Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემოკრატიის საერთაშორისო დღე ქართულად


2007 წლის 8 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 15 სექტემბერი დემოკრატიის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. როგორ ესმით დემოკრატია საქართველოში, რას ფიქრობენ მოქალაქეები და ისინი, ვისაც სახელმწიფოს დემოკრატიული მშენებლობა აბარია?

რა არის დემოკრატია?

- ”დემოკრატია არის ლათინური თუ ბერძნული სიტყვა და ხალხის მმართველობას ჰქვია, მაგრამ არც ერთ ქვეყანაში ამან არ გაამართლა.”

- ”პირველ რიგში, მე ვიტყოდი, რომ ეს არის არჩევნების კარგად ჩატარება. აი, ჩვენთან მაგ მხრივ, ჩვენთან ძალიან კარგად არ არის საქმე, მართლა არ არის კარგად საქმე.”

- ”თანასწორობას, თანასწორუფლებიანობას ნიშნავს, სიტყვის თქმის უფლებას ნიშნავს, შენი აზრის გამოთქმის და მასზე რეაგირების უფლებას ნიშნავს. ჩვენთან უმაღლესი დონის დემოკრატია გვაქვს ჯერჯერობით და მერე ვნახოთ, ბრჭყალებში, რა თქმა უნდა.”

- ”დემოკრატია რა არის? კაი ხილია, რა...”

ასეთი პასუხები აქვთ მოქალაქეებს, რომლებიც ქუჩაში ჩავწერეთ. ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის ”ენ-დი-აი” კვლევა, რომელიც 2010 წლის ივნისში ჩატარდა და რომლის სახელწოდებაცაა ”საზოგადოების განწყობა საქართველოში”, მოწმობს, რომ გამოკითხულ მოქალაქეთა 33 პროცენტის აზრით, საქართველოში დემოკრატიაა, 46 პროცენტს ამის არ სჯერა, 19 პროცენტი კი ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი არა აქვს.

რომ შეიძლებოდეს ჩვენი დღევანდელი ცხოვრების რაღაც იდეოლოგიურ ფორმაში მოქცევა, ეს გახლავთ ლიბერალიზმი დემოკრატიის გარეშე ...
2008 წელს, როდესაც ამერიკულმა ჟურნალმა ”ეკონომისტმა” მსოფლიო ქვეყნების მიხედვით ”დემოკრატიის ინდექსი” გამოაქვეყნა, აღნიშნული იყო, რომ მსოფლიოში, დემოკრატიზაციის ათწლიანი გლობალური ტენდენციის შემდეგ, დემოკრატიზაციის პროცესი შეჩერდა. გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა, რომელსაც, შესაძლოა, მკვეთრი და ხანგრძლივი ეკონომიკური უკუსვლა მოჰყვეს, შეიძლება მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში დემოკრატიას საფრთხე შეუქმნას.

დემოკრატიის ინდექსი 5 კატეგორიის მიხედვით დგინდება. ესენია : საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, სამოქალაქო უფლებები, მთავრობის მუშაობა, პოლიტიკური ჩართულობა და პოლიტიკური კულტურა. ამ კატეგორიების გათვალისწინებით, ქვეყნები შემდეგი ტიპის რეჟიმების მიხედვით ლაგდება: სრული დემოკრატიის მქონე ქვეყნები, არასრული დემოკრატიის, ჰიბრიდული რეჟიმები და ავტორიტარული რეჟიმები. 2008 წელს გამოქვეყნებულ ”დემოკრატიის ინდექსში” საქართველომ 104-ე ადგილი დაიკავა და ”ჰიბრიდული დემოკრატიის” სტატუსი მიიღო.

დღეს კი, საქართველოს დემოკრატიულობის მაჩვენებლის შეფასებისას, ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი დაასკვნის, რომ ქვეყნის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ საუკეთესოდ იცის რა სჭირდება საქართველოს და მის ხალხს. ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე, ხალხს, როგორც სახელმწიფოს მშენებლობის მონაწილე სუბიექტს, პრაქტიკულად ფუნქცია აქვს დაკარგული. შესაბამისად, ვიღებთ ლიბერალიზმს დემოკრატიის გარეშე, ფიქრობს ზაზა ფირალიშვილი:

”რომ შეიძლებოდეს ჩვენი დღევანდელი ცხოვრების რაღაც იდეოლოგიურ ფორმაში მოქცევა, ეს გახლავთ ლიბერალიზმი დემოკრატიის გარეშე, ანუ გვაქვს სისტემა, წყობა, რომელიც ახდენს ლიბერალური პრინციპების დეკლარირებას, მაგრამ ამ პრინციპების განხორციელება ხშირად ხდება უხეშად, არადემოკრატიული ფორმებით.”

უკანასკნელ დროს საკანონმდებლო სფეროში განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც, მაგალითად, საქართველოს პარლამენტმა 2009 წლის 9 აპრილის ქუჩის აქციების შემდეგ მიიღო „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით, ზოგიერთ უფლებადამცველს აფიქრებინებს, რომ ხელისუფლება მთლად დემოკრატიული ნაბიჯებით არ მიიწევს წინ. კანონის რამდენიმე მუხლი სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოშიც გაასაჩივრა. მაგალითად, ამ კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდაა მიჩნეული „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი და ის ნორმები, რომლებიც შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობას უკრძალავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსამსახურეებს.

ადვოკატი ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ საქართველოში, დემოკრატიის გაგების თვალსაზრისით, მოქალაქეებმა ძალიან გაუსწრეს ხელისუფლებას. ამის მაგალითად კი ქვეყანაში განსახორციელებელ საკონსტიტუციო ცვლილებებში მოქალაქეთა ჩართულობასა და ინტერესს ასახელებს:

ჯერ კიდევ გვჭირდება დინამიკური რეფორმების გატარება იმისათვის, რომ მოვახდინოთ დემოკრატიული პროცესების კონსოლიდაცია, ანუ ჩვენ ვართ სწრაფად განვითარებადი დემოკრატია ...
” გამიკვირდა, რომ ძალიან ვიწრო იურიდიული ხასიათის საკითხები, რაც კონსტიტუციონალიზმთან არის დაკავშირებული, ძალიან კვალიფიციურ კითხვებში იყო ფორმულირებული, რომელიც რეგიონებში დაუსვეს მოქალაქეებმა კომისიის წევრებს და სტუმრებს”, - ფიქრობს ლია მუხაშავრია.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი 2004 წლიდან დღემდე განხორციელებულ რეფორმებს ჩამოთვლის -მათ შორის, სასამართლო, საარჩევნო , პოლიციისა და სხვა მრავალ სფეროში - იმის დასტურად, რომ საქართველოში დემოკრატია სწრაფი ნაბიჯებით ვითარდება და ამ მხრივ ხელისუფლების კრიტიკა მთლად სამართლიანი არ არის:

”ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელმაც წარმატებული რეფორმები გაატარა და კიდევ ვატარებთ რეფორმებს, თუმცა ეს არ არის თვითკმაყოფილების საბაბი და ეს არ არის დასასრული. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ იმ წერტილში, საიდანაც უკუსვლა შეუძლებელი გახდება. ჯერ კიდევ გვჭირდება დინამიკური რეფორმების გატარება იმისათვის, რომ მოვახდინოთ დემოკრატიული პროცესების კონსოლიდაცია, ანუ ჩვენ ვართ სწრაფად განვითარებადი დემოკრატია.”
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG