Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტიტუციის პროექტი ფინიშის სწორზე


კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის სხდომა
კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის სხდომა
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებათა პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ მუშაობა დაასრულა. კომისიამ გაითვალისწინა ოპოზიციური პარტიების რეკომენდაცია ორგანული კანონების შენარჩუნების, საკუთრების უფლების დაცვისა და გუბერნატორების დანიშვნის წესთან დაკავშირებით. პარლამენტი კონსტიტუციაში ცვლილებათა პროექტის განხილვას დაახლოებით ერთ კვირაში შეუდგება, მანამდე კი საბოლოო დასკვნას ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიაც გამოაქვეყნებს. რა გზა გაიარა კონსტიტუციის პროექტმა საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრამდე?

საკუთრების ხელყოფის ნებისმიერ შემთხვევაში კომპენსაცია უნდა იყოს სრული, წინასწარი და სამართლიანი ...
კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ 13 სექტემბერს თითქმის ორთვიანი მუშაობა შეაჯამა. კომისიის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული იქნა ყველა არსებითი შენიშვნა, მათ შორის დასკვნით ეტაპზე პოლიტიკური ოპონენტების მიერ გამოთქმული შენიშვნები:

„საკუთრების უფლებაში ჩანაწერი გამკაცრდება და ჩაემატება, რომ საკუთრების ხელყოფის ნებისმიერ შემთხვევაში კომპენსაცია უნდა იყოს სრული, წინასწარი და სამართლიანი. მეორე პრინციპული შეთანხმება უკავშირდება ორგანულ კანონს, რომელიც შენარჩუნდება და არ გაუქმდება. მესამე მნიშვნელოვანი საკითხია გუბერნატორების დანიშვნის მექანიზმი. კომისია შეთანხმდა, რომ გუბერანატორებს დანიშნავს არა პრემიერ-მინისტრი, არამედ მთლიანად მთავრობა.“

36 წევრისგან შემდგარმა კომისიამ მუშაობა 21 ივლისს დაიწყო. 13 სექტემბრამდე კომისიამ თითქმის ყველა მსხვილი ქალაქი და რაიონული ცენტრი მოიარა, შეხვდა საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ დემეტრაშვილის თქმით, ცვლილებათა პროექტი ხელისუფლების შტოებს შორის ძალთა ბალანსის დაცვასა და საპრეზიდენტო მმართველობიდან შერეულ მოდელზე გადასვლას ითვალისწინებს. პარლამენტში წარმოდგენილი პარტიები აყალიბებენ მთავრობას და გაძლიერებული მთავრობის საპირწონედაც პარლამენტი გამოდის:

„რაც, მაგალითად, იმაშიც გამოიხატება, რომ თუკი, მაგალითად, პრემიერ-მინისტრი შეცვლის რამდენიმე მინისტრს, - მაგალითად, ერთი მესამედით შეიცვლება მთავრობა, - ამ შემთხვევაში დღის წესრიგში დადგება ნდობის გამოცხადების საკითხი“, განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა.

იმისათვის, რომ გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, პრეზიდენტის გარდა სჭირდება პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერა (თანხმობა), რაც ასევე მნიშვნელოვანია ბალანსის თვალსაზრისით ...
კონსტიტუციაში ცვლილებათა პროექტი ასევე ითვალისწინებს მოსამართლეების უვადო დანიშვნას და ერთგვაროვან მოდელს ყველა მინისტრისთვის, ანუ ყველა მინისტრს, მათ შორის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებსაც, პრემიერ-მინისტრი წარადგენს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის თქმით, შეიცვლება საგანგებო და საომარი მდგომარეობის გამოცხადების მექანიზმიც:

„იმისათვის, რომ გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, პრეზიდენტის გარდა სჭირდება პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერა (თანხმობა), რაც ასევე მნიშვნელოვანია ბალანსის თვალსაზრისით პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილებათა შორის.“

ამასთან, პრეზიდენტი დარჩება უმაღლეს მთავარსარდლად და დანიშნავს გენერალური შტაბის უფროსს. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ, რომელიც 56 წევრისგან შედგება, კონსტიტუციაში ცვლილებათა პროექტის შექმნას თითქმის ერთი წელი მოანდომა. კონსტიტუციის შეცვლის გადაწყვეტილება კი საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა ახალი დროით და ახალი მიზნებით ახსნა. თუმცა ხელისუფლების ოპონენტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მხოლოდ კონსტიტუციის შეცვლით არაფერი შეიცვლება:

„სერიოზულად არც ამ კონსტიტუციას ვუყურებ და არც მოქმედს. ხელისუფლება არც არსებული კონსტიტუციით მოქმედებს და არც მომავლით იმოქმედებს.“

ფილოსოფოსმა კახა კაციტაძემ ეს განმარტება რადიო თავისუფლებას კონსტიტუციის პროექტის მორიგი საჯარო განხილვის შემდეგ მისცა. სხვა ოპონენტები ხელისუფლებას არასათანადო განხილვის გამო საყვედურობენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის ძირითადი კანონის განსახილველად ცუდი დრო შეირჩა, თუმცა საუბრისა და დებატების დრო დეპუტატებს კიდევ ექნებათ. პარლამენტი კონსტიტუციის პროექტის განხილვას უახლოეს ერთ კვირაში დაიწყებს. ამ დროისათვის უკვე ცნობილი იქნება ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც 15-16 სექტემბრის სხდომის შემდეგ გამოქვეყნდება. 16–17 სექტემბერს კი კომისიის წევრები საქართველოს ეწვევიან.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG