Accessibility links

logo-print

მოსკოვი მიიჩნევს, თბილისის სარჩელი გაეროს საერთაშორისო სასამართლომ არ უნდა განიხილოს


გაეროს საერთაშორისო სასამართლო, რომელიც მისი იურისდიქციის დასადგენად ზეპირად განიხილავს მოსკოვის წინააღმდეგ თბილისის სარჩელს, დღეს საქართველოს არგუმენტებს ისმენს. პოზიციას იმის შესახებ, რომ რუსეთის და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მის მიერ მხარდაჭერილ ხელისუფალთა მოქმედება ქართველთა დისკრიმინაცია და ეთნოწმენდაა, ჰააგის სასამართლოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი აცნობს. რუსეთის წარმომადგენლები, რომელთა არგუმენტებს ჰააგის სასამართლომ ორშაბათს მოუსმინა, საქართველოს ბრალდებას უარყოფენ. სააგენტოების როიტერისა და ასოშიეიტედ პრესის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორმა კირილ გევორგიანმა განაცხადა, რომ თბილისის სარჩელში საუბარია გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან განხორციელებულ დისკრიმინაციასა და ეთნოწმენდაზე, მაშინ როდესაც 2008 წლის 12 აგვიისტომდე, როდესაც საქართველომ ჰააგის სასამართლოში იჩივლა, მას რუსეთთან მსგავსი კონფლიქტი არ ჰქონია. მოსკოვის დელეგაცია მიიჩნევს, რომ თბილისის მიერ ხელოვნურად ინიცირებული სარჩელის განხილვა გაეროს საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას არ წარმოადგენს. თავის მხრივ, საქართველოს წარმომადგენლები რუსეთის არგუმენტებს პასუხისმგებლობის თავის აცილების მცდელობად აფასებენ. 15 სექტემბერს ჰააგის სასამართლო კვლავ რუსეთის, 17 სექტემბერს კი, კვლავ საქართველოს არგუმენტებს მოისმენს.
XS
SM
MD
LG