Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა


Generic – A photo of International and Russian newspapers, Prague, 17Jun2009
Generic – A photo of International and Russian newspapers, Prague, 17Jun2009
„რუსეთმა საქართველოს იურიდიული დარტყმა მიაყენა“ - ამ სათაურით ეხმიანება რუსული “გაზეტა“ ჰააგაში მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე საქმის განხილვას - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. სტატიის მიხედვით, რუსი დიპლომატები ირწმუნებიან, რომ საქართველომ იმდენი იურიდიული შეცდომა დაუშვა, რომ სასამართლოს უფლება არა აქვს განიხილოს მოსკოვის მიმართ თბილისის ბრალდებები. „გაზეტას“ წყარო ჰააგაში ელაპარაკა იმის შესახებ, თუ როგორი სასამართლო ტაქტიკა ააგო რუსეთმა.

წყაროს სიტყვებით, რუსეთის მხარის ორი მთავარი არგუმენტი ემყარება იმას, რომ საქართველო იყენებს საქმის არსის უაზრო მუხლს, ასევე უშვებს მთელ რიგ საერთაშორისო შეცდომებს, როცა პირდაპირ ჰააგის სასამართლოს მიმართავს.

”რუსეთი ამტკიცებს, რომ კავკასიური კონფლიქტის დროს საკამათო ბევრი იყო, მაგრამ არა 1965 წლის საერთაშორისო კონვენციისა და რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის თემა”, - უთხრა „გაზეტას“ ანონიმმა თანამოსაუბრემ, რომელიც ჰააგის სასამართლოსთან დაახლოებული პირია. ანუ თეორიულად შეიძლებოდა საუბარი აგრესიის უკანონო აქტსა და ძალის გამოყენებაზე, მაგრამ ამ კონვენციაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.

წყაროს სიტყვებით, რუსეთის მხარემ მეტი დოკუმენტაცია წარადგინა საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად, მათ შორის - საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 24 ივნისის წერილი მისი რუსი კოლეგის, მედვედევისადმი, სადაც ერთი სიტყვაც არაა ნახსენები 1965 წლის კონვენციის დარღვევის შესახებ.

„გაზეტაში“ ასევე ნათქვამია, რომ რუსული მხარის მტკიცებით, თავად ჰააგის სასამართლოში მიმართვის ფაქტი ბადებს ეჭვს, რადგან თბილისმა ეს განაცხდი შეიტანა მაშინ, როდესაც კონფლიქტში მარცხი აშკარა იყო, ანუ 2008 წლის 12 აგვისტოს.
„იზვესტია“ კი აქვეყნებს სტატიას, სათაურით ”ქვეყანას სჭირდება თვალ-ყური”.

სტატია ასე იწყება: დღეს 14 სექტემბერია, დმიტრი მედვედევს 45 წელი შეუსრულდა. პრეზიდენტის დაბადების დღეს „იზვესტიამ“ გადაწყვიტა გააანალიზოს, რატომ სჭირდება ქვეყანაში ელემენტარული პრობლემების გადაწყვეტასაც კი ქვეყნის მეთაურის ჩარევა. სტატიაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის პირადი მითითების გარეშე ჩინოვნიკებმა ვერ გადაწყვიტეს, მაგალითად, გაერემონტებინათ რიაზანის მე-11 სახელმწიფო საავადმყოფოს ბავშვთა ინფექციური განყოფილება. ასეთი ”ხელით მართვა” ლამის ჩვენს ტრადიციად იქცაო, წერს ავტორი.

რუსეთის პრეზიდენტად ყოფნა, ალბათ, განსაკუთრებით რთულიაო, ნათქვამია სტატიაში, რადგან არსებულ პრობლემებს ვერ ამჩნევენ ხელქვეითები. ამიტომ მედვედევი პირად მაგალითზე აჩვენებს, რომ გუბერნატორებმა უნდა იარონ მაღაზიებში და პირადად მიადევნონ თვალი პროდუქტების ფასებს.

პრობლემა მხოლოდ ის კი არაა, რომ სახელმწიფო მანქანა, სამამულო ავტონაწარმივით, სანამ არ შემოსცხებ, არ იძვრება. ჩინოვნიკები შესაძლოა პრობლემას ხედავდნენ, მაგრამ ცენტრიდან სიგნალს ელიან, ეშინიათ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება, ნათქვამია სტატიაში.

ბოლოს კი ის რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ჩამოთვლილი, რომლებიც პირადად დმიტრი მედვედევის ჩარევით განხორციელდა:

ხიმჩინსკის ტყეში ტრასის მშენებლობა შეჩერდა.

სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა დაიწყეს პლენარულ სხდომებზე დასწრება. შესწორება რეგლამენტში დისციპლინის გამკაცრებასთან დაკავშირებით სახელმწიფო სათათბირომ მას შემდეგ შეიტანა, რაც მედვედევმა გამცდენი დეპუტატები ერთ-ერთ სოციალურ ქსელში აღმოაჩინა.

წითელ მოედანზე პროფესიული ფოტოგადაღება დაუშვეს (სამოყვარულო კამერით გადაღება ნებადართული იყო, პროფესიულით კი არა).

”რუსკი ვოლფრამის” თანამშრომლებს ხელფასები მისცეს, თავად კომბინატი კი, რომელიც რამდენიმე თვე გაჩერებული იყო, ამუშავდა. დავალიანება თანამშრომლებს იმ დღესვე გაუსტუმრეს, როგორც კი ამ პრობლემის შესახებ მედვედევმა განაცხადა.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG