Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენერგოპროექტი, რომელიც „საბრძოლველად“ ღირს


მარცხნიდან: მიხეილ სააკაშვილი, ილჰამ ალიევი და ტრაიან ბასესკუ
მარცხნიდან: მიხეილ სააკაშვილი, ილჰამ ალიევი და ტრაიან ბასესკუ
14 სექტემბერს სამი ქვეყნის - აზერბაიჯანის, რუმინეთისა და საქართველოს - პრეზიდენტებმა ბაქოში ძალიან მცირე ხანი დაყვეს, თუმცა საკმაოდ გრძელვადიანი პროექტის რეალიზებას მისცეს სტარტი. ილჰამ ალიევი, ტრაიან ბასესკუ და მიხეილ სააკაშვილი შეთანხმდნენ დეკლარაციაზე, რომელშიც, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, ყველა შემდგომი ნაწილი დეტალურად არის გაწერილი.

„ხელი ეწერება პრეზიდენტებს შორის დეკლარაციას, სადაც გაწერილი იქნება არა მარტო პოლიტიკური მხარდაჭერა ამ პროექტის მიმართ, არამედ ის ძირითადი დეტალები, რაც გახდება უკვე სახელმძღვანელო შემგდომი ნაბიჯებისთვის და კომპანიებს შორის ერთობლივი საწარმოს დაფუძნებისთვის.“

პროექტის თანახმად, აზერბაიჯანის გაზი საქართველოში გათხევადდება და სპეციალური გემებით გაიგზავნება რუმინეთის პორტ კონსტანცაში, სადაც ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდება და რუმინეთისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების მომხმარებლებს მიეწოდება. როგორც საქართველოს „ექსპერტთა კლუბის“ წევრი გია ხუხაშვილი ამბობს, პროექტი პერსპექტიულია და მისი განხორციელებისათვის კარგი წინაპირობები არსებობს:

„ეს პროექტი ტექნოლოგიურად ახალი ტიპის პროექტია, რომელიც ნაკლებად საჭიროებს ინფრასტრუქტურის განვითარებას ზღვის გავლით, ზღვაში მილების ჩაყრას. თანაც, საქმე ამ მხრივ წინ არის წაგდებული - ყულევში უკვე არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელსაც შეუძლია მიიღოს ეს გაზი, გადაამუშაოს და ჩატვირთოს გემებზე.“

გია ხუხაშვილის დაკვირვებით, ახალი ენერგეტიკული პროექტი სამივე ქვეყანას და, პირველ ყოვლისა, საქართველოს, მნიშვნელოვან ეკონომიკურ და სოციალურ სარგებელს მისცემს:

„შემოსავალი [ტრანსპორტირების] რგოლით იქნება საკმაოდ მაღალი და შემდგომში გემებში გაზის ჩატვირთვაც გარკვეულ შემოსავალს, უფრო სერიოზულ შემოსავალს უკავშირდება, ვიდრე ეს არის ჩვეულებრივი გაზსადენით ტრანსპორტირების დროს.“

აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის სფეროში თანამშრომლობა საქართველოს ეკონომიკისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ამაზე ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ნავთობ-გაზის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელდარ შირიევმა:

„საქართველოსათვის ექსპორტირებული გაზის მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება. 2007 წელს საქართველოში ჩვენი 251 კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განვახორციელეთ, 2008-ში - 265 ათასი, 2009 წელს 401 ათასი კუბური მეტრი გაზისა. 2010 წელს კი ჩვენ საქართველოში 600 ათასი კუბური მეტრი გაზის ექსპორტს ვგეგმავთ.“

რაც შეეხება ბაქოში 14 სექტემბერს გაფორმებულ შეთანხმებას, ვიდრე აზერბაიჯანის გათხევადებული გაზი საქართველოსა და რუმინეთის გავლით ევროპის ბაზრებს მიაღწევდეს, ერთობლივი კომერციული სტრუქტურების ბაზაზე კონსორციუმის დაარსების გარდა, საჭიროა ფინანსური დასაბუთება და ინვესტიციების მოზიდვა. „ექსპერტთა კლუბის“ წევრის გია ხუხაშვილის ინფორმაციით, თუკი ინვესტორები არ იჩქარებენ მის დაფინანსებას, შესაძლოა პროექტმა დაკარგოს მიმზიდველობა ანდა რუსეთი შეეცადოს ტრადიციული გზით ხელი შეუშალოს მის რეალიზებას:

„ის [რუსეთი] უკვე მოქმედებს ამ მიმართულებით. აზერბაიჯანს ეუბნება, მე მზად ვარ შენი რესურსი ნებისმიერ ფასად შევისყიდო, ყოველგვარი დამატებითი ინვესტიციების გარეშეო. გარდა ამისა, პოტენციურ მომხმარებელს შეუძლია კიდევ რაღაც ალტერნატიული წინადადებები შესთავაზოს და, გარდა ამისა, გაზარდოს პოლიტიკური რისკები საქართველოს ტერიტორიაზე, რითაც დააფრთხობს ინვესტორს.“

ბაქოში შეთანხმებული პროექტის პოტენციურ ინვესტორებად კი ითვლებიან ევროპის ქვეყნები, რომლებიც ბაქო-თბილისი-კონსტანცას მარშრუტით - რუსეთის გვერდის ავლით - შეძლებენ ბუნებრივი აირის მიღებას. სავარაუდო პროექტის რეალიზებას რამდენიმე მილიარდი დოლარი და ორი-სამი წელი დასჭირდება. ერთობლივი კონსორციუმის დაფუძნების შესახებ შეთანხმებას ბაქოში 14 სექტემბერს აზერბაიჯანულმა „სოკარმა“, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ და რუმინულმა „რუმგაზმა“ მოაწერეს ხელი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG