას.

ავდექი. გრაფიკა უნდა ჩავსვა ჩარჩოებში და გამოფენისთვის მოვამზადო. ამოვიიღლიავე ნამუშევრების დიდი დასტა და გავემართე რუსთაველისკენ.

10 საათზე მაღაზია დაკეტილი დამხვდა, 11 საათზე იხსნებოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ უნდა წავსულიყავი აკადემიაში და ერთ საათში უკან დავბრუნებულიყავი.

რა თქმა უნდა, გაღიზიანებული ამოვედი მიწისქვეშა გადასასვლელიდან და გრიბოედოვის ქუჩისაკენ გამოვემართე. რატომღაც გამიჩნდა გრძნობა, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო, და მოხდა კიდეც! სარჩული, რომელშიც ნამუშევრები იყო გახვეული, გაიხსნა და მთელი გრაფიკა რუსთაველის მტვრიან ასფალტზე აღმოჩნდა. ეს მოხდა ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, ავტობუსის გაჩერებასთან. რა თქმა უნდა, ყველამ ინტერესით დამიწყო ყურება. თითქოს ჩემს ჯიბრზე, სამი ავტობუსი გაჩერდა ერთდროულად, რომ მგზავრებსაც უკეთ შეევლოთ თვალი ჩემთვის. რატომღაც სწორედ ის ადგილი იყო მზით ყველაზე მეტად განათებული, რომ თეთრ ფურცლებზე არეკლილ მზის სხივებს კარგად მოეჭრა თვალი რუსთაველის მეორე მხარეს ფეხით მოსიარულეთათვის - რომ იქიდანაც არ დამკლებოდა ყურადღება. კი ვიფიქრე, ნეტავ არ დავბადებულიყავი-მეთქი, მაგრამ ამაზე ოცნება უკვე გვიან იყო.

ხალხს ზურგი შევაქციე და მივესახე შენობის კედელს იმ იმედით, რომ სახეზე არ დავემახსოვრებინე ვინმეს. მაგრამ ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ ზურგზე მეკიდა დიდი აბრა მსხვილი ასოებით დაწერილი ჩემი სახელითა და გვარით, ტელეფონის ნომრით, მისამართით და გადიდებული პასპორტის სურათით...

მოკლედ, ბედნიერი არ ვიყავი.

ფეხის მოქნილი და სხარტი მოძრაობით დავამიწე ნიავით ატაცებული რამდენიმე ნამუშევარი და ზედ ჩემი ფეხსაცმლის ანაბეჭდის ამოტვიფვრაც კი მოვახერხე!

ავკრიფე ნამუშევრები. ამოვედი აკადემიაში და იმას ვფიქრობდი, რომ ერთ საათში, იმავე მარშრუტით, მაღაზიაში უნდა დავბრუნებულიყავი. მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.

ერთ საათში თავხედურად გავიარე და გამოვიარე გზა მაღაზიისკენ, მაგრამ, მგონი, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. რამაც ყველაზე მეტად დამაფიქრა, ეს იყო: ხომ შეიძლება, გამოფენიდან ვინმემ შეიძინოს ის გრაფიკა, რომელზეც ჩემი ფეხსაცმლის ნაკვალევია? ეს ხომ უნიკალური ნამუშევარი იქნება ვინმეს კედელზე!

9 სექტემბერი, ხუთშაბათი
დღეს აკადემიაში ზაირა ბერელიძე მოვიდა ფოტოგრაფთან ერთად. ჩემი ნამუშევრის ფოტო უნდა გადაეღოთ. ნამუშევარი არცთუ ისე პატარაა. მეტრი და სამოცდაათი სამ მეტრზე. მოგვიწია ნამუშევრის გარეთ გატანა, ტუმბოებზე შეყენება და მზის შუქზე მორგება. ფოტოგრაფმა აპარატი გაასწორა, მე და ზაირა კი ვისხედით სკამზე და წყნარად ვსაუბრობდით. უცებ, ჩემდა გასაოცრად, ზაირას ისეთი ყვირილი აღმოხდა, რომ ერთი წამით გავიფიქრე, თავს ხომ არ ვუშველო-მეთქი. მაგრამ შევხედე და დავინახე, რომ იქით იყურება სადაც სურათი დგას. მივხვდი, რომ რაღაც საშინელება მოხდა. ნელა მივატრიალე თავი... და დავინახე, რომ ჯერ კიდევ საღებავშეუმშრალი სამმეტრიანი სურათი მიწაზე, „პირქვე“ იყო დამხობილი. ისევ გავიფიქრე, რომ არ უნდა დავბადებულიყავი, მაგრამ ისევ გვიან იყო...

10 სექტემბერი, პარასკევი
ეს ამბავი არ მომხდარა პარასკევს, მაგრამ ამ კვირაში მოხდა. ჩემი ახლო მეგობრის ქუჩაზე ერთ მშვენიერ დილით მუშები გამოჩნდნენ. როგორც ჩანს, ასფალტის დასაგებად. სამეზობლოში ეს გათვალისწინებული არ ყოფილა და მუშების გამოჩენას პატარა მღელვარება მოჰყვა.

