Accessibility links

logo-print
საბერიო-წყოუშის ადმინისტრაციული საზღვარი. რუსული საგუშაგო და სკოლის წითელი ავტობუსი, რომელიც საბერიოდან მომავალ მოსწავლეებს დღეიდან წყოუშის არასრულ საბაზო სკოლაში მიიყვანს. დღეს აფხაზეთ-სამეგრელოს საზღვარი 48 მოსწავლემ - მათ შორის, ხუთმა პირველკლასელმა - უპრობლემოდ გადაკვეთა. სკოლის დირექტორმა ვახტანგ გოგოხიამ სპორტულ დარბაზში შეკრებილ აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს წიგნები დაურიგა, საბერიოდან ჩამოსულებს კი, აფხაზეთის მთავრობის სახელით, დაჰპირდა, რომ უახლოეს ხანში სასკოლო ნივთებს და წიგნებს გადასცემს.


ზარიც დაირეკა. გაკვეთილი დაიწყო. პედაგოგი მადონა პოლიტაევა ამბობს, რომ წელს პირველ კლასში საბერიოდან გადმოსული ხუთი მოსწავლე ჰყავს.

სოფელ წყოუშის საჯარო სკოლა
”სულ თორმეტი მოსწავლე გვყავს პირველ კლასში, აქედან ხუთი საბერიოდან გადმოვიდა. მშობლებმა გვითხრეს, რომ ე.წ. საზღვარზე პრობლემები არ შეჰქმნიათ. ჩვენ ვშიშობდით, რომ პირველკლასელებს ადმინისტრაციულ სზღვარზე არ გამოატარებდნენ, რადგან ზაფხულში გავრცელდა ხმები, რომ პატარებს სწავლა საბერიოს სკოლაში უნდა დაეწყოთ და რუსული განათლება მიეღოთ. არ გამართლდა ეს ხმები და ძალიან გვიხარია, რომ ბავშვები ჩვენთან სასწავლებლად გამოუშვეს”, - გვითხრა მადონა პოლიტაევამ.

პირველკლასელების მსგავსად, ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა არც უფროსკლასელებს გასძნელებიათ. მეცხრეკლასელი ალდონა ჭანტურია ამბობს, რომ წყოუში-საბერიოს საგუშაგოსთან მყოფი რუსი მესაზღვრეები მოსწავლეებს სკოლის ადმინისტრაციისგან მიწოდებული სიების მიხედვით ატარებენ.

”საგუშაგოსთან რუსი მესაზღვრეები იყვნენ და უპრობლემოდ გამოგვიშვეს - სია ჰქონდათ. პრობლემა არც პირველკლასელებს ჰქონიათ. ადმინისტრაციულ საზღვართან სკოლის ავტობუსი დაგვხვდა”, - გვიხსნის მეცხრე კლასის მოსწავლე.

ცნობისთვის: 14 სექტემბერს გალის ხუთმხრივ შერეულ შეხვედრაზე თბილისის დელეგაციამ სოხუმის წარმომადგენლებისგან მიიღო პირობა, რომ გალელი მოსწავლეები ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთას მთელი წლის განმავლობაში უპრობლემოდ შეძლებენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG