Accessibility links

logo-print

ჩაის პარტია ძალას იკრებს


12 სექტემბერს, ვაშინგტონში, ჩაის პარტიის რამდენიმე ათასმა მომხრემ ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლიდან კაპიტოლიუმის ბორცვამდე მოაწყო მსვლელობა, რომლის მონაწილეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ პრეზიდენტ ობამას მმართველობით.

12 სექტემბერს, ვაშინგტონში, ჩაის პარტიის რამდენიმე ათასმა მომხრემ ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლიდან კაპიტოლიუმის ბორცვამდე მოაწყო მსვლელობა, რომლის მონაწილეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ პრეზიდენტ ობამას მმართველობით.

ამ დღეებში აშშ-ში (და არა მარტო იქ) ბევრს საუბრობენ „ჩაის პარტიაზე“ - კონსერვატიულ პოლიტიკურ მოძრაობაზე, რომელსაც გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი, მას შემდეგ ძალას იკრებს და სულ უფრო სერიოზულ კონკურენციას უწვევს მთავარ კონსერვატიულ პოლიტიკურ ძალას შეერთებულ შტატებში - რესპუბლიკურ პარტიას. სამშაბათს ჩაის პარტიამ, ალბათ, ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია, როცა დელავერის შტატიდან სენატორობის კანდიდატად ნომინაციისათვის ბრძოლაში ჩაის პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კრისტინ ოდონელმა დაამარცხა გამოცდილი რესპუბლიკელი კონგერსმენი, მაიკ კასელი. და ეს მხოლოდ ერთ-ერთია წარმატებებიდან, რომლებიც ჩაის პარტიამ ბოლოხანს მოიპოვა.

მიმდინარე წლის ნოემბერში შეერთებულ შტატებში გაიმართება შუალედური არჩევნები, რომლებმაც წარმომადგენელთა პალატის წევრების, სენატორებისა და გუბერნატორების ნაწილის ვინაობა უნდა გაარკვიოს. მანამდე კი, ამ ქვეყანაში დამკვიდრებული ტრადიციით, შიდაპარტიული არჩევნები, ანუ პრაიმერები იმართება - წელს რესპუბლიკური პარტიის ძირითადი, ზომიერი კურსის მომხრე ნაწილისთვის შემაშფოთებელი შედეგებით.

რესპუბლიკელების კონსერვატიულმა ფრთამ, ზემოხსენებულმა მოძრაობა ჩაის პარტიამ რამდენიმე პრაიმერში დაამარცხა რესპუბლიკელების მეინსტრიმი. სამშაბათს ასე მოხდა ნიუ-იორკის გუბერნატორობის კანდიდატის ასარჩევად გამართულ პრაიმერში და ასე იყო დელავერის შტატში: კრისტინ ოდონელმა, რომელიც მარკეტინგის საკითხების კონსულტანტად მუშაობს და ნამდვილად არ მიეკუთვნება გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეების რიცხვს, სენატორობის კანდიდატის ასარჩევ პრაიმერში დაამარცხა გამოცდილი რესპუბლიკელი კონგრესმენი, მაიკ კასლი.

გამარჯვების აღსანიშნავად მომხრეების წინაშე გამოსვლისას, კრისტინ ოდონელმა მიზნად დაასახელა „ამერიკის აღდგენა“:
„ჩვენ მძიმე შრომა გავწიეთ აქამდე მოსასვლელად. ამის გამო უზომოდ მადლიერი ვარ თქვენი! ქალბატონებო და ბატონებო, დელავერის ხალხმა თავისი სიტყვა თქვა! აღარ გვინდა ჩვეულებრივი პოლიტიკა!“

ჩაის პარტია, უწინარეს ყოვლისა, გადასახადების შემცირებას მოითხოვს და აერთიანებს კონსერვატიული და ლიბერტარიანული შეხედულებების ხალხს, რომელსაც სჯერა, რომ შეერთებულ შტატებში სახელმწიფო ზედმეტად ბევრ ფუნქციას ასრულებს და ამით ინდივიდების თავისუფლებას ზღუდავს.

სახელწოდება მომდინარეობს შეერთებული შტატების ისტორიის ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობის მოვლენიდან, რომელსაც „ბოსტონის ჩაის სმას“ უწოდებენ - Boston Tea Party. 1773 წელს ამერიკელი აქტივისტები ინგლისური კომპანიის გემებზე ავიდნენ და ზღვაში მოისროლეს ჩაით სავსე ყუთები - ბრიტანეთის მიერ დაწესებული გადასახადების წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად. ამ მოვლენას ეწოდა (გარკვეული სარკაზმის გამოყენებით) „ბოსტონის ჩაის სმა“ - Boston Tea Party. სიტყვა Party კი ინგლისურად წვეულებასაც ნიშნავს და პარტიასაც. ამიტომ შეარჩიეს Tea Party, ანუ ჩაის პარტია თავიანთი მოძრაობის სახელწოდებად გადასახადების თანამედროვე ამერიკელმა მოწინააღმდეგეებმა.

სამშაბათამდე გამართული პრაიმერების შედეგად, ჩაის პარტიის მხარდაჭერის მქონე კანდიდატებმა გაიმარჯვეს რამდენიმე შტატში და ეს ეხება როგორც სენატორობის, ისე წარმომადგენელთა პალატის წევრობისა და გუბერნატორობის კანდიდატების გამოსავლენ არჩევნებს.

რესპუბლიკური პარტიის მიზანია, ისარგებლოს შეერთებულ შტატებში ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობით გამოწვეული უკმაყოფილებით და, ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად, უმრავლესობა მოიპოვოს კონგრესის ორივე პალატაში. მაგრამ მიზნის მიღწევა შესაძლოა, ჩაის პარტიის წარმატებებმა გაართულოს: რესპუბლიკელების ლიდერები შიშობენ, რომ მათი პარტიის ამომრჩევლები, რომლებიც ზომიერ კურსს ემხრობიან, არ მისცემენ ხმას, ბევრის თვალში, მეტისმეტად კონსერვატიული ჩაის პარტიის კანდიდატებს.

გამართლდება თუ არა ეს ვარაუდი, ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ შევიტყობთ.
XS
SM
MD
LG