მეზობლებმა შესჩივლეს ჩემს მეგობარს, როგორც სამეზობლოში ყველაზე ავტორიტეტიანსა და დიდი წონის მქონე პირს - სწორედ ის არის მათი „საბრძოლო იარაღი“. წამოენთო ჩემი მეგობარიც: რას ჰქვია, ვიღაც აწუხებს ჩემს მეზობლებსო, და თან ჩემთან შეუთანხმებლად, ვიღაც არამზადებმა გაბედეს და მუშაობა გააჩაღესო. მეზობლებს იმედის ტალღამ გადაურბინა. დაჰკრეს ზურნა-დუდუკი, გააკეთეს დერეფანი და ყიჟინით გაუკვალეს გზა მუშებისკენ. ჩემი მეგობარიც დედოფალივით მედიდური ნაბიჯით გაემართა „დანაშაულის“ ადგილისკენ. აფრიალდა მისი საგვარეულო დროშები, ისმოდა შეძახილები მუშების მისამართით: „აი, ახლა ნახავთ რაც მოგივათ!“ „შავი დღე დაგადგებათ!“ „მიდი, მიდი, დედოფალო, აჩვენე მაგათ, როგორ უნდა იქცეოდნენ შენს სამფლობელოში!“

ჩემმა მეგობარმაც ამაყად გაიარა დერეფანი და ასევე ამაყად მიუახლოვდა ორ კაცს, რომლებსაც ხელში რაღაც ქაღალდები ეჭირათ. მანაც იფიქრა, ესენი იქნებიან ვინც იქნებიანო და პირდაპირ მიეჭრა გამეხებული სახით: თქვენ რეებს ბედავთ აქაო?! რა ხმაური ამიტეხეთ, სად გგონიათ თქვენი თავიო.?! მამაკაცებმა ოდნავი გაკვირვებით შეხედეს, შემდეგ ზანტად გადახედეს მუშებს და წყნარად მიუგეს: ჩვენ ამათთან არაფერი გვესაქმება, გაზის ჩასაჭრელად ვართ მოსულიო; ისე, თქვენ რა გვარის ბრძანდებითო. ჩემი მეგობარიც წელში გაიმართა და ომახიანად მიუგო: ამა და ამ გვარის ვარო. მათ კი ღიმილით უპასუხეს: ჰოდა, სწორედ თქვენ ხართ ამ სიაში პირველიო!

ერთი მარცხნიდან ამოუდგა, მეორე - მარჯვნიდან, ჰაერში ასწიეს ეს ჩემი მეგობარი და ფეხების სავსავით იმავე დერეფნით საკუთარი სახლისაკენ წააცუნცულეს.

ამ ყველაფერმა შიშის ზარი დასცა სამეზობლოს! შეწყდა ყიჟინა, დაეშვა დროშები, დადუმდა ზურნა-დუდუკი. ქუჩის ძაღლები, კუდამოძუებულები, წკმუტუნით გაეცალნენ იქაურობას; ერთ დროს საამაყო დერეფანი სირცხვილის დერეფნად იქცა. ჩემი მეგობარი სახლში შეაგდეს და ყველას თვალწინ გადაუჭრეს გაზი.

ასე და ამრიგად გაითელა მისი ერთ დროს საამაყო რეპუტაცია. ამიერიდან მის შვილებს ეზოში ფეხბურთს აღარავინ ეთამაშება; მისი მეუღლე ძალიან ადრე გადის სამსახურში და ძალიან გვიან ბრუნდება - რომ არავინ შეამჩნიოს. მოკლედ, მთელმა ოჯახმა წამში დაკარგა წლების მანძილზე მოპოვებული დიდება. ამ უგაზობაში ჩემი მეგობარი მშრალ სპირტზე იდუღებს ყავას, დროდადრო ფანჯრიდან იყურება და იწყებს ქვითინს... და ქვითინებს, ვით მეფე ლირი, ლირი - ყველასგან მიტოვებული.

ალბათ გაინტერესებთ, ვინ არის ეს ჩემი მეგობარი? მე რომ ეს ვთქვა, მაშინ სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრის თანამშრომელი მეგი წითლიძე უნდა ჩავუშვა. მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრეთ ყველამ ძალიან კარგად: მე მეგი წითლიძეს არასოდეს ჩავუშვებ! არასოდეს!

შეიქმნა გაზდალეულთა საზოგადოების დახმარების ფონდი. გთხოვთ დაგვეხმაროთ!

11 სექტემბერი, შაბათი
დღეს არც ეკლიან მავთულხლართებში გაბლანდული მოზვერი გამოჩენილა, არც ანზორასი გამიგია რამე. მრავალხმიანი გოგონასგანაც ვასვენებ ყურებს. ჩემმა მეგობარმა მეგი წითლიძემ, რომელსაც მე არასოდეს ჩავუშვებ, უკვე კარტოფილის შეწვაც დაამხეცა მშრალ სპირტზე. ასე რომ, აშკარა პროგრესია!

მე კი დღეს საღამოს უნდა შევხვდე მარინას, რადიო თავისუფლებასთან, „მაკდონალდსის“ პირდაპირ. შეთანხმებისამებრ, უნდა ვიდგე ნახევრადმოკბეჩილი „ბიგ მაკით“ ხელში, თორემ სხვანაირად ვერ მიცნობს...

და მივდივართ ჩასაწერად. თუ, რა თქმა უნდა, ადგილზევე არ გამომიტანა განაჩენი...

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG