Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკოლა


ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გთავაზობთ შესაბამის ეპიზოდს სერიალიდან “ქართველიშვილები”. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად მოგახსენებთ, რომ აქ აღწერილი ამბები და გმირები გამოგონოლია და მათ საერთო არაფერი აქვთ სინამდვილესთან. ბუნებრივია, ეს ეხება ოჯახის გვარსაც, რომელიც აღებულია მხოლოდ მხატვრული მოსაზრებით. პერიოდულად შემოგთავაზებთ სერიალის სხვა ეპიზოდებსაც.

ჩემი სახელია გიორგი ქართველიშვილი. მე ვცხოვრობ თბილისში. თბილისი არის მზიური საქართველოს დედაქალაქი. ის მდებარეობს მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზე. მამაჩემი მესაფლავეა. ეს ძალიან სასარგებლო სამუშაოა, რადგან რამდენი ადამიანიც იბადება, ზუსტად იმდენივე კვდება. დედაჩემი ფოსტალიონია. ესეც ძალიან სასარგებლო სამუშაოა, რადგან ის ყოველდღე, კვირის გარდა, ურიგებს მოსახლეობას გაზეთებს (ამ გაზეთებს ჩვენი ოჯახი ტუალეტშიც იყენებს), წერილებს და სიხარულს. ჩემი და ხუთი წლის არის და ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით, როცა საწოლშია. ის ყოველდღე დადის კიროვის სახელობის საბავშვო ბაღში. მე ვსწავლობ 1372ა საშუალო სკოლის მეექვსე-მესამე კლასში. მე ყველა საგანში ფრიადი მაქვს ფიზკულტურის გარდა, იმიტომ რომ, ფორმის მაისურს ნახვრეტი აქვს. თუ ფრიადოსანი გავხდები, მამა ფერად რადიოს მიყიდის. მე ყველა პედაგოგი მიყვარს, განსაკუთრებით კი ინგლისურის მასწავლებელი დებორა კარლოვნა; იმიტომ რომ, მას ყველაზე მოკლე კაბა აცვია და არც ულვაშები აქვს. ოჯახში ჩვენი ყველაზე საყვარელი საჭმელია მარილიანი მოხარშული მაკარონი, ხოლო ჩემი საყვარელი ხილია კიტრი, იმიტომ რომ, როგორც დედაჩემი ამბობს, მასში ბევრი ვიტამინია და თანაც გარეგნულად ძალიან ჰგავს ბანანს. ჩვენ ცხრასართულიანი სახლის ბოლო სართულზე ვცხოვრობთ და როცა წყალი არ მოდის, სახურავიდან ვაგროვებთ ხოლმე. ჩვენ გვაქვს ერთნახევარი ოთახი და პატარა აივანი. აივანს ზამთრობით მაცივრად ვიყენებთ, ზაფხულობით – კურორტად. გასული კვირაც ისევე კარგად გავატარე, როგორც ყველა სხვა. დედა სახლში დარჩა და სადილისთვის მაკარონის ხარშვა დაიწყო, მამამ კი მე და ჩემი და ვაკის პარკში წაგვიყვანა. პარკის კიბეებზე შემხვდა სკოლის ამხანაგი (ალბათ ისიც ახლა ჩემსავით წერს თემას: ”როგორ გავატარე ეს კვირა”), რომელმაც პირიდან კევი გამოიღო და ნახევარი მიწილადა. ხუთი წუთის ღეჭვის შემდეგ კევის ნახევარი ჩემ საყვარელ დაიკოს გავუყავი. ატრაქციონებთან რომ მივედით, კარუსელის გამშვები აღმოჩნდა მამის კლასელი, რომელიც 23 წელი არ ჰყავდა ნანახი. მათ ისე გაუხარდათ ერთმანეთის ნახვა, რომ კარუსელის ძიამ სხვა ბავშვები გაყარა კარუსელიდან და მხოლოდ მე და ჩემ დას ჩაგვირთო; თვითონ კი არყის დასალევად პარკის კაფესკენ გაემართნენ. კარუსელზე ორნახევარი საათის ტრიალის შემდეგ ჩემ დას ღებინება დააწყებინა. ოთხი საათის შემდეგ მეც იგივე პროცესი დამეწყო. საბედნიეროდ ჩვენი ტანჯვის მეხუთე საათზე დენი გამოირთო. უკვე საკმაოდ ბნელოდა, მაგრამ ჩვენ მაინც მოვახერხეთ მამაჩემის და მისი ამხანაგის პოვნა. მათ ეძინათ ახლომდებარე ბუჩქებში საკუთარი ნარწყევის და არყის ბოთლების გარემოცვაში. ჩვენ გავაღვიძეთ მამა და სახლში წავედით. დედას ძალიან გაუხარდა ჩვენი დანახვა და ყველანი ძალიან ბედნიერები ვიყავით. სანამ ცივ მაკარონს მივირთმევდით, რადიოში ვუსმენდით მეორე დღის ტელე-პროგრამას. აი, ასე საინტერესოდ გავატარე ეს კვირა დღე.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG